ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„პლანეტა რიდმორი“-ს გამარჯვებული: „ყველანაირ წიგნებს ვკითხულობ, ყველა ჟანრის, ეპოქის, კულტურის წარმომადგენელი ავტორები მაინტერესებს“

„პლანეტა რიდმორი“-ს გამარჯვებული: „ყველანაირ წიგნებს ვკითხულობ, ყველა ჟანრის, ეპოქის, კულტურის წარმომადგენელი ავტორები მაინტერესებს“
25 ივლისი, 2016
„პლანეტა რიდმორი“-ს გამარჯვებული: „ყველანაირ წიგნებს ვკითხულობ, ყველა ჟანრის, ეპოქის, კულტურის შემეცნებითი პროექტი „პლანეტა რიდმორი“ დასრულდა. პროექტის გამარჯვებული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ნათია გოგიჩაიშვილი გახდა. მან კონკურსის ფინალში ყველაზე მეტი _ 48 ქულა მოიპოვა. გამარჯვებულს გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ მიერ დაწესებული მთავარი პრიზი _ 1000 ლარი გადაეცა.
პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად ახორციელებენ.
დაჯილდოების ცერემონიალი 23 ივნისს გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის სპეციალური პრიზებით პროექტის ათივე ფინალისტი დაჯილდოვდა.
საერთო რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალში შეხვდა. პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა ტურის ლიდერი, რომელიც სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა, კონკურსის ფარგლებში ჩატარდა 5 ონლაინ ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც პრიზებს და დამატებით 2 ქულას იღებდნენ.
პროექტის გამარჯვებული კონკურსის მიმდინარეობის შესახებ საუბრობს.
_ თქვენ შესახებ რომ გვიამბოთ ... რა არის ის მთავარი მონაპოვარი, რაც უნივერსიტეტისგან მიიღეთ და „პლანეტა რიდმორამდე“ უნივერსიტეტის სხვა პროექტებშიც თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
_ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ვარ, ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაშიც აქვე ვსწავლობდი. უნივერსიტეტი ისევე მიყვარს, როგორც, დარწმუნებული ვარ, ყველა სტუდენტს.
აქ ბევრი რამ ვისწავლე. არ ვგულისხმობ მხოლოდ პროფესიულ საკითხებს. უნივერსიტეტში მუშაობენ ადამიანები, რომელთაც ძალიან ბევრი გაუკეთებიათ ჩემთვის და სხვა სტუდენტებისთვის და რომელთა აღმოჩენასაც სწორედ უნივერსიტეტს ვუმადლი. უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ სხვა პროექტებში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ისინი განსხვავებული იყო. „პლანეტა რიდმორის“ ტიპის კონკურსში პირველად ჩავერთე. როგორც გავიგე, წინა წლებშიც ჩატარებულა, მაგრამ არ ვიცოდი ამის შესახებ.
_ რატომ ჩაერთეთ „პლანეტა რიდმორის“ კონკურსში?
_ როდესაც კონკურსის შესახებ გავიგე, ბევრი კუთხით დამაინტერესა. მინდოდა, საკუთარი თავი გამომეცადა. მით უმეტეს, კონკურსი წიგნებს ეხებოდა (კითხვა ძალიან მიყვარს), თანაც ის გამომცემლობა იყო ჩართული, რომელსაც დიდი ხანია ვგულშემატკივრობ და მიყვარს.
_ რამდენად რთული იყო ამ პროექტში მონაწილეობა და ზოგადად, როგორ გაიხსენებ პროექტის მიმდინარეობას დასაწყისიდან ბოლო დღემდე?
_ პროექტში მონაწილეობა რთული იმ მხრივ იყო, რომ გვჭირდებოდა წიგნების არა მხოლოდ წაკითხვა, არამედ, ფაქტობრივად, დამუშავება. მეც და სხვებიც ტექსტებიდან ვინიშნავდით ინფორმაციას, უნდა დაგვემახსოვრებინა ფრაზები, შინაარსის დეტალები. რამდენადაც უფრო საინტერესოა წიგნი, იმდენად მეტი წვრილმანია ყურადღებამისაქცევი და სასწავლი. მაგალითად, საფინალო წიგნი _ ენდი უირის „მარსელი“ _ სავსე იყო ტექნიკური დეტალებით, ქიმიისა და ფიზიკის ფორმულებით.
საკონკურსო წიგნების უმეტესობა ფენტეზის ჟანრის იყო, სადაც მრავლად გვხვდებოდა გამოგონილი საკუთარი სახელები, ტერმინები, ცნებები... გვჭირდებოდა, გვცოდნოდა ყველა წვრილმანი, რომ გვეპასუხა ღია და დახურულ კითხვებზე, შეგვევსო კროსვორდები...
მაგრამ, ამ სირთულეს აბათილებდა აზარტი, რითიც, ალბათ, ყველა მონაწილე იყო სავსე. ყოველთვის მოუთმენლად ველოდი ტესტირების დღეებს. ტურებზე ყველას ეტყობოდა ხალისი და დიდი ინტერესი.
საბოლოოდ, კონკურსი ძალიან კარგად მახსენდება თავიდან ბოლომდე, რისთვისაც დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომლებმაც ასე გულმოდგინედ მოამზადეს ყველაფერი.
_ შერჩეული წიგნებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა?
_ ათივე ტურისთვის მრავალფეროვანი და ძალიან კარგი წიგნები იყო შერჩეული. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც ურსულა ლე გუინის „წყვდიადის მარცხენა ხელი“ მომეწონა. ასევე არაჩვეულებრივია დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“, მაგრამ ეს წიგნი მანამდეც მქონდა წაკითხული და ამიტომ უშუალოდ კონკურსის მიმდინარეობისას „წყვდიადის მარცხენა ხელმა“ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება.
_ თავისუფალ დროს, დამოუკიდებლად, რა წიგნებს კითხულობ და რა მოგწონს?
_ ყველანაირ წიგნებს ვკითხულობ, ყველა ჟანრის, ეპოქის, კულტურის წარმომადგენელი ავტორები მაინტერესებს. მიყვარს საბავშვო ლიტერატურაც და ზრდასრულებისთვის დაწერილი ნაწარმოებებიც. არ აქვს მნიშვნელობა მიმდინარეობასა და თემატიკას, კარგი ავტორის წიგნი ყოველთვის კარგი წასაკითხია.

სხვა სტატიები »