ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მულტიმედია ცენტრი თსუ-ში

15 ნოემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავალი ჟურნალისტებისთვის მულტიმედია ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აშშ-ს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით და არის ჩვენი და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი პროდუქტი. რომ არა მათი ძალისხმევა, ეს ცენტრი ვერ შეიქმნებოდა. ეს კი აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა სტუდენტებმა უნივერსიტეტში სრულფასოვანი განათლების მიღება შეძლონ, რათა ჩამოყალიბდნენ ისეთ ჟურნალისტებად, რომლებიც ჩვენს მედიასივრცეს გამოადგება."

„თსუ-ში გახსნილი მედიაცენტრი სტუდენტებს ცოდნის ამაღლებაში შეუწყობს ხელს. პროფესიონალური და თავისუფალი მედია ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. მულტიმედია ცენტრის დაფინანსებით აშშ-ის საელჩო შეეცადა, ხელი შეეწყო მომავალი ჟურნალისტების უნარ-ჩვევების ამაღლებისთვის. ჩვენი მიზანი იყო, მომავალ ჟურნალისტებს ჰქონოდათ ისეთი ცენტრი, სადაც ტექნოლოგიურად მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებას შეძლებდნენ, ეს პროდუქტი კი ამავდროულად გარკვეულ წვლილს შეიტანდა საზოგადოებრივი დისკუსიის განვითარებაში. აღნიშნული მედიაცენტრის გახსნის მხარდაჭერით ჩვენ გარკვეული წვლილი შევიტანეთ ჟურნალისტების განათლების განვითარების საქმეში"- აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილიმა მულტიმედია ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ცენტრი მომავალი ჟურნალისტების პროფესიულ უნარებს განავითარებს და მათ დასაქმებაში დაეხმარება. განათლების სამინისტრო არსებული შესაძლებლობის ფარგლებში მხარს დაუჭერს მსგავსი ინიციატივების განხორციელებას სამომავლოდ".

მულტიმედია ცენტრის გახსნაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო. ინფრასტრუქტურის შეძენის პარალელურად თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებაზე განახლდა სასწავლო პროგრამები, მიმდინარეობს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვა. სტუმრები გაეცნენ ცენტრის მუშაობის პრინციპებს. სტუდენტებმა მულტიმედია ცენტრში პირველი ინტერვიუ აშშ ელჩთან ჩაწერეს.

მულტიმედია ცენტრის გახსნის შემდეგ აშშ-ს ელჩი თსუ ამერიკის შესწავლის ინსტიტუტს ეწვია. ხოლო შემდგომ თსუ სააქტო დარბაზში სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტებთან შეხვედრაზე რიჩარდ ნორლანდმა ამერიკის მთავრობისა და თსუ-ს წარმატებულ თანამშრომლობაზე, გაცვლით პროგრამებზე ისაუბრა. მისი თქმით, „თსუ გამორჩეული სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში. ეს უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა სწავლების მაღალი დონით.“ ამერიკის ელჩმა ისაუბრა ბოლო ერთი წლის განმავლობაში „საქართველოში განვითარებულ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებზე“ და აღნიშნა, რომ „აშშ კვლავ დარჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად; ხელს შეუწყობს საქართველოს სტაბილურ გარემოს და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.“

შეხვედრის ბოლოს რიჩარდ ნორლანდმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა. შეხვედრის ბოლოს თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ რიჩარდ ნორლანდს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი გადასცა და მისი ავტორობით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცემული წიგნი Economic Reforms in Post-Communist Georgia: Twenty Years After (ეკონომიკური რეფორმები პოსტკომუნისტურ საქართველოში: ოცი წლის შემდეგ) უსახსოვრა.



სხვა სტატიები »