ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნივერსიტეტი - ჩემი არჩევანი

26 იანვარი, 2014
პროფესიისა და იმ უნივერსიტეტის არჩევანი, რომელშიც ეს პროფესია უნდა შეიძინო, ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევანია. სწორედ 17-18 წლის ასაკში მიღებული ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს ადამიანის პროფესიული, და არა მხოლოდ, ცხოვრების შინაარსს, წარმატებას, სამომავლო გზას. ამიტომ მისი მიღება აუჩქარებლად, ბევრი არგუმენტის მოსმენისა და გააზრების შედეგად უნდა მოხდეს.
რატომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს და, იმედი მაქვს, თქვენც იპოვით ამ პასუხს.

ჩემთვის ეს პასუხი ჩემი, როგორც თსუ რექტორის გამოწვევებსაც შეიცავს:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოსა და კავკასიაში, სამეცნიერო-სასწავლო პროცესის დიდი ტრადიციით; მიუხედავად არაერთი განსაცდელისა, უნივერსიტეტმა შეძლო ამ ტრადიციის და ხარისხის სტანდარტის შენარჩუნება; დღეს ჩვენი მიზანი 21-ე საუკუნის მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილება და რეგიონში ლიდერის სტატუსის მყარად დამკვიდრებაა;
უნდა აღინიშნოს, რომ თსუ დღესაც ლიდერია თანამედროვე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის - საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო თუ სტუდენტურ კონკურსებში მოპოვებული გამარჯვებებით; ყველაზე მაღალრეიტინგიანი სტუდენტების უმეტესობაც დღემდე არჩევანს კვლავ თსუ-ზე აკეთებს;

უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესურით - თავისი საქმის საუკეთესო პროფესიონალებს, მეცნიერებს თუ პრაქტიკოსებს, ყოველთვის პატივად მიაჩნდათ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება; ეს ტრადიცია გრძელდება დღესაც;

თსუ-ს აქვს უნიკალური საბიბლიოთეკო ბაზა. მას ყოველწლიურად ემატება ახალი სახელმძღვანელოები - მხოლოდ 2013 წლის შემოდგომაზე შევძელით შეგვეძინა 521 დასახელების 1305 სახელმძღვანელო და დავიწყეთ ბიბლიოთეკის ციფრულ მატარებლებზე გადატანის პროექტის დამუშავება; ბიბლიოთეკას ასევე აქვს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო საბიბლიოთეკო რესურსებზე წვდომა;

უნივერსიტეტის სტუდენტებს ემსახურება ათობით საბიბლიოთეკო დარბაზი, კომპიუტერული რესურს-ცენტრი ყველა კორპუსში, სასწავლო ლაბორატორიები, ტელე და რადიო სტუდია, იმიტირებული სასამართლოს თანამედროვე სტანდარტიით მოწყობილი სასწავლო დარბაზი (ერთადერთი საქართველოში) და ა.შ.

სტუდენტებს საშუალება აქვთ გამოავლინონ მეცნიერული უნარები - ჩაერთონ უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში, მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში, რომელთა რიცხვს 2014 წლის გაზაფხულიდან ყოველწლიურად კიდევ ორი ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი შეემატება; მათ საშუალება აქვთ გამოუშვან სტუდენტური სასწავლო თუ სამეცნიერო ჟურნალები და გაზეთები; მიიღონ მონაწილეობა არქეოლოგების, ეთნოლოგების, გეოგრაფების ექსპედიციებში; ცნობილ მედიკოსებთან ერთად გაიარონ სამედიცინო პრაქტიკა; გაიღრმავონ ცოდნა ფიზიკისა და ქიმიის თანამედროვე ლაბორატორიებში; 2014 წლის გაზაფხულიდან ამ ლაბორატორიებს ორი ახალი, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია დაემატება; უნივერსიტეტი ასევე იქნება პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, სადაც წელს პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი ამოქმედდება;

ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროექტებში, რომელთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება; სურვილის შემთხვევაში მიიღონ ორმაგი მაგისტრის ხარისხი ზოგიერთ სპეციალობაში, ისწავლონ ინგლისურ ენაზე, გაიღრმავონ ცოდნა ენის ცენტრებში, რაც მათ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას გაუადვილებს;

უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ საშუალება თავიანთი ნიჭი და უნარები, სწავლისა და მეცნიერების გარდა, გამოავლინონ სპორტსა და კულტურაში. ფუტსალისა და კალათბურთის, მშვილდოსნობისა თუ ძალოსნობის, ალპინიზმისა და სხვა სპორტის მიმდევრებს აქ შეუძლიათ ახალი გუნდი და განვითარების ახალი შესაძლებლობები იპოვონ; ქალთა ანსამბლი „გორდელა“, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „უნივერსიტეტი“, „თსუ-არტი“, თეატრი „სხვენზე“ - ეს უნივერსიტეტის კულტურული ღონისძიებების მთავარ მონაწილეთა მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია, რომელთა განვითარებასაც თსუ მხარს უჭერს;

თსუ სტუდენტებისთვის ასევე ტარდება არაერთი კონკურსი, რომელიც მათი შემოქმედებითი უნარების მხარდაჭერისა და წახალისების საშუა-ლებას იძლევა;

ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ უპირატესობებისა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლასა და მოღვაწეობას გააჩნია დღეს. ჩვენი მიზანი ამ უპირატესობების გაზრდაა _ იმედი გვაქვს ამ საქმეში წელსაც საუკეთესო ახალგაზრდები - თსუ-ს მომავალი სტუდენტები შემოგვიერთდებიან.

თსუ რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა

სხვა სტატიები »