ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ვარშავის უნივერსიტეტმა საუკეთესო სტუდენტის ნომინაციაზე თსუ კურსდამთავრებული წარადგინა

ვარშავის უნივერსიტეტმა საუკეთესო სტუდენტის ნომინაციაზე თსუ კურსდამთავრებული წარადგინა
27 იანვარი, 2015
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებული თინათინ ახვლედიანი, ვარშავის უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის ერთ-ერთ კანდიდატურად წარადგინა. კონკურსში „ინტერსტუდენტი 2014“  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის  22 000 უცხოელი ნომინანტია წარდგენილი, საიდანაც ჟიურის მიერ  სამი საუკეთესო  შედეგის მქონე სტუდენტი დაჯილდოვდება. სპეციალურ პრიზს მიიღებს ინტერნეტ-არჩევნების გამარჯვებულიც. კონკურსის მონაწილეებიდან საკუთარი ფავორიტის შერჩევა სტუდენტებსა და აკადემიური პერსონალის წარმოამდგენლებს  საარჩევნო გვერდზე ხმის მიცემით 15 იანვრამდე შეეძლოთ.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ვარშავის უნივერსიტეტში ერაზმუს-მუნდუსის სტიპენდიასთან ერთად მომენიჭა „დაადის“ ორწლიანი სამაგისტრო  სტიპენდია  და „ღია საზოგადოების“ სამაგისტრო სტიპენდია ბუდაპეშტში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სასწავლებლად. მიუხედავად ამისა, მე უარი ვთქვი გერმანიასა და უნგრეთში გამგზავრებაზე და ჩამოვედი პოლონეთში. პირველ რიგში იმიტომ, რომ აღფრთოვანებული  ვიყავი სამაგისტრო პროგრამაში საერთაშორისო ეკონომიკაში შემოთავაზებული კურიკულუმით. გარდა ამისა, მინდოდა მეცხოვრა ქვეყანაში, რომელიც ასე კარგად, სწრაფად და დინამიურად ვითარდება. ვარშავაში ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ, ევროპის სხვა ქვეყნებში ცხოვრებასთან შედარებით, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქალაქს და ქვეყანას ყველაფერი აქვს კომფორტის, ჯანმრთელობის და ბედნიერებისთვის. მათ შორის, ჯანმრთელი სამზარეულო, მწვანე გარემო და ძალიან ხელმისაწვდომი ფასები. გარდა ამისა, მე მიყვარს პოლონელები, რომლებიც ძალიან კარგი და მხარში დამდგომი ხალხია და სადაც ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე... ვარშავის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ძალიან მაღალი დონის  სკოლაა, რომელიც ძალზე ბევრ მუშაობას მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდაც ბევრს იძლევა. მიყვარს და ვაფასებ ჩემს პროფესორებს, რომლებმაც მომცეს ძალზე ღირებული ცოდნა, რომელიც გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიული განვითარებისთვის.“ - ასეთი კომენტარი ჰქონდა საკუთარ თავსა და პოლონეთში სწავლების შესახებ თინათინ ახვლედიანს ინტერნეტ-არჩევნებისთვის შექმნილ  გვერდზე.

 ცნობისთვის, პოლონეთში 40 ათასამდე საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. პოლონეთის უნივერსიტეტებმა „ინტერსტუდენტის“ კონკურსის ნომინანტებად კი 120 სტუდენტი დაასახელეს. მათ შორის სტუდენტები: უკრაინიდან, ბელორუსიდან, ინდოეთიდან, ალბანეთიდან, ჩინეთიდან, ჰაიტიდან, მალაიზიიდან, ყაზახეთიდან, ბრაზილიიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, გერმანიიდან, ლიტვიდან, პორტუგალიიდან, პაკისტანიდან, რუმინეთიდან, სერბეთიდან, იაპონიიდან, ეგვიპტედან, ესტონეთიდან, საქართველოდან, საუდის არაბეთიდან,  ირანიდან, ერაყიდან და უზბეკეთიდან.  ყველა ნომინანტი გამორჩეული იყო თავისი აქტივობით. კერძოდ, ეს სტუდენტები ორგანიზებას უკეთებდნენ საქველმოქმედო აქციებს, სხვადასხვა სახით მონაწილეობდნენ სამეცნიერო ცხოვრებაში, ქმნიდნენ ფილმებს, ეხმარებოდნენ თავის კოლეგებს პოლონეთში ადაპტირებაში... პერსპექტიული საგამოფენო ფონდის პრეზიდენტის ვალდემარ სივინსკის შეფასებით: „ამ ფანტასტიკურმა ახალგაზრდა ხალხმა ძალიან ბევრი შესძინა მათ აკადემიურ ცხოვრებას“.

„ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება,  ვაპირებ სწავლის გაგრძელებას ეკონომიკაში სადოქტორო პროგრამის საფეხურზე და  სამუშაო გამოცდილების მიღებას საერთაშორისო ეკონომიკურ, ევროკავშირის ორგანიზაციებში. 5-7 წლის მერე არც ქართულ პოლიტიკაში აქტიურობას გამოვრიცხავ, თუმცა სადაც არ უნდა ვიცხოვრო, ვისწავლო და ვიმუშაო მომავალში, პოლონეთი ყოველთვის იქნება ჩემი ფასეული მოგონებების ნაწილი და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების წყარო. ადგილი, სადაც ყოველთვის ვიქნები სიმშვიდეში“. - ამბობს თინათინ ახვლედიანი.   
ცნობისათვის, წარმატებული უნივერსიტეტის სტატუსით თინათინი მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 95 წლის იუ-ბილესადმი მიძღვნილი ფოტოპროექტის „მე - უნივერსიტეტის“ 95 წარმატებულ უნივერსიტეტელს შორისაც მოხვდა.

 საერთაშორისო კონკურსის ჟიური, ლოძის უნივერსიტეტის რექტორის,  პოლონეთში აკადემიური სკოლების რექტორთა კონფერენციის პრეზიდენტის ვლოდიმერ ნუკიელის თავმჯდომარეობით, გამარჯვებულებს სამივე საფეხურის სტუდენტებიდან შეარჩევს. კონკურსის შედეგები თვის ბოლოსთვის  ლუბლიანაში საზეიმო კონფერენციაზე გამოცხადდება.

სხვა სტატიები »