ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ში ახალი ფაკულტეტი გაიხსნება

თსუ-ში ახალი ფაკულტეტი გაიხსნება
28 ივლისი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი იქმნება. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და სენატმა 26 ივნისს მიიღეს. ამ მიზნით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს გამოეყოფა ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება, ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს - განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება, მათი გაერთიანების გზით კი ჩამოყალიბდება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. ახალი ფაკულტეტის შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები 2014 წლის ბოლომდე დასრულდება.

„მეცნიერების ეს ორი დარგი ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავით საჭიროებს დახმარებას, რადგან ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გამო, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორები არაერთი წლის განმავლობაში ითხოვდნენ ცალკე ფაკულტეტზე მოღვაწეობას. რაც შეეხება პედაგოგიკას - ამ პროფილის ადრე არსებული ინსტიტუტები ყველა უნივერსიტეტებად გადაკეთდა და ამ მიმართულებამ სახელმწიფოს მხრიდან ტრადიციული მხარდაჭერა დაკარგა. ამიტომ გადავწყვიტეთ მათი გაძლიერება, რაც ძველი ტრადიციების გაგრძელებითა და ახალი მსოფლიო გამოცდილების გაზიარებით მოხდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ყველა საკითხი შევისწავლეთ. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შედეგია. უნივერსიტეტი ცოცხალი ორგანიზმია და ჩვენ არც ერთ ხელოვნურ ცვლილებას არ განვახორციელებთ, თუ ის საზოგადოების მხრიდან შინაარსობრივად არ იქნება მხარდაჭერილი და ფინანსურად უზრუნველყოფილი. ახალი ფაკულტეტის შექმნას ერთხმად დაუჭირა მხარი თსუ აკადემიურმა და წარმომადგენლობითმა საბჭოებმა. კონსულტაციები გავიარეთ განათლებისა და მეცნიერების სამი-ნისტროსთან, საიდანაც სრული მხარდაჭერა მივიღეთ,“- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ. ფაკულტეტებზე სამეცნიერო საქმიანობით ვერ დავიკვეხნით. დეკანის ახალი მოადგილის დახმარებით, სამეცნიერო მუშაობას ხელი შეეწყობა და ყურადღება გამახვილდება“, - ამბობს იგი.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების სკოლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1917 წლის შემოდგომაზე, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილის ბინაში პროფესორთა საბჭოს პირველი წინასწარი სხდომა შედგა, გადაწყდა, რომ ახლადგახსნილ უნივერსიტეტში ერთი –სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი დაარსებულიყო, რომელსაც ექნებოდა 3 განყოფილება: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამათემატიკო და საბუნებისმეტყველო. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჩამონათვალში თავიდანვე შედიოდა პედაგოგიკა. მეცნიერების ამ დარგს დამფუძნებლები დაარსებისთანავე გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ამიტომ, 1919 წლის სექტემბერში უნივერსიტეტის საპედაგოგო ინსტიტუტი დაარსდა, რომლის გამგედ პროფესორი დიმიტრი უზნაძე აირჩიეს.

სხვა დარგებთან ერთად, უნივერსიტეტის პირველივე თაობის სტუდენტობა ფსიქოლოგიის მეცნიერებასაც სწავლობდა. პედაგოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ფსიქოლოგიის სალექციო კურსს დიმიტრი უზნაძე კითხულობდა. მისი ინიციატივით 1923 წელს უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური ლაბორატორია გაიხსნა, ხოლო 1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შემადგენლობით ფსიქოლოგთა საზოგადოებაც დაარსდა. უნივერსიტეტში შეიქმნა და დაიხვეწა დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია. უნივერსიტეტის კედლებში განვითარდა ქართული ფსიქოლოგიური სკოლა.

უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის დარგი ჯერ ისტორიის, შემდეგ იურიდიული, ხოლო ბოლოს ფსიქოლოგია–ფილოსოფიის ფაკულტეტის შემადგენლობაში ვითარდებოდა. დამოუკიდებელი სახით ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1990 წელს დაფუძნდა. 2005 წლიდან ფაკულტეტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან გაერთიანდა და მის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს დაფუძნდა. დღეისთვის უნივერსიტეტში 6 ფაკულტეტი ფუნქციონირებს: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2014 წლის ბოლოს კი უნივერსიტეტს ახალი – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი შეემატება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

სხვა სტატიები »