ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ინიციატივა სტუდენტების დასაქმების ხელშესაწყობად - კარიერული განვითარების ცენტრი თსუ-ში

27 მაისი, 2014
უმაღლესი სასწავლებლების მთავარი ფინქციაა ადამიანს მისცეს ისეთი განათლება, რომელიც მას შემდგომში დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. კურსდამთავრებული შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი რომ იყოს, დასავლეთის წამყვანი უნივერისტეტები სწავლის პროცესშივე ამზადებენ  სტუდენტებს კარიერული განვითარების უნარ-ჩვევებში, რისთვისაც სპეციალური სამსახურები მუშაობს. განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, გასული წლის დეკემბერში თბილისის ივ. ჯავახიშივლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კარიერული განვითარების ცენტრი შეიქმნა, რომელმაც 2014 წლის მარტიდან ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება.

თსუ-ს კარიერული განვითარების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელია ხათუნა ცხადაძე, ტემპუსის პროექტის ფარგლებში ამოქმედდა. პროექტის ხელმძღვანელია ვილნიუსის უნივერსიტეტი და მასში ჩართულია საქართველოს შვიდი უნივერიტეტი - თსუ, საქართველოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ახალციხის, ზუგდიდის, თელავის და ბათუმის უნივერისტეტები. ამ პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის კარიერული მომსახურების სერვისის განვითარება.

„მართალია, კარიერული განვითარების ცენტრი ტემპუსის პროექტის რეკომენდაციით გაიხსნა, მაგრამ ამგვარი სამსახურის გახსნა თსუ-ში ისედაც მოიაზრებოდა, რადგან იგი ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია უნივერსიტეტისთვის. ცენტრის ფუნქციაა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებისთვის ხელის შეწყობა. ხშირად სტუდენტები ამას არასწორად აღიქვამენ. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ეს არის სამსახური, სადაც შევა და მაშინვე დასაქმდება. ჩვენ არავის არაფერს ვპირდებით, რადგან დამოკიდებულები ვართ შრომის ბაზრის მოთხოვნაზე. ცენტრი აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას, იყვნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები, რაც დასაქმების უფრო მეტ შანსს აძლევთ. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი არის კარგი პროფესიონალი, მაგრამ არ შეუძლია საკუთრი თავის პრეზენტაცია, ან სწორად ვერ აწვდის დამსაქმებელს ინფორმაციას, სწორედ ამ პრობლემების დაძლევაში ეხმარება მათ ჩვენი ცენტრი“, - აცხადებს ხათუნა ცხადაძე.

თსუ-ს კარიერული განვითარების ცენტრის ფუნქციაა დაეხმაროს სტუდენტს ზოგადი უნარების, თვითპრეზენტაციის, შრომით ბაზარზე პრაქტიკული და თეორიული ცოდნის განვითარებაში. აჩვენოს მას დასაქმების რა პერსპექტივებია საქართველოში, როგორ უნდა ეძიოს სამუშაო, რა გზები არსებობს კარიერულ განვითარებაში, რაც არა მხოლოდ დასაქმებას, არამედ საკუთრი განათლების შემდგომი ეტაპების სწორად წარმართვას გულისხმობს.

„საქართველოში ხშირად სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში სპონტანურად აბარებენ, ოჯახის წევრების გავლენით, ან არჩევანის სისტემით ხვდებიან იქ, სადაც ნაკლებად სურთ. ამიტომ ასეთი სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიულ თვითგამორკვევაში დახმარება. რა უნდათ ზუსტად და რა მიდრეკილება აქვთ? ღრმა ფსიქოლოგიურ ტესტებზე არ გვაქვს საუბარი, ეს ცენტრის ფუნქცია არ არის. ჩვენი მიზანია, მათი ინფორმირება, რჩევა, კონსულტირება და, რა თქმა უნდა, უმთავრესი კომპონენტია დამსაქმებელთან მათი დაკავშირება და ა.შ.“, - განმარტავს ცენტრის ხელმძღვანელი.

იმისათვის, რომ თსუ-ს სტუდენტი კონკურენტუნარიანი გახდეს შრომის ბაზარზე, კარიერული განვითარების ცენტრი სპეციალური ტრენინგების კურსს ატარებს, რომელიც დაახლოებით 4 საათს გრძელდება. ნებისმიერ სტუდენტს საკუთარი სურვილით, შეუძლია აირჩიოს მიმართულება, თუ რა კუთხით სურს ცოდნის ამაღლება - ეს იქნება თვითპრეზენტაციის უნარი, ინტერვიუები, CV-ის, სამოტივაციო წერილის დაწერა, ზოგადად სამუშაოს ძიების მექანიზმები და ა.შ. და მიიღოს თეორიული განათლება. როგორც ხათუნა ცხადაძე აცხადებს, თუ ცენტრი საჭიროდ მიიჩნევს სპეციფიური ტრენინგის ჩატარებას და ამის ფინანსური საშუალებაც იქნება, არ არის გამორიცხული, შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოწვევაც, რომელიც ჩაატარებს სპეცკურსს.

ამასთან, ცენტრს აქვს კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული ბიბლიოთეკა. წიგნების მნიშვნელოვანი ნაწილი თსუ-ს ვილნიუსის უნივერსიტეტმა გადმოსცა. ეს ლიტერატურა ძირითდად ინგლისურენოვანია, მაგრამ იგეგმება მათი ქართულ ენაზე თარგმნაც.
რაც შეეხება დამსაქმებელის და სტუდენტის დაკავშირებას - ხათუნა ცხადაძის განმარტებით, ცენტრს უკვე გააჩნია დამსაქმებელთა მონაცემთა ბაზა და რეგულარული კავშირი აქვს ამა თუ იმ ბიზნესის კადრების მენეჯერებთან. სწორედ ისინი აწვდიან ინფორმაციას, თუ რა ვაკანსიები გააჩნიათ და რომელი პროფესიის სტუდენტების დასაქმება იქნება მათთვის სასურველი.

„საქართველოში ძირითადი დამსაქმებელი საჯარო სექტორია, მაგრამ იქ გარკვეული რეგულაციები არსებობს, რომელიც სტუდენტის დასაქმებას ფაქტობრივად გამორიცხავს. ამიტომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი კერძო სექტორია. უფრო აქტიური კი საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო კომპანიები არიან, რომლებიც თვითონაც არიან დაინტერესებულები, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე ზუსტად იმ პროფესიის ადამიანის განცხადება შევიდეს, რისი მოთხოვნაც აქვთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თსუ რეკომენდაციას აძლევს სტუდენტს დამსაქმებელთან, ჩვენ ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით ერთის მხრივ სტუდენტთა კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფს და მეორეს მხრივ - დამსაქმებელს“, - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.

იმისათვის, რომ სტუდენტების და დამსაქმებლების შეხვედრა უფრო მობილური და ეფექტური იყოს, კარიერული განვითარების ცენტრი პერიოდულად ფაკულტეტების მიხედვით აწყობს ფორუმს, სადაც დამსაქმებლების და სტუდენტები ხვდებიან ერთმანეთს. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს ასევე ფეისბუკის, იმეილის და, თუ საჭიროა, SMS-ის საშუალებითაც სისტემატურად მიეწოდება.

კარიერული განვითარების ცენტრის მომსახურებით თსუ-ს ნებისმიერი კურსის სტუდენტს შეუძია ისარგებლოს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი სულ ცოტა ხანია რაც ფუნქციონირებს, სტუდენტების დაინტერესება უკვე საკმაოდ მაღალია. ამჟამად თსუ-ში კარიერული განვითარების საკითხებზე, ტემპუსის პროექტის ფარგლებში, ტარდება საპილოტე კურსი, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო 60 სტუდენტს. თუმცა, როგორც ხათუნა ცხადაძე აღნიშნავს, დაინტერესებულ სტუდენტთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ საბოლოოდ ოთხი ჯგუფი შეიქმნა: თითო-თითო - ეკონომიკის, ბიზნესის და იურიდიულ მიმართულებებზე, ხოლო ორი ჯგუფი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. პილოტური პროგრამა ივნისის დასაწყისამდე გაგრძელდება და სტუდენტები 15 სალექციო კურსს მოისმენენ 15 თემაზე, რომელიც კარიერული განვითარებისა და დასაქმე-ბის ხელშეწყობის ყველა საკვანძო საკითხს შეეხება.

„კარიერული განვითარებისადმი სტუდენტების ასეთი დაინტერესება იმას ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში საქართველოში დანერგილი ტრადიცია, თითქოს სამსახურის ძებნა უმაღლესი განათლების დასრულების შემდეგ უნდა დაიწყო, თანდათან ინგრევა და ეს უკვე კარგია. სტუდენტები თანხმდებიან დაბალ ანაზღაურებად სამსახურზე ან სრულიად უხელფასოდ იწყებენ მუშაობას, იმისათვის, რომ ჰქონდეთ შრომითი გამოცდილება. დასაქმების თვალსაზრისით ასეთი სტუდენტი შრომით ბაზარზე უკვე კონკურენტუნარიანია და კარიერული განვითარების თვალსაზრისითაც უფრო სწორად იაზრებს საკუთარ მომავალს.“ - ამბობს ხათუნა ცხადაძე.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, კარიერიული განვითარების ცენტრის არსებობა დღევანდელ კონკურენტულ გარემოში თსუ-სთვის მნიშვნელოვანია არა მარტო კომერციული თვალსაზრისით, არამედ დამსაქმებლებთან ურთიერთობა უნივერსიტეტს დაეხმარება სასწავლო პროგრამების განვითარებაშიც.

„უნივერსიტეტი ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ, შესაძლებელია, ბაზრის მოთხოვ-ნიდან გამომდინარე, თსუ-ში ისწავლებლოდეს არა მხოლოდ ტრადიციული საგნები, არამედ დაინერგოს ახალი პროგრამები, რაც მას უფრო მოთხოვნადს გახდის. კარიერული განვითარების ცენტრი კი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რადგან ბაზრის მოთხოვნის ანალიზი სწორედ ჩვენი ფუნქციაა“, -აცხადებს ხათუნა ცხადაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ მომავალში ცენტრის მუშაობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მობილური გახდება. სტუდენტები კი კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხებს რეგულარულად მიიღებენ წინასწარ დათქმულ დღეს, ორი საათის განმავლობაში. ეს ფუნქცია ცენტრში სექტემბრიდან ამოქმედდება და ამის შესახებ სტუდენტები ცენტრის ფეისბუკის გვერდის მეშვეობით შეიტყობენ.


სხვა სტატიები »