ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

...შანსი, რომელიც თსუ-მ მომცა

14 ნოემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოს 37 ქვეყნის 106 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი სასწავლო პროგრამების, კვლევების, პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას. 2006 წლიდან თსუ-ის 480-ზე მეტ სტუდენტსა და 100-ზე მეტ პროფესორ-მასწავლებელს მიეცა შესაძლებლობა ესწავლა და ემუშავა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ამავე პერიოდში, 250-მდე უცხოელი სტუდენტი და პროფესორი მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესში.

მარიამ თავდგირიძე ერთ-ერთია იმ წარმატებულ სტუდენტებს შორის, რომელმაც თსუ-ს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მაზარიკის უნივერსიტეტში ერთი სემესტრი გაატარა. ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიცემული შანსით მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა - “გაცვლითი სემესტრი სხვა ქვეყანაში, უცხო გარემოში, უცხო ადამიანების ირგვლივ უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის ერთის მხრივ და რა თქმა უნდა უდიდესი შანსი მეორეს მხრივ. ეს ერთი სემესტრი იყო დრო, როდესაც ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი, ჩამოვყალიბდი და მივხვდი თუ რა მინდოდა, რისკენ მივილტვოდი ცხოვრებაში. ეს 6 თვე დამეხმარა უდიდესი გამოცდილების მიღებაში. მივხვდი, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია და მე შემიძლია მივაღწიო ყველაფერს, თუ მე ამას მოვინდომებ და ვიმუშავებ საკუთარ თავზე და ბევრს ვიშრომებ ჩემი მიზნების რეალიზაციისათვის.“ - წერს მარიამი წერილში, რომელიც მარიამისგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღეთ.

მარიამმა კონკურსის შესახებ, თსუ-ს ვებგვერდიდან შეიტყო და გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა - “ეს იყო საუკეთესო შანსი ჩემთვის რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში სწავლის, სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მიღებისა. შემოთავაზებულ უნივერსიტეტებში ისწავლებოდა ძალიან ბევრი საინტერესო საგანი, რომელსაც თსუ-ში ვერ გავივლიდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ გაცვლითი პროგრამით ბევრი რამ შეიცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში და ახალი ჰორიზონტები გაიშლებოდა ჩემს წინ და მივიღებდი ისეთ გამოცდილებას, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამომადგებოდა“.

მარიამ თავდგირიძის თქმით, გაცვლითი სტუდენტის სტატუსის მოპოვება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი ბოლო ეტაპი - გასაუბრება კომისიასთან. “ვიჯექი მარტო, რამდენიმე ადამიანის წინაშე, რომლებიც უნდა დამერწმუნებინა, რომ ვიყავი საუკეთესო კანდიდატი გაცვლითი პროგრამისათვის, კითხვები კი მრავალფეროვანი იყო. გასაუბრების ეტაპი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ინდივიდუალურად ფასდები და უშუალო შეხება აქვთ შენთან და შენს მოტივაციასთან, ანუ ყველაფერი არის დამოკიდებული შენზე“, - ამბობს იგი.

მარიამი დღეს კვლავ უნივერსიტეტელია, იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობს და სურს სხვა სტუდენტებსაც გაუზიაროს ის შთაბეჭდილება და გამოცდილება რაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩეხეთის ქალაქ ბრნოში, მაზარიკის უნივერსიტეტში მიიღო. “თითოეული ლექტორი ცდილობდა თავისი მაქსიმუმი გაეკეთებინა და თავისი ცოდნა ბოლომდე გადმოეცა ჩვენთვის. ის მონდომება, რაც მე მათში დავინახე ნადმვილად შთამბეჭდავი იყო. თითოეული ლექტორი ორიენტირებული იყო სტუდენტზე და ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ ჩვენს დახმარებას. საინტერესოა მაზარიკის უნივერსიტეტის დამოკიდებულება გაცვლითი სტიდენტების მიმართ - ორგანიზებული იყო ათასი ღონისძიება მთელი სემესტრის განმავლობაში, გაწერილი იყო თითოეული დღე საერთაშორისო სტუდენტთა ასოციაციის მიერ და ისეთი გარემო იყო შექმნილი, რომ თავს უცხოდ არ იგრძნობდი. მნიშვნელოვანი იყო კულტურული გამოცდილება, რომელიც მივიღე - გაცვლითი სტუდენტები იყვნენ მთელი მსოფლიოდან და ყოველ კვირას ვატარებდით საკუთარი ქვეყნების პრეზენტაციებს. ამ მხრივაც უფრო მეტად დავაფასე სხვა ქვეყნები და საერთოდ ადამიანები. ეს ყველაზე მოკლედ რაც შემიძლია ვთქვა, ამ თემაზე საუბარი შემიძლია შეუჩერებლად, იმდენად დიდი გამოცდილება მივიღე და იმდენად მეტად გავიზარდე ამ გაცვლითი პროგრამის შემდგომ“ - აღნიშნავს იგი.

“ბოლოს მინდა მადლიერება გამოვხატო იმ შანსისთვის რაც თსუ-მ მომცა. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვაფასებ და ვაანალიზებ იმას, თუ რამდენი რამე შეცვალა ამ ერთმა სემესტრმა ჩემს ცხოვრებაში - ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების, საზოგადოების, ქვეყნის და ა.შ. გაორმაგდა ჩემი მოტივაცია სწავლის და ახალი ცოდნის შეძენის მხრივ, კიდევ უფრო მონდომებული გავხდი და მიზანდასახული . თავს უფრო მეტად თავდაჯერებულად ვგრძნობ და მივხვდი იმას, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია და მე შემიძლია მივაღწიო ყველაფერს, მე ამას მოვინდომებ და ვიმუშავებ საკუთარ თავზე და ბევრს ვიშრომებ ჩემი მიზნების რეალიზაციისათვის“.
სხვა სტატიები »