ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიატები

27 ოქტომბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის პირველი სტიპენდიატები დასახელდნენ. ისინი სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის თავმჯდომარეობით,  12 პრეტენდენტიდან შეარჩია.

2014 წლის სტიპენდიატები არიან: მარიამ მათიაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტი;  მაგული ღამბაშიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველური ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამის მე-3 სემესტრის სტუდენტი; ლევან ბებურიშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლო-გიის სადოქტორო პროგრამის მე-3 სემესტრის სტუდენტი.

სტიპენდია მხოლოდ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის დააწესა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 2014 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტსა და უნივერსიტეტს შორის შესაბამისი  მემორანდუმიც გაფორმდა.

„ძალიან მიხარია ამ სტიპენდიის მიღება, არ ველოდი ნამდვილად. პირველ რიგში, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. რაც მთავარია,  საპატიოა და საპასუხისმგებლო, რომ პირველი პრეზიდენტის პირველი სტიპენდიატი  გავხდი. ამან  გაზარდა ჩემი მოტივაცია", - ამბობს მარიამ მათიაშვილი. იგი თვლის, რომ ქართული ფილოლოგიის შესასწავლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო ადგილია: „მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემაა, ბევრს ვსაუბრობთ სტუდენტები ამის შესახებ, მაგრამ ყველას ალბათ მაინც სიამაყის გრძნობა გვაქვს. ჩვენ ხომ  თსუ-ელები ვართ... ვფიქრობ, თსუ გამორჩეულია, პირველი უნივერსიტეტია (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით)".

მაგული ღამბაშიძე იმ სტიპენდიატებს შორის მოხვდა, ვისაც გასულ წელს ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდა: „დიდი ბედნიერებაა, როცა ვგრძნობ, რომ სახელმწიფო და მშობლიური უნივერსიტეტი აფასებს ჩემს შრომასა და მონდომებას. ყოველთვის მზად ვიყავი საყვარელი პროფესიის დაუფლებისას გამეღო ჩემი მონაცემებისა და შესაძლებლობების  მაქსიმუმი, შემეტანა ჩემი ახალგაზრდული წვლილი ქართველურ ენათმეცნიერებაში. როგორც ჩანს, ჩემმა მცდელობამ შედეგი გამოიღო  და მომენიჭა კიდეც პირველი პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია", - ამბობს იგი.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის პირველი მფლობელი. ეს ჯილდო მაკისრებს დიდ პასუხიმსმგებლობას, რომ მომავალში მთელი ენერგიით ვიღვაწო ქართული მეცნიერებისა და კულტურის ასპარეზზე. ვფიქრობ, რომ სტიპენდია მომენიჭა წლების განმავლობაში წარმოებული კვლევითი აქტივობების საფუძველზე, ვინაიდან კომისია სწორედ ამ კრიტერიუმის მიხედვით აფასებდა აპლიკანტებს. ვამაყობ, რომ ვარ თსუ-ს სტუდენტი.  თსუ თავისი აკადემიური პერსონალითა და სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი კომპონენტების მიხედვით, ნამდვილად არის 1 უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი თსუ-ზე", - ასეთია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის მე-3 სემესტრის სტუდენტის  ლევან ბებურიშვილის დამოკიდებულება პრეზიდენტის სტიპენტიანტობასა და თავად თსუ-სთან დაკავშირებით.

ზვიად გამსახურდიას სტიპენდია ენიჭება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის თითო სტუდენტს, წინა სასწავლო წლის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე.

სხვა სტატიები »