ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ აბიტურიენტებს მომზადებას სთავაზობს

29 სექტემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება 15 ოქტომბრიდან ახალ სასწავლო კურსს განაახლებს  - ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა გამოცდებისთვის თსუ-ს ლექტორებთან მოემზადონ.  უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველები მომზადებას შეძლებენ  ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენები), ასევე საგნებში - მათემატიკა, ზოგადი უნარები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. სწავლება  1 ივლისამდე გრძელდება.

აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება თსუ-ში  1995 წლიდან არსებობს.  ამ ხნის მანძილზე რამდენიმე ათასმა აბიტურიენტმა გაიარა სასწავლო კურსი, რომელთა უმეტესობამ წარმატებით ჩააბარა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2013-2014 წელს  21-მა  აბიტურიენტმა გაიარა მოსამზადებელი კურსი და აქედან,  95%-მა ერთიანი ეროვნული გამოცდები  წარმატებით ჩააბარა.  რამოდენიმე მათგანმა  კი სასწავლო გრანტიც მოიპოვა.

როგორც აბიტურიენტთა მომზადების განყოფილების უფროსი, სამართლის დოქტორი ირმა ხარშილაძე აღნიშნავს, აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების მიზანია, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტების მომზადება, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მის ეფექტურ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და შედეგების შემოწმება.  ამოცანა კი ერთიანი ეროვნული მისაღები გამოცდების ფარგლებში დადგენილი საგნების სწავლების მეთოდების სრულყოფა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის დირექტივების შემუშავება.

აბიტურიენტთა მომზადების სრულყოფისთვის, მოსამზადებელ განყოფილებაში მიწვეულნი არიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც თავად ასწავლიან უმაღლეს სასწავლებლებში. გარდა ამისა, თსუ-ს მოსამზადებელი განყოფილების უპირატესობა, კერძო რეპეტიტორებთან შედარებით, არის ხელმისაწვდომი ფასი და  სწავლის საფასურის გადახდის ხელსაყრელი გრაფიკი. ერთ საგნში მომზადებისთვის აბიტურიენტს წელიწადში მხოლოდ 700 ლარის გადახდა მოუწევს.

თუმცა დადგენილია სხვა ფინანსური შეღავათებიც. კერძოდ:
•    ორი და მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში, შესაძლებელია თანხის ეტაპობრივი გადახდა;
•    სამი საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი გადაიხდის სწავლის ღირებულების 95%-ს;
•    ოთხი საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი გადაიხდის სწავლის ღირებულების 90%-ს;
•    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში აბიტურიენტს უკან უბრუნდება გადახდილი თანხის 10%.

მეცადინეობები ტარდება მინი – ჯგუფებში  (5 – 6 აბიტურიენტი).

თითოეულ საგანში მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ. ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 ასტრონომიული საათია. თითოეული საგნის მომზადებას კვირაში ეთმობა 4 ასტრონომიული საათი. სწავლება მიმდინარეობს სამი სემესტრის განმავლობაში. მომზადების ოფიციალურად დაწყებამდე, თითოეულ საგანში ტარდება ტესტირება, რომლის საფუძველზე აბუტურიენტები შესაბამის ჯგუფებში ნაწილდებიან.  პირველი და მეორე სემესტრის ბოლოს ყველა საგანში ტარდება შუალედური წერითი გამოცდა, ხოლო სწავლების დამამთავრებელ ეტაპზე კი (მე-3 სემესტრის ბოლოს) მთელ ნაკადთან-ფინალური გამოცდა, რომელიც აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ერთგვარ პრაიმერს წარმოადგენს. თითოეული აბიტურიენტისათვის დგება ,,ინდივიდუალური წარმატებების ცხრილი”, რის შესახებ პერიოდულად ეცნობება მშობლებს.
გარდა ქართველი აბიტურიენტებისა, აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მომზადების  განყოფილებაში 2013- 2014 წლის სასწავლო პროგრამაში მომზადებას გადიოდნენ  საქართველოში სწავლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებისთვისაც  ფუნქციონირებდა  ქართული და ინგლისური ენების შემსწავლელი კურსები.    გასულ სასწავლო წელს თსუ-ს მოსამზადებელი კურსი გაირა  178-მა  ერაყელმა, 4-მა აზერბაიჯანელმა და 4-მა თურქმა მსმენელმა. აზერბაიჯანელი და თურქი მსმენელები ეუფლებოდნენ ქართულ ენას, რისთვისაც ფუნქციონირებდა  ქართული ენის შემსწავლელთა ერთი ჯგუფი.  როგორც ირმა ხარშილაძე აღნიშნავს, ყველა მათგანმა წარმატებით ჩააბარა ქართული ენის გამოცდა და სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე.

ერაყის მოქალაქეებისათვის კი, უცხოენოვანი  მედიცინის ფაკულტეტზე სწავლების გაგრძელების მიზნით, სამედიცინო ტერმინოლოგიის სპეციფიკის გათვალისწინებით,  გაიხსნა ინგლისური ენის მომზადების კურსი. ერაყელი მსმენელების 95% წარმატებით ჩააბარა გამოცდა ინგლისურ ენაში და ჩაირიცხა თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტზე.

თსუ-ს მოსამზადებელ განყოფილებაში უცხოელი მსმენელებისთვის წელსაც მოქმედებს სასწავლო პროგრამა და  თურქეთის 8 მოქალაქეს უკვე შეტანილი აქვს განცხადება.

ცოტა ხნის წინ თსუ-ს მოსამზადებელ განყოფილებაში ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს  რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებმა. ამიტომ, გადაწყდა  გაიხსნას ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რომლის სავარაუდო ღირებულება 800 ლარი იქნება. როგორც ირმა ხარშილაძე ამბობს,  ეს ფაქტი საკმაოდ სასიამოვნოა, რადგან რუსებს და უკრაინელებსაც ქართული ენის შესწავლის სურვილი გაუჩნდათ.

გარდა აბიტურიენტების სწავლებისა, უნივერსიტეტში მოსამზადებელი პროგრამა არსებობს მაგისტრანტობის კანდიდატებისათვისაც. 2014  წლის 1 აპრილიდან 30 ივნისამდე მოქმედებდა საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის მომზადების კურსი. ერთიანი სამაგისტრო გამოცდისათვის მოემზადა თსუ–ს 42 და 6 სხვა უმაღლეს სასწავლებელის სტუდენტი. ეს კურსი ითვალისწინებდა ფინანსურ შეღავათს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების, მათი შვილების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის. მსმენელების 98% წარმატებით ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა. სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი 2015 წლის გაზაფხულიდან კვლავ ამოქმედდება.

უნივესიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების წლევანდელი სიახლეა ის, რომ მოსამზადებელი განყოფილების გახსნა დაგეგმილია რუსთავშიც.
აბიტურიენტთა მომზადების განყოფილების უფროსის ირმა ხარშილაძის თქმით, „ მოსამზადებელმა განყოფილებამ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალ შედეგებს რომ მიაღწიოს, საჭიროა სწავლების პროცესზე კონტროლის განხორციელება. სწორედ ამ მიზნით სისტემატიურად მოწმდება აბიტურიენტების მეცადინეობებზე დასწრება და მათი აკადემიური წარმატებები, რაც პერიოდულად ეცნობებათ მშობლებს“.

სხვა სტატიები »