ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს პირველად მიეცა დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალება

თსუ-ს პირველად მიეცა დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალება
25 სექტემბერი, 2013
ინტერვიუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან

- რა სიახლეა მოსალოდნელი უმაღლესი განათლების სფეროში?
- სიახლეები ნამდვილად გვაქვს. ამ ზაფხულს განსაკუთრებით ბევრი ვიმუშავეთ. თავად სამინისტროშიც ისეთი განწყობა და შემართება იყო, რომ თანამშრომლების ნაწილმა აგვისტოს თვეში შვებულებაც კი არ აიღო.
სიახლეა ის, რომ შეიქმნა რექტორთა საბჭო, რომელშიც ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია წარმოდგენილი. საბჭოს თავმჯდომარე მე გახლავართ. უმაღლესი განათლების რეფორმაზე მომუშავე საბჭო ყოველ კვირაში ერთხელ იკრიბება და განიხილავს სიახლეებსა და მასთან დაკავშირებულ პოზიციებს. ვცდილობ რექტორების მიერ ინიცირებული კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებას (ეს ეხება იურიდიულ, ექსპერტულ დახმარებას, საზღვარგარეთიდან ექსპერტების ჩამოყვანას, ინფორმაციისა თუ გამოცდილების გაზიარებას და ა.შ.) და სხვადასხვა საკითხზე მათი მოსაზრებების გათვალისწინებას. ეს პროცესი ძალიან მომწონს, რადგან აქამდე უნივერსიტეტების რექტორების ჩართულობა პრაქტიკულად არ იყო. დღეს ერთად ვმუშაობთ ისეთ თემებზე, რომელიც ყველას აწუხებს და უნივერსიტეტებისთვის აქტუალურია. ამ პროცესს შეუერთდა ბატონი ლადო პაპავაც. ჩვენ ინდივიდუალური შეხვედრაც გვქონდა და გავიზიარეთ ერთმანეთის ხედვები. ბატონი ლადო პაპავასგან პოზიტიური განწყობა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაფიქსირდა, რაც საერთო მიზნის მისაღწევა დაუცილებელია.
სიახლეა დოქტორანტურის დაფინანსების საკითხიც. წელს ჩვენ დოქტორანტებისთვის პირველად გამოვყავით სოლიდური თანხა. ტექნიკური თვალსაზრისით ამ წამოწყების მხარდამჭერია რუსთაველის ფონდი. კონკურსის წესით შერჩეული თითოეული დოქტორანტისთვის ხელმისაწვდომი იქნება თანხა 21 000 ლარის ოდენობით, რაც, ვფიქრობ, საკმარისია სადოქტორო თემაზე მუშაობისთვის და კვლევისთვის.ამ ეტაპზე დაფინანსება მოიცავს 15 თვეს, შემდეგ კი იგი სამ წლამდე გაიზრდება. შესაბამისად გაიზრდება დაფინანსების ოდენობაც.
სიახლეები გვაქვს სოციალური ფონდის ფარგლებშიც. ესარის ფონდი,რომლითაც სარგებლობენ სოციალურად დაუცველი სტუდენტები(სოციალურად დაუცველთა 12 კატეგორია არსებობს).ეს ფონდი ჩვენ გავაორმაგეთ და გადავანაწილეთ II და III კურსელ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე. აქამდე ეს ფონდი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ I კურსის სტუდენტებისათვის, რომელთა რანჟირებაც ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით ხდებოდა. თავდაპირველად ფონდი 700 სტუდენტს აფინანსებდა, ახლა შეგვიძლია, 1500-ზე მეტს მოვემსახუროთ. ასევე, გავითვალისწინეთ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობა და, შესაბამისად, ვიზრუნეთ მაგისტრანტებზეც, რომელთათვისაც ცალკე ფონდი გამოიყო (ოღონდ, ამ ეტაპზე, მაგისტრანტებთან მიმართებაში სოციალურად დაუცველთა კატეგორიების მცირე რაოდენობაა გათვალისწინებული).

- ახალი პოლიტიკური ვითარების ფონზე აშკარად გამოიკვეთა, რომ თქვენი სამინისტრო ძველებურად აღარ მართავს უნივერსიტეტებს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა თსუ-ში ჩატარებულმა რექტორის არჩევნებმა, რამაც ყოველგვარი ზეწოლისა და პროცესებში სამინისტროს ჩარევის გარეშე ჩაიარა. ეს უდავოდ დადებითი მოვლენაა უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში. ამის ფონზე, საინტერესოა, დღეს რით განისაზღვრებათქვენი მხარდაჭერა უშუალოდ თსუ-ს განვითარებისთვის და წინსვლისთვის?
- ვფიქრობ, რომ ეს არის საერთოდ ჩვენი საზოგადოების დიდი მიღწევა. ეს კარგი დასაწყისია უნივერსიტეტისთვის რეალური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. გახსოვთ, ალბათ, ჩვენ როგორ გვადანაშაულებდნენ უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვაში,როდესაც პარლამენტში შესული პროექტი (უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები) იხილებოდა. ახლა კი ყველამ ნათლად დაინახა - რისი გაკეთებაც გვინდა. თსუ-ში რექტორის არჩევნების პერიოდში სადარაჯოზე მე თვითონ ვიდექი და პროცესს ყველანაირად შევუწყვეხელი, რომუნივერსიტეტს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთებისსაშუალება ჰქონოდა.

- როგორ გესახებათ ურთიერთობა უნივერსიტეტისახალ რექტორთან, ბატონ ლადო პაპავასთან? თუ იცნობთ მის გეგმებს? რა როლს შეასრულებთიმ ინიციატივების განხორციელებაში, რაც ახალ რექტორს აქვს?
- ძალიან ზოგადი მონახაზი ვიცი იმ გეგმებისა, რაც ბატონ ლადოს აქვს, თუმცა ვფიქრობ,რომ მისი გეგმა ძალიან არ განსხვავდება ჩვენი გეგმებისგან. მუშაობის პროცესში დამატებით გამოჩნდება _ რა იქნება შესათანხმებელი,რა მიმართულებითგახდება საჭირო რეკომენდაციების მიცემა და ა.შ. ინსტრუქციებს კი, როგორც ამასყოფილი ხელისუფლება აკეთებდა, ნამდვილად არ მივმართავთ უმაღლესი სასწავლებლებისადმი. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას უნივერსიტეტები თავად უნდა მიეჩვიონ. ამ მხრივ თუ საჭირო გახდება განათლების სამინისტროს ჩარევა, ჩვენ მხოლოდ რეკომენდატორის ფუნქციას შევითავსებთ, რათა საერთო საქმეს დავეხმაროთ.

- როგორც გაცხადდა, იგეგმება უმაღლესი განათლების შესახებ ახალი კანონპროექტის შემუშავება და მიღება. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და როგორი იქნება თქვენი მიდგომები ამ კანონპროექტის შემუშავების პროცესში?რა ახალი მიდგომები იკვეთება, რასაც დაეფუძნება ახალი კანონპროექტი?
- მოგეხსენებათ, რომ დაიძლია პრეზიდენტის ვეტო უმაღლესი განათლების შესახებ იმ კანონზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ამ კანონში ჩადებულია აკადემიური პერსონალისა და მმართველი სუბიექტებისადმი აკადემიური ხარისხის ფლობის მოთხოვნა, რაც, თავის მხრივ, უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხს აამაღლებს (ხარისხიანი პროფესორი ნიშნავს ხარისხიან სწავლებას) – ეს ჩვენი მოლოდინებია. რაც შეეხება ახალ კანონპროექტზე მუშაობას, რექტორთა საბჭოს ფარგლებში ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტის განხილვა. გავლილია ბევრი კონსულტაცია, გაზიარებულია ბევრ ქვეყანაში (დასავლეთ ევროპაში) წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილება. საუბარი არ მაქვს იმაზე, რომ რომელიღაც მოდელი ავიღოთ და ,,კოპირებით” დავნერგოთ. ძალიან არ მომწონს ასეთი მიდგომა, რადგან ყველაფერი უნდა გამომდინარეობდეს იმ საჭიროებებიდან, რაც საქართველოში არსებობს. ამდენად, ახალი კანონპროექტი მომზადების პროცესშია და ვფიქრობ, რომ ნოემბრისთვის ჩვენ შევძლებთ მის წარდგენას პარლამენტისთვის განსახილველად.

- ხომ არ გამოყოფდით რაიმე პუნქტს, რაც სიახლეა?
- კანონპროექტი განათლების სამინისტროს 2013წლის 18 ივნისის დეკლარაციაში ("უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების შესახებ") მოყვანილ პრინციპებზეა აგებულია. ეს მოიცავს აკადემიური თავისუფლების, უნივერსიტეტების ავტონომიურობის უზრუნველყოფის, უწყვეტი განათლების, სწავლისა და კვლევის ერთიანობის და სხვა პრინციპებს. შეიცვლება უნივერსიტეტის შიდა მოწყობა. მიმაჩნია, რომ არ არის მართებული ვისაუბროთ ავტონომიაზე, როდესაც 5, 10 ან 12 კაცის ხელშია ამხელა დაწესებულება.თუ უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, ჯერ უნდა ვიფიქროთ დეცენტრალიზაციაზე. თუ უნივერსიტეტისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში არ ჩაერთვნენ საუნივერსიტეტო საზოგადოების დანარჩენი წევრებიც, გამორიცხულია, ნებისმიერი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხზე საუბარიც. ეს მიდგომა დაკავშირებულია უნივერსიტეტების შიდა მოწყობასთან. საბჭოსთან ერთად განვიხილავთ უნივერსიტეტების ახალ სტრუქტურასდა შიდამოწყობის ისეთ სქემას, რომელიც უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საზოგადოების მეტ ჩართულობას და იმ დემოკრატიული პრინციპების განხორციელებას, რაც ესოდენ გვჭირდება.

_ ახალი კანონის მიღების შემთხვევაში თსუ-ის რექტორის ხელახალი არჩევნები ხომ არ დაინიშნება?
_ ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნების აუცილებლობა თსუ-ში, დღესდღეობით არ დგას. ჩემს მიერ დასახელებული თემები და დეტალები აქტიურად მუშავდება რექტორთა საბჭოს ფარგლებში, რომ მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილებები. არის წინააღმდეგობები, განსხვავებული მოსაზრებები, შენიშვნები, რაც ერთობლივად იქნება გააზრებული და დამუშავებული.

- მითითებულია თუ არა პროექტში პუნქტი, რომლის თანახმადაც რექტორს 7 მოადგილე უნდა ჰყავდეს?
- კონკრეტულ რაოდენობაზე ჯერ არ ვსაუბრობთ. მთავარია შევთანხმდეთ სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე - როგორი უნდა იყოს ფაკულტეტური მოწყობა; როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ადმინისტრაცია; ვინ უნდა მართავდეს ამ ორგანიზაციას - იქნება ეს აკადემიური საბჭო, სენატი თუ სხვა... როგორი იქნება მმართველი რგოლების შემადგენლობადა ა.შ. - ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ამ ეტაპზე ვმსჯელობთ.

- უნივერსიტეტების სსიპ-ად გარდაქმნის პროცესი როდის დასრულდება და უშუალოდ რა ცვლილებებია მოსალოდნელი უნივერსიტეტების სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით?
- 15 სექტემბერს დამთავრდება სსიპ-ად გარდაქმნის პროცესი. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი სასწავლებელი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იურიდიული სტატუსის შეცვლას არაფერი საერთო არ აქვს სახელშეკრულებო პირობებთან და არც შიდა მოწყობასთან. (სახელშეკრულებო ურთიერთობა ჩვენი პრეროგატივა არ არის. რაც შეეხება შიდა მოწყობას, ეს საკითხი რეგულირდება უმაღლესი განათლების შესახებ კანონით). სტატუსის შეცვლით დაცული იქნება სახელმწიფო ქონება, რომელიც არ უნდა გასხვისდეს და განიავდეს, რადგანაც მას ჰყავს თავისი ბენეფიციარი - სრულიად საზოგადოება. მწარე წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე მივიღეთ სწორედ უნივერსიტეტების სსიპ-ად გარდაქმნის გადაწყვეტილება, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ის, რაც საზოგადოებას ეკუთვნის.

- რამდენად ეწინააღმდეგება სახელმწიფო უნივერსიტეტების სტატუსის ეს ცვლილება ავტონომიურობის პრინციპს?
- აღნიშნული ცვლილება საერთოდ არ ეხება ავტონომიურობის თემას. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ახალ ეტაპზე ექნება მოთხოვნები საშტატო განრიგისა და ბიუჯეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც, ნაწილობრივ, რეგენტთა საბჭოს ფუნქცია იყო. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” ახალი კანონის მიღებამდე, გათვალისწინებულია დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებებიიმისათვის, რომ სსიპ-ს მიენიჭოს სპეციალური სსიპ-ის სტატუსი, ანუ უნივერსიტეტებს განესაზღვროთ ის აუცილებელი ფაქტორები, რასაც თავად უნდა არეგულირებდნენ - ეს ეხება საბიუჯეტო საქმიანობას, საშტატო განრიგს...

- ანუ ამას უნივერსიტეტი თავად დაარეგულირებს?
- რა თქმა უნდა. სახელმწიფოს არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ უნივერსიტეტებს უკარნახოს - როგორ გადაანაწილოს თანხები. ფულის რაციონალურ გადანაწილებაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს თავად უნივერსიტეტი.

- წინა ხელისუფლება მეცნიერების მიმართ გულგრილობას იჩენდა და ამ მიმართულებით ბევრი სირთულე გამოიკვეთა. საინტერესოა თქვენი ხედვები - რას გეგმავთ მეცნიერების განვითარებისთვის?
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ბევრი იმუშავა ამ თემაზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რაღაც ნაბიჯები ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ. სავარაუდოდ, ვგეგმავთ ისეთი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას, საიდანაც მოხერხდება სამეცნიერო კვლევების გაძლიერება და განვითარება საქართველოში. ამჟამად არსებობს პროექტის მონახაზი, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა. ვგულისხმობ კვლევითი ცენტრის დაფუძნებას, რომელიც იმუშავებს ქვეყნისთვის აქტუალურ და საჭირო მეცნიერულ მიმართულებებზე. ასევე,ამ კვლევითმა ცენტრმა უნდა უზრუნველყოს უნივერსიტეტებში კვლევითი პოტენციალის გაძლიერება, სრულყოფა... ეს იქნება ორგანიზაცია, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მიმართულებების, ამა თუ იმ გრძელვადიან იპროექტების და სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაზე. მას ასევე ექნება გრანტის გაცემის ფუნქცია და ვფიქრობთ,რომ ამ ცენტრის საშუალებით მოხდეს აკუმულირება, გადარჩენა ჯერკიდევ არსებული პოტენციალისა, რაც ჩვენ დღეს მეცნიერებაში გვაქვს. განათლების კანონთან ერთად ამ პროექტსაც ვამზადებთ, რათა შემდეგ დავიწყოთ მათი განხილვა საზოგადოებრივ წრეებში.

- თუ არის გათვალისწინებული სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების გაზრდა?
- დაფინანსების გაზრდა, სავარაუდოდ, მოსალოდნელია. უნივერსიტეტების სსიპ-ად გარდაქმნა უმაღლეს სასწავლებლებში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. მთავარია შევთანხმდეთ იმ პრიორიტეტებზე, რის მიხედვითაც გადანაწილდება ეს რესურსები. ჩვენ დავიწყეთ ამ თემაზე უნივერსიტეტებთან მუშაობა და ახალი საბიუჯეტო წლიდან ყველა ფაქტორი გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. ამ პერიოდში უნივერსიტეტებს აქვთ შანსი, რომ დაგვანახონ - რაში მდგომარებს დამატებითი თანხების მობილიზების საჭიროება. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ წელსუნივერსიტეტების დაფინანსება გაიზრდება.

- მოგეხსენებათ, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს წლების მანძილზე შელახული ჰქონდა რეპუტაცია იმ თვალსაზრისით, რომ უნივერსიტეტი აღარ იყო თავისუფლების ის კერა, როგორ უნივერსიტეტსაც ეთაყვანებოდა ქართველი კაცი. წინა ხელისუფლების პირობებში უნივერსიტეტში პოლიციური რეჟიმის დამყარებამ, პოლიტიკური ნიშნით ღირებული პროფესურის დევნამ იმიჯი შეურყია უნივერსიტეტს, რაც პრესის ფურცლებზე თითქმის ყოველდღიური განხილვის საგანი იყო. თქვენი აზრით, ზაფხულში ჩატარებულმა თსუ-ის რექტორის არჩევნებმა და არჩევნების შედეგმა რამდენად იქონია გავლენა საზოგადოების განწყობებზე?
- რექტორის პიროვნება დიდწილად განსაზრვრავს უნივერსიტეტის იმიჯს. ის, ვინც უნივერსიტეტს რეალურად არ აურჩევია, როგორ შეიძლება წარმოადგენდეს მის სახეს? გადავხედოთ - 2004 წლიდან რა მოხდა უმაღლესი განათლების კანონში? რექტორს (და არა მოვალეობის შემსრულებელს) ნიშნავდა ჯერ პრეზიდენტი, მერე მთავრობა; შემდეგ ჩატარდა რეფორმა - ყველა ,,გადანიშნეს” და მხოლოდ ამის შემდეგ შემოდის საბჭოს მიერ რექტორის არჩევის პრინციპი. შემდეგ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რექტორის არჩევნების პროცესებს კურირებდა განათლების მინისტრის მოადგილე და პირადადაც ერეოდა ხოლმე ამ პროცესში. როდესაც არჩევნების დროს მინისტრის მოადგილე აქტიურობს, მაღალ ლეგიტიმაციას ვერც მიანიჭებ იმ აკადემიურ საბჭოს, რომელიც არჩევნებს ატარებს. სახელმწიფოს ინტერესი, რა თმა უნდა, ახლაც არის და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია - ვინ იქნება წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველი პირი, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ჩვენ ვუკარნახოთ - ვინ აირჩიონ. ამდენად, ვფიქრობ, ზაფხულში ჩატარებული რექტორის თავისუფალი არჩევნების შემდგომ საზოგადოება კმაყოფილი იქნება.
შეხედეთ სტუდენტების ნაკადს - რამდენი სტუდენტი და როგორი ნაკადია წელს ... ეს, ალბათ, იმ გადაწყვეტილებითაც არის განპირობებული, რომ უკვე 17 მიმართულებას სახელმწიფო აფინანსებს. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში წელს ყველაზე მეტი 100%-იანი დაფინანსების მქონე სტუდენტი მოხვდა. რეიტინგების მიხედვით წელს პირველად არის თსუ პირველ ადგილზე და ამით ძალიან ვიამაყე. რექტორის დამოუკიდებელი არჩევნები ამ ეფექტს გააძლიერებს. სტუდენტები უპირატესობას კვლავ თსუ-ს ანიჭებენ. უფასო მიმართულებებზე წამოვიდა დიდი ნაკადი და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ უპრეცედენტო რაოდენობა სტუდენტებისა (მათ შორის ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტების) თსუ-ში.

გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“



სხვა სტატიები »