ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 96 წლისაა

0 , 0000


8 თებერვალს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსებიდან 96 წლის იუბილე აღნიშნა.
საიუბილეო ღონისძიებებს უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ პირველი კორპუსის ფოიეში ცნობილი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული თსუ-ს დამფუძნებლების - ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის ბიუსტები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ გახსნეს, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ფოიეში მოწყობილი გამოფენა „უნივერსიტეტის პირველი სტუდენტები“.

უნივერსიტეტის დაარსების 96-ე წლისთავს მიეძღვნა თსუ ბიბლიოთეკის საგანძურში დაცული იშვიათი გამოცემების გამოფენაც. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ძველი ქართული, ევროპული, რუსული, სომხური და სპარსული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნები. რარიტეტული გამოცემების გამოფენა უნივერსიტეტში 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

საიუბილეო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტს, თსუ კურსდამთავრებულს გიორგი მარგველაშვილს უნივერსიტეტის მედალი გადაეცა.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ უნივერსიტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა, რადგან საქართველოსთვის, მისი ისტორიისთვის, დღევანდელი დღისთვის და მომავლისთვის დავით აღმაშენებელი იყო განსაკუთრებული მეფე, რომელმაც საქართველო გააერთიანა და დიდების გზაზე დააყენა. „სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა სწორედ ეს დღე- 8 თებერვალი აირჩიეს უნივერსიტეტის დაარსებისთვის, რაც სიმბოლურია. სწორედ უნივერსიტეტი უნდა განასახიერებდეს საქართველოს მომავალს, მის წინსვლას. რადგან აქ ხდება ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა, რომელმაც ხვალ უნდა ჩაიბაროს ქვეყნის სადავეები. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხობრივად გაუმჯობესდეს სწავლის დონე, გაძლიერდეს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა. ამ მიმართულებით ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. საუნივერსიტეტო საქმიანობა, მთლიანად ქართული საზოგადოება და ჩვენი სტუდენტობა არის ერთიან საქმეში ჩართული და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იქნება წარმატება. ყველა უნივერსიტეტელს, და ასეთი საქართველოში ძალზე ბევრია, ვულოცავ უნივერსიტეტის დაბადების დღეს“, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თსუ პროფესორებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ამ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო დაწესებულების 96 წლისთავი მიულოცა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს უნივერსიტეტს ერისა და ქვეყნის განვითარებისა და მომავლისთვის. ყველამ ვიცით, რომ ეს არის მეცნიერების, ახალგაზრდების კერა. მაგრამ, ამას გარდა, ეს არის როგორც მენტალური, ისე მორალური ჩამოყალიბების ადგილი. ეს უნივერსიტეტი ასრულებდა და კვლავაც ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი ქვეყნის იდენტობის დადგენის პროცესში. ამ კედლებთან მე ბევრი ისეთი რამ მაკავშირებს, როგორიც მეცნიერებასთან და სხვა ღირებულებებთან ზიარებას შეეხება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - უნივერსიტეტი დღეს საქართველოსთვის უფრო მეტია ვიდრე მეცნიერება, დღეს საქართვლოსთვის უფრო მეტია ვიდრე ცოდნის კერა. ეს უნივერსიტეტი არის ჩვენი იდენტობის ძიების ერთ-ერთი მთავარი წერტილი და მეც, როგორც ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, როდესაც ვფიქრობ იმაზე რანაირად განვითარდება ეს ქვეყანა, მუდამ უკან დავუბრუნდები და შევხედავ უნივერსიტეტს და აქედან ავიღებ ძალას, რომ გემსახუროთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

თბილისის სახელმწუფო უნივერსიტეტის ემერიტუსის, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის თქმით, უნივერსიტეტის დაარსების დღე წლების განმავლობაში გამორჩეულად აღნიშნებოდა და დღესაც აღნიშნება. “პრეზიდენტის მოსვლა უნივერსიტეტში მიანიშნებს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დღეს უნივერსიტეტისკენ მოიხედა. თავის დროზე, თბილისის უნივერსიტეტი დაარსდა როგორც სამეცნიერო და სასწავლო კერა. აქ შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის სკოლები, გაიზარდნენ დიდი მეცნიერები, რომლებმაც ჩვენს უნივერსიტეტს სახელი მსოფლიო მასშტაბით გაუთქვეს. თუმცა, შემდეგ, უნივერსიტეტი ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდა. უნივერსიტეტმა მძიმე შედეგების მომტანი რეფორმების შედეგად ფაქტიურად დაკარგა სამეცნიერო ნაწილი. დღეს ხელისუფლება უნივერსიტეტისკენ შემობრუნდა. მდგომარეობის გამოსწორების პირველი ნაბიჯები ჩვენ უკვე ვიგრძენით. უკანასკნელი წლების მისაღები გამოცდები აშკარას ხდის, რომ ძველი ტრადიციის გავლენით, ყველაზე მეტი აბიტურიენტი მოდის უნივერსიტეტზე. ამავე დროს, ყველაზე მაღალი შედეგის მქონე აბიტურიენტებიც უნივერსიტეტში ირიცხებიან“, - აღნიშნა მარიკა ლორთქიფანიძემ.

თსუ პროფესორის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის განცხადებით, ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა უნივერსიტეტის გახსნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საგანგებოდ დაამთხვიეს. “დამფუძნებლებმა ამით ხაზი გაუსვეს, რომ ახლად დაარსებული უნივერსიტეტი არის მემკვიდრე დავით აღმაშენებლის გელათის აკადემიისა - ამ უძველესი აკადემიისა ევროპაში, რომელიც დაარსდა მე-12 საუკუნეში და რომელიც იყო სხვა ათინა და მეორე იერუსალიმი. ათინა როგორც მაშინდელი განათლების და მეცნიერების ცენტრი და იერუსალიმი როგორც უმაღლესი სულიერების ცენტრი. ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების წყალობით, თბილისის უნივერსიტეტი ჩვენ გელათის აკადემიის მემკვიდრედ მოგვევლინა“.



“უნივერსიტეტში ფეხი დაახლოებით 80 წლის წინ შემოვდგი როდესაც მამაჩემთან ხელჩაკიდებული, თავზე ბანტით, უნივერსიტეტში შემომიყვანეს. მას შემდეგ, 80 წელია ჩემი ცხოვრება უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. ახალდაარსებული უნივერსიტეტის მესვეურები ჩემს გარშემო ტრიალებდნენ, მსჯელობდნენ უნივერსიტეტზე, მის საქმიანობაზე. მათ და მოწინავე ქართულ საზოგადოებას კარგად ესმოდა, რომ შემდგომი წინსვლა ერისა შეუძლებელია უმაღლესი განათლების გარეშე. ქართული უნივერსიტეტის არც დაარსება იყო ადვილი და არც მისი შემდგომი გზა ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. ვინც ერს მტრობდა, მას კარგად ესმოდა, რომ პირველ რიგში იმ ადგილს დაარტყა უნდა, სადაც ხალხის სულიერი კულტურა იწრთობა, იქ სადაც ყალიბდება ახალი თაობა, რომელმაც მომავალი უნდა იტვირთოს“,
- აღნიშნა საზეიმო ღონისძიებაზე თსუ ემერიტუსმა, აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილე მიულოცეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, თსუ პროფესორებმა დავით ნარმანიამ და ნოდარ ხადურმა.

“უნივერსიტეტი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ნომერ პირველი დაწესებულებაა ჩვენს ქვეყანაში სანგანმანათლებლო თვალსაზრისით - არა მხოლოდ სიძველის და გამოცდილების, არამედ იმ მიღწევების და წარმატების გათვალისწინებით, რასაც მან წლების განმავლობაში მიაღწია. ომმა და სიდუხჭირემ უნივერსიტეტი წელში ვერ გატეხა. ის ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს.“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.

“ჩემთვის უნივერსიტეტი არის დედა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და მიხარია რომ დღეს ვარ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტთან ერთად ვზეიმობ მის იუბილეს და ძალიან ბევრ წელს ვუსურვებ უნივერსიტეტს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

უნივერსიტეტს 96 წლის იუბილე საგანგებო განცხადებით მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. “8 თებერვალი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. 96 წლის წინ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დიდმა ქართველმა მეცნიერებმა დააარსეს ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი.

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში შეიქმნა ისეთი საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც შესაძლებელი გახდა ეროვნული და ევროპული ღირებულებების შერწყმა, ზოგადსაკაცობრიო იდეალების მსახურება. სწორედ ამიტომ იქცა უნივერსიტეტი განათლების, ქართული მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს კერად.

ვულოცავ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ყველა მის კურსდამთავრებულს უნივერსიტეტის დაარსების დღეს. მჯერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს და ყოველთვის შეასრულებს მთავარი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას“,
- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

თსუ რექტორმა და საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლებმა 8 თებერვალს ყვავილებით შეამკეს თსუ პანთეონში უნივერსიტეტის დამფუძნებლების საფლავები და მთაწმინდის პანთეონში პატივი მიაგეს ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნას.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. უნივერსიტეტმა, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით დღესაც უდიდესი საგანმანათლებლო კერაა საქართველოში. დღეისათვის თსუ–ის 6 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.












სხვა სტატიები »