ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მარინე ჩიტაშვილი: "... თუ არ გავაკეთებთ ჩვენ, მოვა თაობა, რომელსაც აუცილებლად მოუწევს ამის გაკეთება”

მარინე ჩიტაშვილი: "... თუ არ გავაკეთებთ ჩვენ, მოვა თაობა, რომელსაც აუცილებლად მოუწევს ამის გაკეთება”
28 აპრილი, 2014
ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის დღიდან, უნივერსიტეტი რეფორმის მოლოდინში ცხოვრობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფს, რომელიც თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის 2014 პროექტზე მუშაობდა. ჯგუფში თსუ ფაკულტეტის დეკანები და თსუ ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლები შედიოდნენ. სამუშაო ჯგუფმა უნივერსიტეტის პირველადი შეფასებაც გააკეთა და რეფორმის ხედვის პირველი დოკუმენტიც დადო. ანგარიშ-შეფასების, კომენტარების ყველა ფაკულტეტს გადაეგზავნა, განხილვა 17-28 მარტის შუალედში მოხდა თსუ ექვსივე ფაკულტეტზე. ქალბატონი მარინე ამბობს, რომ მიზანზე - თსუ გახდეს თანამედროვე საერთაშორისო-კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც ჩადგება 500 მოწინავე უნივერსიტეტის რიგებში, კონსენსუსი მიღწეულია. თუმცა ამ მიზნისკენ გადასადგმელ ნაბიჯებსა და კონკრეტულ გზებზე შეთანხმება ჯერ კიდევ წინაა.

- თავდაპირველად საკმაოდ უტოპიური გეგმა გვქონდა - 21 ნოემბრიდან 1 იანვრამდე დაგვედო სამომავლო განვითარების ხედვა. მაგრამ უნივერსიტეტი ძალიან დიდი სტრუქტურაა. თუ ამოსავალი პრინციპია, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს ევოლუციური გზით, აკადემიური პერსონალის მაქსიმალური ჩართულობით, თანასწორობის და თანაბარუფლებიანობის პრინციპის დაცვით, აკადემიური თავისუფლების მოდუსის ხელშეუხებლობით და შედეგად მიიღო თანამედროვე ტიპის, სტუდენტზე ორიენტირებული, საერთაშორისო კვლევითი უნივერსიტეტი, აღმოჩნდება, რომ თქვენ ამას 2 თვეში ვერ გააკეთებთ. უფრო მეტიც - საუკეთესო შემთხვევაში, შედეგი შეგიძლიათ მიიღოთ რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ. მანამდე კი ჯერ ის უნდა შეაფასო, თუ რა გაქვს ახლა და რა გაკლია, ან რა გაქვს გასაკეთებელი, რომ შექმნა ის, რაც გინდა..
შეფასების დოკუმენტი გულისხმობდა მარტივ ფორმულირებას - თქვენ გაქვთ N რაოდენობის ფული, რას აკეთებთ ამ ფულით? რამდენად ეფექტურად და ეფექტიანად ხარჯავთ ამ ფულს იმისათვის, რომ შეასრულოთ თქვენი ორგანიზაციის მისია და დანიშნულება?
უნივერსიტეტის ძირითადი ფუნქციაა ცოდნის (რაც გულისხმობს სწავლებასა და კვლევას გაერთიანებულს) შენახვა, გავრცელება, გენერირება. ამას სჭირდება როგორც სტუდენტი, ისე პროფესორი და ასევე ადმინისტრაცია, რომელიც სერვისის მიმწოდებელი სტრუქტურაა. მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაცია განკარგავს მატერიალური რესურსებს, კადრებსა და ფინანსებს. ჯგუფის მიზანი იყო შეგვეფასებინა, რამდენად ეფექტიანად მუშაობს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი არსებული დაფინანსების პირობებში. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ეს შეფასება საკმაოდ ბევრი სჯა-ბაასის, შეხვედრების, კამათისა და აზრთა შეჯერების შედეგია.

- რა აჩვენა თქვენმა კვლევამ - მოსალოდნელზე უკეთესი სიტუაცია დაგხვდათ თუ პირიქით?
- ჰოც და არაც. ნებისმიერი შეფასება მოლოდინის შემოწმებაა და საკმაოდ უცნაური სიტუაცია აღმოჩნდა - იქ, სადაც ველოდი, რომ საქმე კარგად იქნებოდა, ცუდად აღმოჩნდა; იქ, სადაც ველოდი, რომ ძალიან ცუდად იქნებოდა - საკმაოდ კარგად. რაც მთავარია, გამოიკვეთა პრიორიტეტები და გაირკვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ განვითარდეს. მეტიც, ხელიც რომ არ გაანძრიოს, საქართველოში 15 წელი კიდევ შეიძლება დარჩეს ლიდერ უნივერსიტეტად. მაგრამ არის თუ არა ეს საკმარისი? დიახ, უნივერსიტეტს აქვს ბევრი გრანტი, ბევრი პროფესორი მიდის საზღვარგარეთ, ჩვენი მაგისტრები და დოქტორანტები დიდ წარმატებებს აღწევენ, მაგრამ ეს არის ინდივიდუალური და არა უნივერსიტეტის, როგორც ორგანიზაციის დამსახურება. დღეს არც ჩვენ და საქართველოში არსებული არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი, რაც არ უნდა პრეტენზიები ჰქონდეს, მსოფლიოს საუკეთესო 1500-შიც კი ვერ მოხვდება. საუბარია რეალურ რეიტინგულ სისტემაში მოხვედრაზე, რაც ამ უნივერსიტეტისთვის ნდობის გამოცხადებას გულისხმობს.
ჩვენ მოვამზადეთ დოკუმენტი, რომლის მზადების პერიოდში პარალელურად გავრცელდა ძალიან ბევრი ჭორი და უცნაური შეფასებები. არ ვიცი, ეს იყო ნაკლები ინფორმირებულობის ბრალი თუ იმის, რომ ადამიანებს ჰქონდათ პრეტენზია, თითქოს ათენის აგორას მსგავსად, ყველა ერთად უნდა დავმდგარიყავით და აღგვესრულებინა სამართალი, [ისე, როგორც აგორამ გამოუტანა განაჩენი სოკრატეს]. სამუშაო ჯგუფის დოკუმენტი დაიდო იმისთვის, რომ ასახულიყო რეალური სიტუაცია და გვეცადა მიგვეღწია კონსენსუსისთვის იმის თაობაზე, თუ რა არის გასაკეთებელი.
მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ემყარება არსებული სიტუაციის შეფასებას, კონკრეტულ რიცხვებს, ემყარება სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან შედარებას.
მაგრამ ნებისმიერ ცვლილება მოითხოვს ძალისხმევას. ცვლილება შეიძლება განხორციელდეს ზემოდან ქვემოთ, ყოველგვარი შეკითხვების გარეშე, რასაც ჩვენ ვუყურებდით ბოლო 9 წლის განმავლობაში და ვნახეთ როგორ დასრულდა... შეიძლება განხორციელდეს ქვემოდან ზემოთ, რაც რევოლუციას გულისხმობს, რაც ასევე ვნახეთ. ჩვენ არ გვინახავს, როგორ შეიძლება განხორციელდეს რეფორმა კონსენსუსის კვალობაზე, როცა პირობითად 5000 კაცი თანხმდება მიზანზე და იმ სტრატეგიაზე, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო.

- რამდენად რეალისტურია დღეს ასეთი კონსენსუსის მიღწევა?
- რამდენად რეალისტურია, ამას უნივერსიტეტის რეალობა გამოაჩენს. დღეს მისაღწევია შეთანხმება იმის თაობაზე, გვჭირდება თუ არა მუშაობა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. საკმაოდ ბევრი საინტერესო მაგალითი არსებობს ამ თვალსაზრისით - მაგალითად დიდ ბრიტანეთში ვორვიკის უნივერსიტეტი, რომელიც დააარსდა 1964 წელს. შეიკრიბა გუნდი და თქვა - ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ 25 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ამბიციურ, უკიდურესად გაჯერებულ ბაზარზე შევიდეთ საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულში. ვორვიკის უნივერსიტეტი 90-იანი წლებიდან ბრიტანულ ათეულში მე-7 ადგილის ქვემოთ არ ჩამოსულა, მყარად დგას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 500-ეულშიც.
საინტერესო მაგალითია ესტონეთი, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან ერთადერთია, რომლის უნივერსიტეტიც (ტარტუ) თამამად დგას უნივერსიტეტების 500-ეულში. ამასთან, ტარტუს უნივერსიტეტი შედის ევროპის და მსოფლიოს უძველეს 16 უნივერსიტეტში იმიტომ, რომ მე-16 საუკუნეშია დაარსებული. ტარტუს უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და ამ შედეგის მიღწევას მოანდომა მეთოდური მუშაობის 8 წელიწადი. რა თქმა უნდა, იქ ხელშეწყობაც იყო სახელმწიფოს მხრიდან, რადგან მას მიანიჭეს ნაციონალური უნივერსიტეტის სტატუსი, მისცეს დიდი თანხა და უთხრეს, რომ 10 წლის შემდეგ უნდა ეჩვენებინათ კონკრეტული შედეგი.

- რა არის ის პირველი თემა, რაზეც უნდა შედგეს კონსენსუსი?
- პირველ რიგში, უნივერსიტეტმა თავი უნდა იგრძნოს, როგორც დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ. უნივერსიტეტმა უნდა იბრძოლოს თავისი მაქსიმალური ავტონომიურობისათვის, უნდა მოახდინოს სრული განკარგვა და კონტროლი თავისი შემოსავლების, უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული.

- ამის საშუალებას კანონმდებლობა იძლევა?
- ბოლომდე არა, მაგრამ სადამდეც იძლევა, ისიც არ გვაქვს გაკეთებული. ამასთან, დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც ლობირებას მოითხოვს ხელისუფლების წინაშე. ასე მაგალითად, სახელმწიფომ უნდა მოგვცეს თავისუფლება, სამაგიეროდ კი ჩვენ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ ანგარიშვალდებულების და ბიუჯეტის გამჭვირვალობის პრინციპი. ამაზე გვაქვს ახლა შეთანხმება მისაღწევი.
სამწუხაროა, რომ დღეს უნივერსიტეტი არ განიხილავს თავს, როგორც დამოუკიდებლად მოქმედ ერთეულს. ის პროფესორები, რომლებიც თვლიან, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული სახელმწიფოზე, ვერ ხედავენ უნივერსიტეტის მთავარ ფუნქციას.
ჩვენ დამახინჯებულ გერმანულ მოდელში არსებობას ვართ მიჩვეული, მოდელში, სადაც პროფესორი საჯარო მოხელეა და სახელმწიფო მას სრულად აფინანსებს. მასობრივი უმაღლესი განათლების კვალობაზე ეს მოდელი წარსულს ჩაბარდა. ჩვენთან არ არის იმის განცდა, რომ უნივერსიტეტი, ეს არის პროფესორთა და სტუდენტთა კორპორაცია, რომელიც მუშაობს კორპორაციის ინტერესების დასაცავად. არადა ჩვენ გვაქვს ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდილება - დამოუკიდებლობის სამი წელი, ესაა წლები, როცა სახელმწიფო შენდებოდა. შემთხვევითი არ იყო, რომ უნივერსიტეტის დაფუძნება წინ უსწრებდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
უნივერსიტეტი, როგორც დამოუკიდებელი აქტორი - ამ გზაზე პირველი ნაბიჯი გადაიდგა გასულ წელს, როცა ჩატარდა რექტორის კონკურენტუნარიანი არჩევნები. გაიმარჯვა ადამიანმა, რომელზეც ვერავინ ვერ იტყოდა, რომ ის მოიყვანა რომელიმე ჯგუფმა. რექტორის აქტივობა და მისი განცხადებები არ არის უნისონში ოფიციალურ დისკურსთან და აფიქსირებს უნივერსიტეტის ინტერესს. უნივერსიტეტი პირველად აფიქსირებს, რომ დამოიკიდებელი მოთამაშეა და ამ განაცხადს კონკრეტული რეფორმით, საერთო-საუნივერსიტეტო კონსენსუსით გამყარება სჭირდება.

- დოკუმენტს რომ დავუბრუნდეთ - რა არის მისი ძირითადი არსი?
- დოკუმენტი აგებულია შემდეგი პრინციპით - ის პასუხობს კითხვას, რა უნდა გაკეთდეს, თუ მე მინდა თსუ იყოს თანამედროვე საერთაშორისო კვლევით უნივერსიტეტი?
პირველი, ეს არის კონკრეტული კრიტერიუმების განსაზღვრა აკადემიური პერსონალისთვის. თუ მე მინდა მქონდეს საერთაშორისო კვლევითი უნივერსიტეტი, ასეთ შემთხვევაში ჩემი კვლევები უნდა იყოს აღიარებული საერთაშორისო მასშტაბით და ჩემ პროგრამებს უნდა ქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია.
კონსენსუსი უნდა შედგეს მაგალითად იმაზე, რომ უნივერსიტეტმა შემოიღოს კრიტერიუმები, რომელიც თანხვედრაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და, ამასთან, აკადემიური პერსონალს მისცემს ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს უნივერსიტეტში მოსახვედრად.
ჩვენ 2017-2018 წელს გვექნება განსახორციელებელი ახალი კონკურსები. ვფიქრობთ, უკვე 2014 წლის სექტემბრისთვის პროფესურამ უნდა იცოდეს იმ მოთხოვნების შესახებ, რასაც უნივერსიტეტი მათ წაუყენებს. ასეთ შემთხვევაში პროფესურას ექნება შესაძლებლობა კარგად დაითვალოს და განსაზღვროს თავისი სამუშაო დრო. ვისაც ენდომება, მას ეცოდინება რისთვის უნდა მოემზადოს; იქნებიან ალბათ ისინიც, ვინც ჩათვლის, რომ სხვა საქმიანობით უჯობს დაკავდეს. შეფასებების დროს ძირითადი აქცენტი გადავა არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. მაგალითად სამეცნიერო მუშაობის ხარისხი გულისხმობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისთვის იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში, არასაბუნებისმეტყველო მეცნიერებისათვის - ევროპის ჰუმანიტარული კვლევების ინდექსში ჩამონათვალში მყოფ რომელიმე ჟურნალში გამოქვეყნებულ ერთ სტატიას მაინც.
პერსონალის ანაზღაურების საკითხების დარეგულირება ასევე დოკუმენტის ერთ-ერთი მიმართულებაა _ აქამდე აკადემიური პერსონალის ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ მის მიერ შესრულებული საათობრივი დატვირთვის საფუძველზე. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა საერთაშორისო კვლევითი უნივერსიტეტი, ამიტომ უნდა დავითვალოთ, რამდენს ასრულებ შენ არა მარტო ლექციების წაკითხვით, არამედ სასწავლო საქმიანობით, რომელშიც შედის ხელმძღვანელობა, სუპერვიზიები, რიდერის მომზადება და სხვა; ასევე უნდა დავთვალოთ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, რომლის ჩამონათვალიც 2 გვერდამდეა. აკადემიური პერსონალის მიერ წარმოებული სამეცნიერო პროდუქციის შეფასება კი შეიძლება მოხდეს ორ ან სამ წელიწადში ერთხელ. ეს არ გულისხმობს კომისიის შექმნას - იარსებებს სრულფასოვანი სამეცნიერო პორტალი, (რომელიც ნაწილობრივ უკვე შექმნილია) აქ ასახული იქნება თსუ აკადემიური პერსონალის მიერ განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობა, რომლის გადახედვაც შეფასების გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს.
ჩვენი მიზანია ასევე სახელფასო დისკრიმინაციის აღმოფხვრა სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს შორის. ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორების ხელფასები მიბმულია არა მარტო რანგზე, არამედ მათ მიერ წაკითხულ გაზრდილ საათებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ უტოვებთ დროს, არ აძლევთ ადამიანს გაზრდის საშუალებას. ეს არ ჯდება არც აკადემიურ თავისუფლებაში, არც თანასწორობაში და არც ადამიანის უფლებებში.
კიდევ ერთი საკითხია სახელფასო პოლიტიკის შემუშავება უნივერსიტეტში, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ვანაზღაურებთ მხოლოდ „ერთნახევარ შტატს“ ანუ მაქსიმუმ 60 საათის ტოლფასი სამუშაოს ანაზღაურებას _ სწავლების, კვლევისა და ადმინისტრირებისთვის. ამიტომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ადმინისტრაციაშია დაკავებული, მოუწევს აირჩიოს: ან 100%-ით უნდა იყოს ადმინისტრაციაში და, შესაბამისად, ხელფასი მას ექნება იმ საქმიანობიდან გამომდინარე, რასაც ის შეასრულებს, ან იყოს აკადემიურ სფეროში და შეითავსოს რაღაც ადმინისტრაციული საქმიანობა;
უნივერსიტეტის სტრუქტურის რეფორმირება კიდევ ერთი გამოწვევაა. ფაქტობრივად არსებობს კონსენსუსი იმაზე, რომ მნიშვნელოვნად არის გაბერილი ადმინისტრაციული პერსონალი. ამას ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებდნენ ყველა ფაკულტეტის შეხვედრაზე აკადემიური პერსონალი და ეს კარგად ჩანს ამ თემებზე ჩატარებულ კვლევებშიც. ეს მაშინ, როცა დასავლეთის უნივერსიტეტებში, მაგალითად ნიდერლანდებში კანონი არეგულირებს იმას, რომ ადმინისტრაციული ხარჯი საჯარო უნივერსიტეტში 20 პროცენტს არ აღემატებოდეს.
საკმაოდ დიდია აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მასწავლებლების რაოდენობაც. ზოგ ფაკულტეტზე, სადაც ერთ ლექტორზე, წესით, 20 სტუდენტი მაინც უნდა მოდიოდეს, დღეს ეს შეფარდება 9/1-ზეა. ეს გვაფიქრებინებს, რომ ან ზედმეტი საათებია ჩვენს პროგრამებში, ან _ ზედმეტი კურსები;
ზოგადად, თუ ჩვენ გვინდა უნივერსიტეტი ვაქციოთ განვითარებაზე ორიენტირებულ კორპორაციად, მთავარია სტრუქტურა აეწყოს. ყველამ უნდა იცოდეს, ვინ რაზე არის პასუხისმგებელი, უნდა დაიწეროს სამუშაოს აღწერილობა, რომ მოითხოვო შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი.
სტრუქტურის თემამ თავის დროზე დიდი აჯანყება გამოიწვია. ამ დღეებშიც იყო შეხვედრა, რომელსაც, სამწუხაროდ, მე ვერ დავესწარი. ამ შეხვედრის ძირითადი გზავნილი, რამდენადაც მე ვხვდები, იყო ის, რომ ჩვენ არაფერი არ უნდა შევცვალოთ, რადგან ჩვენ ძალიან კარგები ვართ. ორგანიზაცია, რომელიც თვლის, რომ გადასარევია, თავდაღმართზეა დამდგარი. ამას, როგორც ორგანიზაციიული განვითარების და ორგანიზაციული თეორიის მცოდნე სოციალური მეცნიერების წარმომადგენელი გესაუბრებით.

- ანუ უნივერსიტეტში ცვლილებების გვეშინია?
- დიახ, რადგან ჩვენ არ გვჯერა, რომ ცვლილებაში ჩვენი ხმა იქნება გათვალისწინებული. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და დოკუმენტის განხილვის დროს პირდაპირაც ვთქვი - თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ თსუ არის ქვეყნის იდენტობის გამომხატველი და პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე, რომ ის ზრდის კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებს, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. მე ვთვლი, რომ ჩვენი ვალია ეს გავაკეთოთ. მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ამას ჩვენ არ ვაკეთებთ, ამით არაფერი არ დაშავდება მარადისობის პერსპექტივით - უნივერსიტეტში მოვა ის თაობა, რომელიც აუცილებლად გააკეთებს ამას, ანუ უნივერსიტეტის იდეას თანამედროვე კონტექსტში აამუშავებს.

სხვა სტატიები »