ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

როცა წინაღობებს არ უშინდები

როცა წინაღობებს არ უშინდები
25 ივლისი, 2016
გურანდა ჯამათაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც საკუთარი მაგალითით ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს და თუ მოინდომებ, საქართველოში არსებულ საკმაოდ შეზღუდულ გარემოშიც კი, რთული მიზნების მიღწევა შეგიძლია. ის პირველი მეცნიერებათა დოქტორია, რომელმაც ბოლო პერიოდში თსუ-ში დისერტაცია დაიცვა ისე, რომ მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ შეუშინდა. დღეს იგი საკუთარ გამოცდილებაზე თავად საუბრობს.
„დოქტორანტურისკენ მიმავალი ჩემი გზა ავლაბარში მდებარე უსინათლო სკოლა-ინტერნატიდან იწყება, მაშინ ასე ერქვა ახლა, კი 202-ე სკოლა პანსიონია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1992 წელს დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე ჩავაბარე და 1997 წელს ინგლისური ენის ლიტერატურის სპეციალობით დავამთავრე. რამდენიმე წელი პაუზა მქონდა და უკვე 2002 წლიდან სკოლაში, რომელიც დავამთავრე, მუშაობა დაივწყე. თავდაპირველად, წრის ხელმძღვანელი ვიყავი, 2008 წლიდან უკვე მასწავლებელი ვარ.
2010 წელს დოქტორანტურაში ჩავაბარე განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე, ახლა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტია და გასულ კვირას დავამთავრე.
ჯერ კიდევ, ბაკალავრიატზე ჩაბარების პროცესში, ძალიან ბევრი პრობლემა და სირთულე არსებობდა,რთული იყო მისაღები გამოცდების ჩაბარება, მჭირდებოდა ვინმე, რომელიც წამიკითხავდა და მიკარნახებდა მასალას. ამიტომ გამოცდებზე კარგი შედეგები ვერ ვაჩვენე.
უშუალოდ სწავლის პროცესში, განსაკუთრებით, ბევრ პრობლემას წავაწყდი. ბრაილის შრიფტით არაფერი იბეჭდებოდა, მასალა არ არსებობდა. მაშინ ქსეროქსიც კი არ იყო, გვქონდა ერთი ხელნაწერი კონსპექტი და იმით ვმეცადინეობდით მე და ჩემი ჯგუფელები ლექციებისთვისაც და გამოცდებისთვისაც. ისინი ძალიან მეხმარებოდნენ. სწორედ მიზეზით არ ვიყავი კმაყოფილი, რადგან ვთვლიდი, რომ მეტი შემეძლო.
სკოლაში, სადაც ვასწავლი, სერიოზული პრობლემები ბოლო ორი წელია მოგვარდა. სახელმწიფომ ყველა საგანში დაგვიბეჭდა წიგნები. ადრე, ფაქტობრივად, წიგნებს ჩვენ ვწერდით. დაახლოებით, ორი წელია რაც სახელმწიფომ დაბეჭდა წიგნები მანამდე ხელით ვწერდით სახელმძღვანელოებს. ახლა კომპიუტერი გვაქვს, სადაც ჩაწერილია ხმოვანი პროგრამები და ეს ბევრად გვიმარტივებს სწავლების პროცესს.
რაც შეეხება, დოქტორანტურას, ჩაბარების პროცესში სირთულე შემიქმნა შიდა გამოცდებმა, რომელიც დღემდე მოუგვარებელია. მაგალითად, მე მომიწია ინგლისურის B2 დონის ჩაბარება ზეპირად, სადაც არათანაბარ პირობებში ვიყავი იმათთან, ვინც ტესტს წერდა. ჩემზე მეტი ქულები მიიღეს მათ, ვისაც ჩემზე ნაკლები ცოდნა ჰქონდა,რადგან როდესაც გამოცდა ზეპირია და კითხვებს გისვამენ, ბუნებრივია, რაც არ უნდა დიდი გამოცდილება ჰქონდეს სპეციალისტს, მაინც დამთრგუნველია.
დისერტაციის წერა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემით ავკრიფე ტექსტი და მოვიძიე მასალები, ძალიან გამიჭირდა. არ არის შესაბამისი წიგნების ელექტრონული ვერსიები, არ გვაქვს წვდომა საერთაშორისო ბაზებთან. ლიტერატურა დამჭირდა ისეთი, რომელიც ბიბლიოთეკაში კი არის, მაგრამ იქ მჭირდება გვერდით ვინმე, ვინც მიკარნახებდა.
მე ვიცი, რომ სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებიც ტექნიკურ მხარეებს უგვარებს სტუდენტებს. მაგალითად, დაკაბადონების პროცესში ვიზუალურ ნიუანსებს მე თვითონ ვერ ვასწორებდი და სხვისთვის თხოვნა მიწევდა. გვაქვს ასევე, რეცენზიის თარგმანის პრობლემები. გვჭირდება ნოტარიუსით დამოწმება, იქ კი თარჯიმანი სწორად ვერ თარგმნის და ა.შ.
სწავლის პროცესი სასიამოვნო იყო, ფაკულტეტზე ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ ჩემ მიმართ. დაცვის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვინერვიულე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რაც პირველ რიგში, ჩემი ხელმძღვანელის ქეთევან ჭკუასელისა და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც მისმენდნენ და სვამდნენ საინტერესო კითხვებს ჩემს ნაშრომთან დაკავშირებით.
ჩემი დისერტაციის თემა იყო უცხო ენის შესწავლის თავისებურებანი უსინათლო ბავშვებთან. თემაში მიმოვიხილე განათლების ისტორია, წარმოვადგინე თანამედროვე მოდელები, სადაც ჩანს თუ როგორი სერიოზული და პრიორიტეტულია სხვა ქვეყნებში ამ პრობლემების მოგვარება. გარდა ამისა, კვლევის პროცესში შემთხვევითი შესწავლის მეთოდი გამოვიყენე და შესაბამისი რეკომენდაციები გავეცი მასწავლებლებისთვის. დაცვის დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მე ძალიან მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ყოველთვის დიდი მიჯაჭვულობა მაქვს მასთან“.

სხვა სტატიები »