ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნივერსიტეტის წლის პედაგოგები

29 სექტემბერი, 2014
წლეულს პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკეთესო პედაგოგის გამოსავლენად სტუდენტებს შორის გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვის შედეგად, 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგებად დასახელდნენ: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - ასისტენტ-პროფესორი ზაზა ხეჩინაშვილი; იურიდიული ფაკულტეტი - მოწვეული პედაგოგი ზურაბ ძლიერიშვილი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი მანანა მელიქიშვილი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი- ასოცირებული პროფესორი ივანე წერეთელი; მედიცინის ფაკულტეტი - პროფესორი ნანა დორეული; ტურიზმის საერთაშორისო სკოლა - მოწვეული პედაგოგი თინა დოლიაშვილი; ენების ცენტრი - მოწვეული პედაგოგები:  მერი გიორგაძე და თინათინ ტაბიძე. წლის პედაგოგებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფულადი ჯილდო და სერტიფიკატები გადასცა.

იურიდიული ფაკულტეტის  მოწვეული პედაგოგი ზურაბ ძლიერიშვილი - 1997 წლიდან დღემდე იურიდიულ ფაკულტეტზე  ლექცია-სემინარებს უძღვება ვალდებულებით სამართალში, სახელშეკრულებო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში. როგორც თავად ლექტორი აცხადებს, მისთვის დიდი პატივია, რომ აქვს შესაძლებლობა გარკვეული წვლილი შეიტანოს სტუდენტების აღზრდა-განათლებაში.  
„წარმატებასთან ერთად ჩემთვის ეს ჯილდო უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს. დიდი მადლობა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე ბევრი ღირსეული პედაგოგია, რომლებიც ასევე იმსახურებენ ამ აღიარებას.“- აღნიშნავს ზურაბ ძლიერიშვილი.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი ივანე წერეთელი, თავად ვერ პასუხობს კითხვას, თუ რატომ აირჩიეს სტუდენტებმა საუკეთესო პედაგოგად. ახსნას შედარებით შორეულ წარსულში ეძებს: „შორიდან დავიწყებ. გამიმართლა მასწავლებლებში: სკოლაში მყავდა ორი გამორჩეული მასწავლებელი რუსუდან აბრამიშვილი და გელა დუმბაძე, უნივერსიტეტში ასევე ორი გამორჩეული პედაგოგი: ნინო ჩიქოვანი და ნინო ფირცხალავა (ახლა ისინი ჩემი მეგობრები არიან). ვცდილობ, სტუდენტებთან მოვიქცე სწორედ ისე, როგორც ეს ადამიანები მექცეოდნენ მე, როგორც მოსწავლესა და სტუდენტს.  სტუდენტებთან ურთიერთობაში მთავარი ოქროს შუალედის დაცვაა მეგობრობასა და დისტანციას შორის. თითოეულმა მათგანმა უნდა იცოდეს, რომ ზოგადად უნივერსიტეტი და ლექტორი მისთვის არსებობს, უნდა გრძნობდეს, რომ ბოლომდე იხარჯები. ჩემი საუკეთესო პედაგოგად დასახელება ასევე განაპირობა ჩემმა სპეციალობამ. ბოლო რამდენიმე წელია კულტურის კვლევები პოპულარული გახდა. მოგეხსენებათ, დარგი საკმაოდ „ახალგაზრდა“ და საინტერესოა. გუნდი, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, კარგად აწყობლი ორკესტრივითაა – პროფესორი ნინო ჩიქოვანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან კაკიტელაშვილი, ასისტენტ-პროფესორები მაია ქვრივიშვილი და ირაკლი ჩხაიძე – ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ეს კი სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ისინი სრულიად სხვა, ახალი  პარადიგმით ხედავენ იმას, რაც იციან ან არ იციან, რა გარემოშიც ცხოვრობენ – რა არის კულტურა, კონტრკულტურა, სუბკულტურა, ცივილიზაცია, სტერეოტიპი? რა უნდა დაუპირისპირო რასიზმსა და ქსენოფობიას? აინტერსებთ პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა მაგალითად: რატომ იმოსებიან და იკვებებან ადამიანები სხვადასხვაგვარად, რატომ აქვთ განსხვავებული წარმოდგენები სილამაზეზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, სამართალზე, უსამართლობაზე, თავისუფლებაზე, რატომ აღიქვამენ სხვადასხვანაირად დროს, რომელიც თითქოს ყველგან ერთნაირად გადის. ლექციები აწყობილია კითხვა–პასუხის, კამათის და მსჯელობის ფორმით; გარდა სამეცნიერო ნაშრომებისა, ვიყენებთ აუდიო და ვიდეო მასალას, ფილმებს, სარეკლამო რგოლებს, მუსიკალურ კლიპებს და ასე შემდეგ, ეს კი საინტერესოს ხდის მეცადინეობას. გვაქვს შესაბამისი ბიბლიოთეკა. მოკლედ, წარმატების საფუძვლად ერთ კონკრეტულს ვერაფერს გამოვყოფ, ეს უფრო ზემოთ ჩამოთვლილი ბევრი მიზეზითაა განპირობებული.“
ასისტენტ-პროფესორი ზაზა ხეჩინაშვილი თვლის, რომ   სტუდენტები მისი შრომის საუკეთესო შემფასებლები არიან და მათი აზრი ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, როგორც მასწავლებლისათვის. ამავდროულად, ეს დიდი სტიმულია შემდგომი პედაგოგიური საქმიანობისათვის. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს 2000 წლიდან კითხულობს და ამ ხნის მანძილზე სტუდენტებს  ალბათობის თეორიასა და სტატისტიკას ასწავლის ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ეკონომიკისა და ბიზნესის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე. სწორედ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა აირჩიეს ის საუკეთესო ლექტორად:
„იყო თსუ-ს ლექტორი ნებისმიერი ადამიანისათვის დიდი პატივი და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. ვალდებული ხარ გააგრძელო ის დიდი სამეცნიერო და პედაგოგიური ტრადიციები, რომლებსაც საფუძველი გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ჩაუყარეს. ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, რათა სტუდენტს დაეხმარო მაქსიმალური ცოდნა დააგროვოს და კონკურენტუნარიანი, წარმატებული ადამიანი გახდეს. ამავე დროს, უნივერსიტეტი ჩემთვის მეორე ოჯახია, ეს უკვე ცხოვრების ლამაზი წესია, ვერ წარმომიდგენია სხვაგან ჩემი თავი“, _ ამბობს ზაზა ხეჩინაშვილი.

ენების ცენტრის მოწვეული პედაგოგი  მერი (მაია) გიორგაძე თსუ-ში  ინგლისური ენის პედაგოგად 2010 წლიდან მუშაობს. ძირითადად ლექციები  ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან აქვს. თუმცა გარკვეული პერიოდი ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებსაც უკითხავდა საშინაო კითხვას. წელს კი დამატებით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსაც  წაუკითხავს ლექციებს. მისი აზრით, სტუდენტების მიერ ამგვარი დაფასების მიზეზი, პროფესინალიზმთან ერთად,  არის ურთიერთობა ლექტორსა და სტუდენტს შორის. „არასოდეს ვიშურებ ჩემს ძალისხმევასა და ენერგიას. ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო ლექციაზე. არასოდეს  ვტოვებ სტუდენტს უყურადღებოდ,  ყოველთვის მზად ვარ დასახმარებლად და, ამავე დროს, მეგობრული საუბრებითა და დამოკიდებულებით ვახერხებ მათ მოტივირებას.  სხვადასხვა ხერხს ვიყენებ იმისათვის, რომ სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი სასწავლო პროცესში, რომ ლექციები არ იყოს რუტინული და მოსაბეზრებელი. იუმორი, მეგობრული დამოკიდებულება, განსაკუთრებით მეხმარება შინაურული, მყუდრო გარემოს შექმნაში. მათაც ხომ ეს მოსწონთ?!“

საუკეთესო პედაგოგოად დაასახელეს თსუ-ს სტუდენტებმა ენების ცენტრის კიდევ ერთი მოწვეული პედაგოგი -თინათინ ტაბიძე, რომელიც ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე ინგლისურ ენას 2010 წლიდან ასწავლის. მისი აზრით, სტუდენტებმა მეგობრული დამოკიდებულების და პროფესიონალიზმის გამო აღიარეს საუკეთესო პედაგოგად, რაც მისთვის დამატებითი პასუხისმგებლობა და ვალედბულებაა.

ტურიზმის საერთაშორისო სკოლის  მოწვეული პედაგოგი თინა დოლიაშვილი  2006 წლიდან დღემდე თსუ-ში ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვას ასწავლის და თვლის, რომ ეს აღიარება იმის გამო მიიღო, რომ სტუდენტები გრძნობენ მათდამი სიყვარულს და პატივისცემას. "ხედავენ, რომ მე ყველაფერ ვაკეთებ იმისათვის, რათა მათ სრულფასოვნად აითვისონ საკმაოდ ძნელი მასალა, წარმატებით ჩააბარონ შუალედური და შემაჯამებელი გამოცდები და, ხშირ შემთხვევაში, აირჩიონ აღრიცხვის მიმართულება სამომავლო პროფესიად."

მედიცინის ფაკულტეტის  პროფესორმა ნანა დორეულმა თსუ-ში მოღვაწეობა ჯერ კიდევ მე-5 კურსის სტუდენტმა, 1984 წლიდან  აკად. ვაჟა ოკუჯავას ლაბორატორიაში დაიწყო. უმაღლესის დამთავრებისთანავე, როგორც ლაბორანტი, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის მიმართულების სტუდენტებს  პრაქტიკულ მეცადინეობას უტარებდა. მოსკოვის ტვინის კვლევის ინსტიტუტში საკანდიდატო დისერტაციის შესრულების შემდეგ, როგორც ასისტენტი, შემდეგ კი დოცენტი, ახლა უკვე სრული პროფესორი უნივერსიტეტში რამოდენიმე სასწავლო კურსს ასწავლის: „ნეირო¬ფარმაკოლოგია, ფსი-ქოფარ¬მაკოლოგიის საფუძვლებით“, „ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია“, „ტვინის სტრუქტურული ორგანიზაცია“, „ქცევის დარღვევის ფიზიოლოგია“, „ელექტროფიზიოლოგია“.
„ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა, მღელვარე, ემოციური, ერთდროულად მძიმეც და სასიამოვნოც. ასე მგონია, ჩემი პროფესიით ყველაზე მეტად ვმონაწილეობ ქვეყნის  ცხოვრებაში, ვცდილობ აღვზარდო პროფესიონალები, გადავცე მათ მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც პედაგოგიური თუ სამეცნიერო მოღვაწეობის მანძილზე დამიგროვდა როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრაზე, ისე ნეირობიოლოგიურ ლაბორატორიებში მოსკოვის ტვინის კვლევის ინსტიტუტსა და დიუსელდორფის უნივერსიტეტში,“ - ასე აფასებს საკუთარ მოღვაწეობას ნანა დორეული, რომელიც თვლის, რომ საუკეთესო პედაგოგად არჩევა დიდი პასუხისმგებლობაა :„ძალიან სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა, როცა ეს ინფორმაცია გადმომცეს. ერთია, როცა საკუთარი შვილები გამოხატავენ ჩემს მიმართ სიყვარულს, და სულ სხვაა ამდენი სტუდენტი ამას რომ აცხადებს. ვფიქრობ მკაცრი ლექტორი ვარ, ამას სტუდენტებიც  ხშირად მეუბნებიან, მაგრამ სამართლიანადაც იქცევითო -ამასაც აღნიშნავენ.  იმედია, კიდევ დიდხანს დავრჩები ბევრი სტუდენტის საუკეთესო პედაგოგად, კიდევ დიდხანს შევძლებ ჩემი პროფესიული გამოცდილებისა და სიყვარულის გაცემას. გაცემა კარგია, რადგან მათგან წამოსული ენერგია ისეთი სასიამოვნოა, რომ წლები მაკლდება და ახალი ენერგიით ვივსები და აბა ვის არ უნდა მუდამ ახალგაზრდა დარჩეს“.  

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი თსუ-ში გეოგრაფიის მიმართულებაზე  10 წელია კითხულობს ლექციებს. თუმცა, ბოლო პერიოდში  გააქტიურებული სტიქიური მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური გახდა მისი ლექციების კურსი - „საქართველოს სტიქიური პროცესები“, რომლის ცოდნა ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტისათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის საჭირო გახდა.   გასულ წელს გიორგი დვალაშვილმა, თსუ სტუდენტებთან ერთად,  ,,კარსტოლოგიის“  საგნის ფარგლებში მეცნიერულად გამოიკვლია მღვიმე ჭიათურაში, რომელსაც  სახელი ,,თსუ–95“ მიანიჭეს.  ახალი სახელი დაარქვეს რაჭის ტერიტორიაზე ბოლო საუკუნეებში კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ ახალ მყინვარსაც.
თსუ–ს ლექტორობა გიორგი დვალაშვილისთვის ნიშნავს 96 წლიანი წარმატების ღირსეულად გაგრძელებას. „ასევე სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, პრაქტიკული გამოცდილების და გეოგრაფიული კომპონენტების შესწავლა–შეფასების საქმეში აქტიურად ჩართვას; საველე სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში, აგრეთვე თსუ–ს დაფინანსებით მოწყობილ ექსპედიციებში, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოსა და მოსაზღვრე ტერიტორიების გეოგრაფიული და გეოეკოლოგიური კვლევები, რაც შემდომ აისახება სტუდენტების მიერ მომზადებულ  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებში, აგრეთვე სასწავლო სახელმძღვანელოებში, სამეცნიერო საერთაშორისო სტატიებსა და მონოგრაფიებში“, - ამბობს გიორგი დვალაშვილი. სტუდენტების მიერ საუკეთესო პედაგოგად აღიარებას  გეოგრაფიის მიმრთულებით მის აქტიურ პრაქტიკულ მოღვაწეობას უკავშირებს და თვლის ეს ჯილდო  ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას თავად სტუდენტების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეოგრაფიის მეცნიერების მიმართ.

„უნივერსიტეტის ლექტორობა ჩემთვის საამაყოა. ეს ჩემი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მე ჩვენი უნივერსიტეტი დავამთავრე და როცა შემომთავაზეს უნივერსიტეტში სამუშაოდ მოსვლა (მანამდე ვმუშაობდი დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში და ა.ს. პუშკინის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში), დიდი სიხარულით დავთანხმდი. ვფიქრობ,  ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. აქ მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები  და გვყავს ძალინ კარგი სტუდენტები“ - ამბობს  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა მელიქიშვილი, რომელიც თსუ-ში ასწავლის შემდეგ საგნებს: განვითარების ფსიქოლოგია, სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფსიქოლოგია, ძალადობა ბავშვების მიმართ, კონსტრუქციული ურთიერთობის ჩვევის ჩამოყალიბების ტრენინგი, მოზარდთა პრობლემები და მშობელთა კონსულტირება, ჯგუფური მუშაობის მეთოდები. როგორც თავად აღნიშნავს, უნივერსიტეტის ლექტორობა საამაყოა და მისთვის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.   სტუდენტებისაგან საუკეთესო პედაგოგად აღიარებას კი ასე აფასებს:  „სიმართლე გითხრათ, ვამაყობ  ”საუკეთესო პედაგოგის წოდებით”,  ეს ხომ საუკეთესო უკუკავშირია, რომელიც შეიძლება მიიღო სტუდენტებისგან. შედარებით ადვილია ამ წოდების მიღება, ვიდრე მისი შენარჩუნება. ვეცდები გავამართლო ჩემი სტუდენტების მოლოდინები.“

სხვა სტატიები »