ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ამერიკული განათლება - საქართველოში

ამერიკული განათლება -  საქართველოში
28 ივლისი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო პროექტში, რომელიც ქართველ სტუდენტებს საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომების მიღების საშუალებას მისცემს.  „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლითაც აშშ-ისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)   შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს.

პროექტი საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში მიმდინარეობს. კომპაქტი საქართველოსთვის 140 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებისთვის. კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტების განვითარების შედეგად. აღნიშნული უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში.  პროექტის ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარია.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც კალიფორნიაში მდებარე კვლევითი უნივერსიტეტია, საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს 2014-2015 სასწავლო წლიდან განახორციელებს: სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება ელექტრული ინჟინერიის, ქიმიისა (ბიოქიმიის კონცენტრაცია) და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამები.

მემორანდუმს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტმა ნენსი მარლენმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საქართველო მოხვდა იმ ოთხ ქვეყანას შორის, რომელმაც მეორე კომპაქტი და დაფინანსება მიიღო. ეს აშშ-ის გამორჩეული მხარდაჭერის მაგალითია. იმის ნიშანი, რომ საქართველოში დაინახეს, იმის რესურსი, რომ მას შეუძლია ჩადგეს მოწინავე ქვეყნების  სიაში. ამგვარი ნდობა კი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს მთავრობას”.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას შეფასებით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფარგლებში შესასრულებელი პროექტი სრულიად საუნივერსიტეტო პროექტია, რომლის განსახორცილებლად მნიშვნელოვანი, უკვე გაერთიანებული ბაზა და რესური იქნება გამოყენებული. თსუ კი პროექტის წარმატებისთვის ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს.

„საქართველოში იწყება თვისობრივად ახალი პროექტი, რომელიც თანამედროვე საინჟინრო სკოლას შექმნის. პროექტის განხორციელების შედეგად, მივიღებთ პრაქტიკულად ახალი თაობის  ინჟინრებს, რომელთაც საერთაშორისო აღიარების დიპლომი ექნებათ. ამ დიპლომით ისინი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც შეძლებენ მუშაობას. ამ პროექტით იხსნება ახალი შესაძლებლობები ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებისთვის. ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს გაიყვანს საერთაშორისო დონეზე“, - აცხადებს ვლადიმერ პაპავა.

სხვა სტატიები »