ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ - ტარტუს უნივერსიტეტის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოდან

თსუ - ტარტუს უნივერსიტეტის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოდან
27 ოქტომბერი, 2014
წყნარი, მყუდრო და სუფთა ქალაქი, რომლის ყოველი მეოთხე მაცხოვრებელიც სტუდენტია. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილიდან კი უმეტესობა, პირდაპირ თუ ირიბად, უნივერისტეტთან დაკავშირებული. ასეთია ტარტუ, ესტონეთის საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც სასწავლებლად კიდევ რამდენიმე მიზეზის გამო არის მიმზიდველი. ბალტიისპირეთის ქვეყნებში იგი ერთადერთია იმ უნივერსიტეტებს შორის, რომელიც მსოფლიოს საუკეთესოთა 3 პროცენტში შედის. მისი ისტორია 1632 წლიდან იწყება, შვედეთის მეფის გუსტავუს ადლოფოსის მიერ არის დაარსებული. დღეისათვის ტარტუს შემადგენლობაში ცხრა ფაკულტეტი და ოთხი კოლეჯია. თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმება კი 26 ქვეყნის 69 პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთან აქვს. აქედან ერთ-ერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. თსუ ტარტუს უნივერსიტეტის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოდან.  

"თსუ-სა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის აქტიური თანამშრომლობა 2006 წელს დაიწყო. ამ პერიოდიდან გვაქვს გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებსაც პერიდულად საჭიროების მიხედვით ვანახლებთ ხოლმე. ამას გარდა, 2010 წელს მივიღეთ შემოთავაზება გაგვეკეთებინა განაცხადი და გავერთიანებულიყავით ევროკავშირის მეშვიდე ჩარჩო  პროგრამის ერთ-ერთი, მარი კიურის პროექტის "People tu People Exchange" ფარგლებში კონსორციუმში. მასში ესტონეთი, ლიტვა და მოლდოვა არიან გაწევრიანებული. რადგან ჩვენი განაცხადი წარმატებული აღმოჩნდა, 2013 წლიდან 2017 წლამდე გვაქვს საშუალება, როგორც ახალგაზრდა, ისე უკვე აღიარებული მკვლევრები მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ 12 თვით ტარტუს, ვილნიუსის და მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტებში მივავლინოთ. პროექტის კოორდინატორი შინაარსობრივი, ადმინისტრაციული და ფინანსური კუთხით ტარტუს უნივერსიტეტის ევროკოლეჯია. ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 20-მდე მკვლევარი გავგზავნეთ სამივე ქვეყნის უნივერსიტეტებში.  დაახლოებით იგივე  რაოდენობის მკვლევარი ჩამოვიდა ჩვენთან. მობილობაში ძირითადად მონაწილეობენ ის ასისტენტ-პროფესორები, რომლებიც მუშაობენ  თავიანთი დისერტაციის დასრულებაზე ან ახალ კვლევაზე სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ და აინტერესებთ თავიანთ კოლეგებთან კონტაქტი ამ ქვეყნებში. პროექტი ამასთანავე ითვალისწინებს ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლასაც. ცნობისათვის, ოქტომბერში უნივერსიტეტს სტუმრად ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი ეწვევა",- აცხადებს თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა. 

"სტუდენტები საქართველოდან რაოდენობრივად ერთ-ერთი ყველაზე  წარმომადგენლობითს მიეკუთვნებიან", - აღნიშნა თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციასთან შეხვედრისას ტარტუს უნივერსიტეტის ევროკოლეჯის დირექტორმა ქრისტინა ტონისონმა. 25 სექტემბერს ტარტუს უნივერსიტეტში ვლადიმერ პაპავამ საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა: "მაკროეკონომიკა და საქართველოს პოსტ-კომუნისტური ეკონომიკის ტრანსფორმაციის გამოცდილება" იყო.
ტარტუს უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯის აკადემიურ საკითხთა დირექტორის მოადგილე ოლგა ბოგდანოვა აცხადებს, რომ "საქართველო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის სტუდენტთა შორის მეორე ადგილზეა, რუსეთის შემდეგ. პროექტის არსი, რომელიც უკვე წელიწადნახევარია მიმდინარეობს, საქართველოს მხრიდან სამი ქვეყნის სხვადასხვა კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარება გახლდათ, რომლის ერთ-ერთი ნაწილი განათლებაც იყო. ამ გამოცდილების მიღება კი საქართველოს მხარეს თავისი შეხედულებისამებრ პარტნიორი ქვეყენებიდან ნებისმიერ სასურველში შეუძლია, რათა განხორციელებულ რეფორმებს ადგილზე გაეცნოს. ეს აქტივობა, როგორც წესი სხვადასხვა, "ვორქშოფების", საჯარო ლექციების, პუბლიკაციების და ა.შ. სახით ხორციელდება. თუმცა, რადგან პროექტის მიზანი კი ინფორმაციის ორმხრივად მიღებაა, ამას ხელს საქართველოდან პროფესორების ხანგრძლივვადიანი ვიზიტისას ჩატარებული სალექციო კურსიც შეუწყობს ხელს. მობილობა კი ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი საკითხია".

თეა გერგედავას განცხადებით, პროექტის ფარგლებში უკვე ფინანსდება ერთი პროფესორის ნინო შარაშენიძის ხანგრძლივვადიანი მივლინება ლიტვაში, რომელსაც ვილნიუსის ენათა ცენტრი მასპინძლობს და სადაც იგი ქართულ ენას ასწავლის.

თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ნიკოლოზ ქოიავა ტარტუში მარი კიურის მივლინების სარგებლიანობის შესახებ ორი კუთხით საუბრობს. "ზოგადად, რადგან უნივერსიტეტებში ორგანიზაციულ-სტრუქტურული მოწყობის საკითხი მაინტერესებს და ამ მხრივ ჩემთვის ტარტუს უნივერსიტეტის გამოცდილებაც საყურადღებოა, რადგან  შეგიძლია ნათლად ნახო თუ როგორ ხდება ოპტიმიზაცია.  მეორედ ვიყავი ტარტუს უნივესიტეტში და ვხედავ რა სისწრაფით და შუპოვარი ბრძოლით მიმდინარეობს რეფორმები. კერძოდ, პირველად რომ ჩამოვედი, პროგრამების ოპტიმიზაცია მიმდინარეობდა, მეორე ჩამოსვლისას უკვე ფაკულტეტები უქმდება და ადმინისტრაცია ერთიანდება. ძალზე საინტერესოა იმის დაკვირვება თუ როგორ ახერხებენ ამას, მით უმეტეს შიდა ადამიანურ ურთიერთობებში სადაც ყველა ფაკულტეტის თუ მხარის ინტერესის გათვალისწინებაა საჭირო.  რაც შეეხება კონკრეტულ ნაწილს, მე უშუალოდ შეხება ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტთან მაქვს, რომლის კვლევის მიმართულებაცაა, "ინფორმაციული ასიმეტრიულობის აღმოფხვრა ფინანსური ანგარიშგების  საფუძველზე და კაპიტალის ბაზრების განვითარება". ესტონეთი ამ შემთხვევაში საქართველოზე წინ არის, რადგან ინსტიტუციური ცვლილებები გაცილებით ადრე დაიწყო, რის  შესახებაც მე ჩემს ნაშრომებშიც მაქვს მითითებული. პროფესორ ტოომას ჰამდასთან ურთიერთობაში, კი რომელიც  ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტის ფინანსური ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ჩემი კვლევის მიმართულება გავაძლიერე და გავაღრმავე".

ტარტუს უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდი 3,9 ერთეულს ითვლის. თსუ ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტურის სტუდენტი ნინო ჯანელიძე ტარტუში, ასევე ევროპის კოლეჯის მიწვევით, სადოქტორო ნაშრომზე კვლევის ჩატარების მიზნით იმყოფებიდა. ნინო დარწმუნებულია, რომ ტარტუს უნივერსიტეტის, ცენტრალური ბიბლიოთეკის აკადემიურ ბაზაზე ხელმისაწვდომობა, აკადემიური ნაშრომები და წაკითხული ლიტერატურა თავისი თემის უკეთ გაანალიზებაში და სწორი მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება.

სხვა სტატიები »