ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტთა გარე მობილობის პროცესი დაიწყო

სტუდენტთა გარე მობილობის პროცესი დაიწყო
1 აგვისტო, 2014
2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი (გარე მობილობა) დაიწყო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2014-2015 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა დღეს, 11:00 საათიდან დაიწყო და 21 აგვისტოს 18:30 საათამდე გაგრძელდება.

ამ ვადის განმავლობაში, სტუდენტს შეუძლია პრორიტეტების მიხედვით ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. მობილობის კონკურსში გამარჯვება სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებულ სკალირებულ ქულაზეა დამოკიდებული. მობილობაში 58 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს. გამოცხადებულია 11 243 ვაკანტური ადგილი.

„სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლის ერთი წლის შემდეგ. მობილობის უფლება აქვს ავტორიზებულ უმაღლესში: აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს; 2010 წლის 4 თებერვლის შემდგომ: შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტს სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში; შეწყვეტილი სტატუსის მქონე სტუდენტს სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში; 2010 წლის 4 თებერვლამდე გარიცხულ/ამორიცხულ პირს გარიცხვიდან/ამორიცხვიდა 10 წლის განმავლობაში; ასევე პირს, რომელსაც გავლილი პროგრამის ნაწილი აღიარებულად ეთვლება - აღიარებულ რეჟიმში სწავლის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში", - აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, მობილობას უკონკურსოდ ახორციელებენ დოქტორანტები, მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით; ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე კანონიერად ჩარიცხული სტუდენტები.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, მობილობით ისარგებლონ და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ასევე იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი ტელეფონის ნომერზე: 2 200 220 (3522 ან 3523).

მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები კი გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" ფილიალებში ან სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტის მეშვეობით.

მობილობის შედეგები 25 აგვისტოს განათლების ხარისხის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შედეგების გამოცხადებისთანავე სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

ცენტრი წელს სიახლეს სთავაზობს მობილობით დაინტერესებულ პირებს -  ორშაბათს, 4 აგვისტოს და პარასკევს, 8 აგვისტოს 11:00 - დან 12:00 საათამდე ცენტრი აცხადებს ღია კარის დღეებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ: შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გორგასალი; სსიპ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი; შპს "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ"; ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ-უნივერსიტეტი; შპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი; შპს ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტი;

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

ინფორმაცია გარე მობილობით თსუ-ში გადმოსვლის მსურველთათვის


სხვა სტატიები »