ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ დელეგაციის ვიზიტი არგენტინის რესპუბლიკაში

თსუ დელეგაციის ვიზიტი არგენტინის რესპუბლიკაში
4 ივნისი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და არგენტინის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი ურთიერთობების დამყარების საკითხები დაიგეგმა თსუ დელეგაციის არგენტინაში სამუშო ვიზიტის დროს.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ალექსანდრე ცისკარიძის და თსუ საგარეო ურთიერთობათ დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას არგენტინის განათლების სამინისტროს, არგენტინის  მეცნიერების, ტექნოლოგიისა და პროდუქციული ინოვაციების სამინისტროს და ოთხი წამყვანი უნივერსიტეტის (სალვადორის უნივერსიტეტი, ლა პლატას ნაციონალური უნივერსიტეტი, ბელგრანოს უნივერსიტეტი, კილმესის უნივერსიტეტი) წარმომადგენლებს შეხვდნენ.   

თსუ რექტორ ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „თსუ დელეგაციის სამუშაო ვიზიტი არგენტინაში საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ლა პლატას უნივერსიტეტში უკვე არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს შემსწავლელი კათედრა. მომავალში ხელი მოეწერება შეთანხმებას სალვადორის, კილმესის და ბელგრანოს უნივერსიტეტებთან. გარდა ამისა, ჩვენი დელეგაცია მიიღო მეცნიერების და ინოვაციების მინისტრმა ლინო ბარანიაომ, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოთქვა, რათა ქართველი მეცნიერები ჩაერთონ არგენტინელ მკვლევრებთან ერთობლივ კვლევით პროგრამებში. ასევე გაიმართა შეხვედრა არგენტინის განათლების სამინისტროს  კომისართან,  რომელმაც, თავის მხრივ, არგენტინის უნივერსიტეტების  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.“

თსუ წარმომადგენელთა ვიზიტი არგენტინში 23 მაისიდან 1 ივნისამდე შედგა. ვიზიტის დროს,  ლა პლატას ნაციონალურ უნივერსიტეტში მოქმედ ქართული კათედრის წარმომადგენლებთან და მის ხელმძღვანელთან, პროფესორ ნორბერტო კონსანისთან (საერთაშორისო ურთიერთობათა სწავლების ინსტიტუტის დირექტორი) შეხვედრაზე თსუ დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს  კათედრის საქმიანობათა არეალის გაფართოების, ასევე თსუ-სა და ლა პლატას უნივერსიტეტს შორის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით თანამშრომლობის დაწყების პერსპექტივაზე. საუბარი  ერთობლივი კვლევის განხორციელების შესაძლებლობებს, კონფერენციების, სალექციო კურსების ჩატარებას და პუბლიკაციების მომზადებას შეეხო.

ლა პლატას ნაციონალური უნივერსიტეტის საქართველოს კათედრასთან თანამშრომლობით, ბელგრანოს უნივერსიტეტის მოწვევით თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური რეფორმები: ძველი პრობლემები და ახალი გამოწვევები“.

არგენტინის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და პროდუქციული ინოვაციის მინისტრმა ლინო ბარანიაომ ხაზი გაუსვა ანთროპოლოგიის მნიშვნელობას სამხრეთ ამერიკული ქვეყნისთვის და გამოთქვა სურვილი, რომ  ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეების  წარმომადგენლებს ამ  სფეროში თანამშრომლობის საშუალება მიეცეთ.  მიმდინარე წლის შემოდგომაზე თსუ-ში კილმესის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი დაიგეგმა.

სხვა სტატიები »