ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ახალი სასწავლო წელი და კვლავ მაღალრეიტინგული სტუდენტები - თსუ-ში

29 სექტემბერი, 2014
ახალი სასწავლო წელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ტრადიციული მისალმებით დაიწყო _ სტუდენტებს სწავლის  დაწყება თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, ფაკულტეტების დეკანებმა მიულოცეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ში 4000-მდე პირველკურსელი ისწავლის.  თსუ 6 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აფხაზურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები. 2014/15 სასწავლო წელს ყველაზე დიდი რაოდენობის 100% გრანტის მფლობელი პირველკურსელი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. თსუ ლიდერია ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტების რაოდენობითაც.

თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ რექტორის სტიპენდიით დააჯილდოვა 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ანი ნაჩხატაშვილი; ჯილდო გადაეცათ სტუდენტების მიერ შერჩეულ 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგებს. საკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომისგან“ თსუ-ში ჩარიცხული ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი  ელენე გაბელაია ერთი წლის განმავლობაში მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას;  ექვსივე ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტებს თსუ-მ საჩუქრად გადასცა კომპიუტერული ტექნიკა; ხოლო გამომცემლობამ „პალიტრა L“ ექვსივე ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები დაასაჩუქრა წიგნებით და მკითხველთა კლუბის ბარათებით.

კერძოდ, დაჯილდოვდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი - გიგა კაკალაშვილი; იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი - გიორგი  ხანჯალიაშვილი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი - ელენე გაბელაია; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი - გვანცა შაორშაძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი - გიორგი  ჩხეიძე; მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი - ნაზიბროლა ქაჯაია.

გაზეთი „უნივერსიტეტი“ თსუ-ში ჩარიცხულ ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტთა რამდენიმე წარმომადგენელს გაესაუბრა:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა გიგა კაკალაშვილმა დაამთავრა ტრიპ-დელმონტის უმაღლესი სკოლა, (სამხრეთ დაკოტა, აშშ), მაგრამ ატესტატი საქართველოში აიღო - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში. მისი აზრით, თსუ შესაძლებლობების გამოყენების კარგ შანსს მისცემს. ამასთან ერთად, თსუ-ს გაცვლითი პროგრამები დიდი პლუსია. „ველი, რომ ჩემს სფეროს, ეკონომიკას საკმაოდ კარგად ვისწავლი და პერსპექტივა მექნება. მე მინდა ვიყო წარმატებული მოღვაწე ჩემს სფეროში, დღეს კი ეკონომიკაა ჩემი სფერო. დიდი სურვილი მაქვს საზღვარგარეთ განათლების მიღების, ამიტომაც ვუმიზნებ გაცვლით პროგრამებს. ვნახოთ რა მოხდება მომავალში“. - ამბობს იგი.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი ხანჯალიაშვილმა  ქალაქ თელავის ნომერ პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა; ამბობს, რომ თსუ-ზე არჩევანი იმიტომ შეაჩერეს, რომ, მისი ინფორმაციით, „სამართალი ყველაზე კარგად ჯავახიშვილში ისწავლება, იმიტომ, რომ აქ კარგი ლექტორები ყავთ“. სტუდენტობისგან გიორგი ელის საჭირო განათლების მიღებას, პროფესიონალ იურისტად ჩამოყალიბებას, უამრავი ახალი გამოცდილების მიღებას და, რა თქმა უნდა, გართობას.

„ვფიქრობ თსუ-ს სწორედ ეს შეუძლია მომცეს - რაც მჭირდება (განათლება, გამოცდილება და ა.შ.)  მინდა ჩემს სფეროში ერთ-ერთი საუკეთსო სპეციალისტი ვიყო.. და კიდევ, თუ შევძელი, ისიც მაქვს იდეაში, რომ ჩვენს ქვეყანაში რამე შევცვალო უკეთსობისკენ. ვფიქრობ ამის მიღწევა იმიტომ შემიძლია, რომ საკმაოდ მონდომებული და ცოტა არ იყოს ჭკვიანიც ვარ“. _ ამბობს გიორგი.

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ნაბო ქაჯაიამ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სასულიერო გიმნაზია დაამთავრა. უნივერსიტეტზე არჩევანის გაკეთებას ასე ხსნის: 

„ჩემი აზრით, (და არა მარტო ჩემის აზრით) თსუ ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში, ასევე მეგობრების რჩევაც იყო აქ ჩამებარებინა, რადგან, მათი თქმით, თსუ-ში ნამდვილად შესაძლებელია ხარისხიანი განათლების მიღება. პირველ რიგში ველი ხარისხიანი განათლების მიღებას, რომ ვიყო პროფესიონალი ჩემს საქმეში და, ასევე, რა თქმა უნდა, საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებასაც. მაქვს დიდი სურვილი, რომ ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ სწავლა გავაგრძელო საზღვარგარეთ, ხოლო შემდგომში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზება მოვახდინო ჩემს ქვეყანაში“.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი - ელენე გაბელაია თსუ-ში ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტია. მან კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და არჩევანი თსუ-ზე სწორედ იმიტომ შეაჩერა, რომ „ის საუკეთესოა“.  „უნივერსიტეტი გვაძლევს შესაძლებლობას ავიმაღლოთ ცოდნა, გამოვავლინოთ საკუთარი ნიჭი, გავემგზავროთ გაცვლითი პროგრამებით და მრავალი სხვა; ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჯერ სკოლას, შემდეგ უნივერსიტეტს. ჩემის აზრით, უმნიშვნელოვანესია, როგორ გარემოში მოხვდები, იმიტომ, რომ ჩვენ ვემსგავსებით საზოგადოებას, გარშემომყოფებს. ვიმედოვნებ, რომ შევიძენ უამრავ ახალ მეგობარს და, რა თქმა უნდა, მივიღებ სასურველ ცოდნას; როგორც ყველა სხვას, მინდა ვიყო წარმატებული. ბანალურად ჟღერს ალბათ, მაგრამ მინდა ისე ვიცხოვრო, რომ ჩემი სახელი ახსოვდეთ. ვფიქრობ შემიძლია ამის მიღწევა, რადგან ყველგან და ყოველთვის ვიბრძვი საკუთარი მიზნების მიღწევისთვის და ჯერჯერობით ეს გამომდის“. - განუცხადა მან გაზეთ „უნივერსიტეტს“.

სხვა სტატიები »