ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უწყვეტი განათლება - მათთვის, ვისაც ახალი უნარების შეძენა სურს

უწყვეტი განათლება - მათთვის, ვისაც ახალი უნარების შეძენა სურს
25 აპრილი, 2016
თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც შრომითი ბაზრის მოთხოვნები მუდმივად ცვალებადია, განსაკუთრებული მოთხოვნები გაჩნდა განათლების სისტემის მიმართ, ადამიანს ნებისმიერ ასაკში მარტივად უნდა შეეძლოს მისთვის საჭირო კვალიფიკაციის ან გადამზადების მიღება მისთვის ხელსაყრელ დროს. სწორედ ამის გამო ბოლონიის პროცესმა გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა განათლების სფეროში და დაიწყო უწყვეტი განათლების კონცეფციის დანერგვა. ბოლონიის პროცესის თანახმად უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა უნივერსიტეტების მისიებისა და სტრატეგიების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
მას შემდეგ, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება #14–ით (19–03.2007) დამტკიცებული უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ–ერთი ძირითადი სტრატეგიული მიზნად თსუ–ში უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა დასახელდა, 2009 წელს უკვე ოფიციალურად შეიქმნა აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი.  
ცენტრის ძირითადი ამოცანა უნდა ყოფილიყო უწყვეტი განათლების პროგრამების შემუშავება, საუნივერსიტეტო და ფართო საზოგადოებისათვის. 2013 წელს ცენტრს შემოუერთდა აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება, 2015 წელს კი საბავშვო უნივერსიტეტიც, რის შემდეგაც ცენტრის სამიზნე აუდიტორის ასაკობრივი სპექტრიც გაიზარდა და საზოგადოებისათვის შეთავაზებული პროგრამების და ღონისძიებების მოცულობაც. 2015 წლიდან ცენტრს ეწოდება უწყვეტი განათლების ცენტრი.
უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ შემუშვებული პროგრამები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: შიდა საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლება და უწყვეტი განათლება ფართო საზოგადოებისათვის.
შიდა საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლება მიზნად ისახავს თსუ–ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, სამსახურში ახლადაყვანილი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებას. ასევე უნივერსიტეტის ფარგლებში სტუდენტთათვის სხვადასხვა სახის დამატებითი საგანმანათლებლო ღონისძიების შეთავაზებას.  
თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის გია მამულაშვილის ინფორმაციით, ფართო საზოგადოებისათვის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების პროგრამების შეთავაზებისას, პირველ რიგში  საქართველოში არსებული დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ. შესაბამისად ჩვენი კურსები გარკვეული დარგობრივი და/ან ზოგადი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული და მათი სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია უნივერსიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
აბიტურიენტებს და მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებს ვთავაზობთ ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებს.
ძალიან საინტერესო პროგრამებს და ღონისძიებებს ვთავაზობთ სკოლის მოსწავლეებს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში. დაინტერესებულ მოსწავლეებს შეუძლიათ დაესწრონ მუდმივმოქმედ ნორჩთა სკოლების ლექციებს.
სულ მალე ჩვენთან შესაძლებელი გახდება უცხო ენების შესწავლა.
ტარდება საჯარო ლექციები სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემატურ და საინტერესო საკითხებზე, რომლებსაც მაღალკვალიფიციური და საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი მომხსენებლები უძღვებიან. ვგეგმავთ, რომ საჯარო ლექციებს უფრო სისტემატური სახე მიეცეს“. - ამბობს გია მამულაშვილი
პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია თსუ-ის ოფიციალური ვებგვერდის უწყვეტი განათლების გვერდზე. ასევე ფეისბუქზე: თსუ უწყვეტი განათლება/TSU LLL.
ამჟამად,მიმდინარეობს რეგისტრაცია : ინგლისურის,გერმანულისა და ფრანგული ენის სასერთიფიკაციო კურსებზე. ასევე სთავაზობს შემდეგ ტრენინგ კურსებს : „მეცნიერება და ინტერკულტურული კომუნიკაცია გერმანიაში“, „ტრენერების ტრენინგი დამწყებთათვის“, Excel-ის შემსწავლელ და  კომპიუტერული პროგრამის SPSS for Windows-ის გამოყენებით მონაცემების დამუშავებისა და სტატისტიკური ანალიზის კურსებს დამწყებთათვის.
ბატონი გიას განცხადებით,  „ჩვენთან თანამშრომლობა საინტერესო და სასარგებლოა მრავალი მიზეზის გამო; პირველ რიგში ამას განაპირობებს ფაქტი, რომ ჩვენი კურსების შექმნისას საუნივერსიტეტო სივრცეში დაგროვილი ხანგრძლივი სასწავლო თუ კვლევითი გამოცდილებაა გამოყენებული; ჩვენი პედაგოგები გამოირჩევიან მაღალკვალიფიციურობით. ჩვენ ძალიან მყუდრო და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით აღჭურვილ სასწავლო გარემოს ვთავაზობთ საზოგადოებას საუკეთესო ადგილას, რამდენადაც ჩვენი ცენტრი თსუ პირველი კორპუსის ბაღში მდებარეობს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომ უნდა მოგვმართოთ ისიცაა, რომ ჩვენ სპეციალურად თქვენთვის, თქვენი სპეციფიური მოთხოვნების გათვალისწინებითაც შეგვიძლია ახალი პროგრამების შექმნა. კურსების დასრულებისას გაიცემა საუნივერსიტეტო სერტიფიკატები“. - ამბობს მამულაშვილი .

სხვა სტატიები »