ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პირველი უნივერსიტეტი

28 იანვარი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო და სასწავლო კონკურსების შედეგებით, ბოლო წლებში უცვლელად ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს. ლიდერია უნივერსიტეტი აბიტურიენტთა მიერ მასზე გაკეთებული არჩევანითაც. 2013 წლის სტატისტიკა ამ ტენდენციას ადასტურებს:

თსუ - აბიტურიენტთა არჩევანი  - გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2013 წელს თსუ ყველაზე რეიტინგული და მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელი იყო საქართველოში. ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, „2013 წლის გამოცდების შედეგების რეიტინგული სიის მიხედვით, ასპროცენტიანი გრანტის მფლობელი ყველაზე მეტი სტუდენტი თსუ-ში ჩაირიცხა. თსუ წამყვანია ნაწილობრივი დაფინანსების მქონე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობითაც“. თსუ ლიდერია აბიტურიენტთა პირველი არჩევანის მიხედვითაც. 13562-მა აბიტურიენტმა პირველი არჩევანი სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ში 5185 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი თათია შარია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტია.

საგრანტო კონკურსების შედეგები - 2013 წელს ჩატარებული საგრანტო კონკურსში ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები” დაფინანსებული 68 საპროექტო განაცხადიდან 23 გრანტი თსუ მაგისტრებისა და დოქტორების მიერ არის მოპოვებული, რაც დაფინანსებული განაცხადების 38%-ია საერთო ბიუჯეტით 317 610 ლარი. კონკურსის შედეგად სტუ-დან დაფინანსდა 10 პროექტი, ილიაუნი-დან - 10 პროექტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან - 4 პროექტი, თსსუ-დან - 2 პროექტი. ამავე დროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის“ ზამთრის სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებშიც თსუ ლიდერობს. ქვეპროგრამის 8 პროექტიდან (საერთო ბიუჯეტი 310 700 ლარი) თსუ-ს 4 პროექტი დაფინანსდა (საერთო ბიუჯეტი 144 958 ლარი). კონკურსის შედეგად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაფინანსდა 2 პროექტი. თითო-თითო პროექტი მოიპოვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

კონკურსი დოქტორანტებისთვის - 2013 წელს დოქტორანტებისთვის პირველად გამოცხადებულ კონკურსშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს. დაფინანსებული 135 დოქტორანტიდან 60 თსუ-ის სტუდენტია, რაც საერთო დაფინანსებული განაცხადების 44% შეადგენს. გამარჯვებული პროექტების ჯამური ბიუჯეტია 902 197 ლარი. სტუ-დან დაფინანსდა 37 დოქტორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 27%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 417 998 ლარი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 17 დოქტორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 13%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 280 292 ლარი). პროექტების შესაბამისად, დოქტორანტებს ფონდი სწავლის გადასახადს, სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას დაუფინანსებს.
რაც შეეხება შედეგებს ფაკულტეტების მიხედვით - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სულ წარდგენილი იყო 99 საგრანტო განაცხადი, მათგან ყველაზე მეტი დოქტორანტი დაფინანსდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (26 დოქტორანტი). შესაბამისად, მას მოჰყვებიან ეკონომიკისა და ბიზნესის (11 დოქტორანტი), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (9 დოქტორანტი), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა (8 დოქტორანტი) და იურიდიული (6 დოქტორანტი) ფაკულტეტები.

კონკურსი სამეცნიერო-კვლევითი აპარატურისთვის - გარდა დოქტორანტების კონკურსისა, შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესყიდვისთვის კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა და თსუ-ს შვიდი პროექტი დაუფინანსა. ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საგრანტო დაფინანსება მიიღო 20 პროექტმა. მათ შორის თსუ-მ გაიმარჯვა 6 პროექტში, ხოლო 1 პროექტის თანამონაწილეა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს დაუფინანსდა 5 პროექტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს - 2 პროექტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს - 1 პროექტი; საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს - 1 პროექტი.

TEMPUS-ის პროგრამა - TEMPUS-ის პროგრამით მთელი ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს 19 პროექტი დაფინანსდა, რომელშიც 22 ქართული უნივერსიტეტია ჩართული. 19 პროექტიდან 11 პროექტი თსუ-ს დაუფინანსდა, სტუ-ს - 7 პროექტი, ილიაუნის - 6 პროექტი, ბათუმის საზღვაო აკადემიას - 2. რაოდენობრივთან ერთად აღსანიშნავია ხარისხობრივი მაჩვენებელი: ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს მხოლოდ ორი წლის წინ მიეცათ საშუალება ყოფილიყვნენ პროექტის კოორდინატორები. თსუ უკვე სამი პროგრამის კოორდინატორია.
TEMPUS-ის პროგრამა საქართველოში 1995 წლიდან მოქმედებს, რომელიც უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და განვითარებას უზრუნველყოფს. TEMPUS-ის პროგრამაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან პირველი თსუ  ჩაერთო. ამ ხნის განმავლობაში თსუ-ში 24 პროგრამა განხორციელდა.

სხვა სტატიები »