ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2014

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2014
30 ივლისი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის 2014 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უნივერსიტეტს წელს 3000 კურსდამთვარებული ჰყავს. საზეიმო ცერემონიაზე მანტიებში შემოსილმა ბაკალავრებმა სტუდენტური ჰიმნი „გაუდიამუსი“ შეასრულეს.

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შერვაშიძემ და დეკანებმა მიულოცავეს.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას თქმით, წელს უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების 92-ე ცერემონია აღინიშნება. „ახალგაზრდების ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება. იწყება ახალი ცხოვრება და ახალი გამოწვევები. ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში ჩაბარებას, უნივერსიტეტის კარი ღიაა. უნივერსიტეტელობა ეს დიდი პატივია და ამავდროულად დიდი ტვირთი.”

„ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა. უნივერსიტეტის 3000 ბაკალავრი ამთავრებს სწავლას და იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო წარმატება ცხოვრებაში და მოვუწოდებ, რომ სწავლის დამთავრების შემდეგაც შეინარჩუნონ კონტაქტი უნივერსიტეტთან,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შერვაშიძემ.

ღონისძიებაზე ბაკალავრიატის 18 წარჩინებული კურსდამთავრებული სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა. ცერემონიას აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ჩვენი ცხოვრების რაღაც ეტაპი უკვე გადავლახეთ და დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამის აღმნიშვნელია. 4 წელი უნივერსიტეტში ლექტორებთან, ადმინისტრაციასთან და სტუდენტებთან ერთად გავატარე. მინდა დიდი მადლობა გადავუხოდო ჩემს ლექტორებს, ვინაიდან მათ მეცნიერება დამანახეს საინტერესო მხრიდან და ასევე ადმინისტრაციას, რომელიც ყოველთვის გვერდში გვედგა. უნივერსიტეტი ჩემთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე იმიტომ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში შევიძინე მეგობრები,“ - აღნიშნა თსუ წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა ნატალია ნებულიშვილმა.

ღონისძიების დასასრულს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთათვის „თსუ არტის“ და მარიკო ებრალიძის კონცერტი გაიმართა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 6 ფაკულტეტზე 201 აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება და 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. 2014-2015 სასწავლო წელს თსუ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე 3945 პირველკურსელს მიიღებს.


სხვა სტატიები »