ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან

თსუ რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან
31 მარტი, 2014
27 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან მეორე ღია შეხვედრა გამართა, მათ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრის დასაწყისში თსუ რექტორმა რამდენიმე თემაზე გაამახვილა ყურადღება:
უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა - რეგისტრაციასთან და ბაზებთან დაკავშირებით არსებული საკითხები, პრაქტიკულად, მოგვარებულია. 2014 წლის გაზაფხულის სემესტრის კურსებზე რეგისტრაციის დროს ამ მიმართულებით განსაკუთრებული შეფერხებები აღარ ყოფილა;

მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე სახელმძღვანელოების თარგმნისა და გამოცემის მიმართულებით _ უნივერსიტეტმა 17 სახელმძღვანელოს თარგმნაზე და გამოცემაზე გააკეთა განაცხადი, საიდანაც 14-ზე უკვე მიღებულია თანხმობა; ასევე სექტემბრისთვის უნივერსიტეტი რობოტოსკანერის შეძენას გეგმავს, რაც ლიტერატურის ციფრულ მატარებლებზე გადატანის საშუალებას მისცემს;

აღსანიშნავია თსუ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმადაც ყველა ფაკულტეტზე სტუდენტთა სამეცნიერო წრეები ჩამოყალიბდება. დაგეგმილია ფაკულტეტთაშორისი სამეცნიერო წრეების შექმნაც, რაც სტუდენტებს ერთობლივი კვლევების წარმოების საშუალებასაც მისცემს;

2014 წლის აპრილიდან (23-25 აპრილს) უნივერსიტეტში ახალი მასშტაბური სამეცნიერო კონფერენციის ტრადიციაც დამკვიდრდება _ ჯავახიშვილის ფორუმში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც თსუ მკვლევრებს, ასევე სამივე საფეხურის სტუდენტებს; გამარჯვებულებისთვის კი სოლიდური ჯილდო დაწესდება, რაც მონაწილეთათვის დამატებითი სტიმული იქნება;

2014 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტში ამოქმედდება პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი; ამჟამად უნივერსიტეტში მუშაობა მიმდინარეობს ასისტენტის სტატუსზე, რათა ამ სტუატუსის მოსაპოვებლადაც გამოცხადდეს კონკურსები ვაკანსიებზე;

დასრულდა რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება თსუ-ს სამედიცინო კლინიკისთვის შენობის გადმოცემის შესახებ; რექტორის ვარაუდით, მისი გარემონტება და აღჭურვა დაახლოებით 1,5 -2 წელიწადში შეიძლება მოხერხდეს;

მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის აღსანიშნავია შეთანხმება კავკასიოლოგიისა და არმენოლოგიის მიმართულებების სრულ დაფინანსებასთან დაკავშირებით; სამწუხაროდ ამ ეტაპზე რამდენიმე სხვა მიმართულებაზე მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, თუმცა, როგორც თსუ რექტორი ამბობს, მუშაობა გრძელდება; საუბარია ასევე უნივერსიტეტის საბაზო დაფინანსების აუცილებლობაზე, რის გარეშეც უნივერსიტეტის სრულფასოვანი ფუნქციონირება გაძნელებულია;

თსუ რექტორმა სტუდენტებს აცნობა, რომ სამინისტროში წარდგენილია თსუ მესამე კორპუსის რეკონსტრუქციის გეგმა; ასევე გააცნო ახალი პროექტი, რომელიც მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უნივერსიტეტის გაცვლითი სტუდენტებისა და პროფესორების, ასევე სტუმრებისთვის 100 ადგილიანი საცხოვრებლის მშენებლობას გულისხმობს. აქვე ვლადიმერ პაპავამ განმარტა, რომ პროექტი თსუ ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ გულისხმობს.  

განმარტებები გააკეთა რექტორმა თსუ პირველ კორპუსში გახსნილ წიგნის მაღაზიასა და მაღლივ კორპუსში სასადილოს დახურვის ფაქტთან დაკავშირებით; ისაუბრა პრობლემებზე, რომლებიც ამ მიმართულებით გამოიკვეთა. 

შეხვედრის დიდი ნაწილი სტუდენტთა შეკითხვებზე პასუხს დაეთმო. სტუდენტებმა საკითხთა და პრობლემათა ფართო სპექტრზე გაამახვილეს ყურადღება: სასწავლო კორპუსებში სველი წერტილების მდგომარეობიდან დაწყებული, პროფესორთა კვალიფიკაციითა და კომპეტენციით დამთავრებული.

ტრადიციისამებრ, ძირითადად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურობდნენ. მათი თქმით, ფაკულტეტის მთავარი პრობლემა დეკანის გაჭიანურებული არჩევნებია. თუმცა, სტუდენტებმა პრეტენზიები აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებული საკონკურსო კომისიების დაკომპლექტების წესზე, დოქტორანტურის დაფინანსებაზე, ლექტორების კვალიფიკაციის განსაზღვრაზე, სილაბუსების ხელმისაწვდომობაზე, სხვადასხვა სტუდენტური ჯგუფების საქმიანობაზე, სტუდენტურ პროექტებზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ბიუროკრატიის შემცირებაზე გამოთქვეს. თსუ რექტორმა გამორიცხა პოლიტიკური ნიშნით კადრების შერჩევა: "ყველას აქვს უფლება იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი. მაგრამ ეს ხელს არ უნდა უშლიდეს უნივერსიტეტში სასწავლო-სამეცნიერო პროცესს. სხვა მხრივ, პოლიტიკური ნიშნით კადრების შერჩევის წინააღმდეგი ვარ."

თსუ რექტორმა და ფაკულტეტების წარმომადგენლებმა პასუხი გასცეს სტუდენტთა კითხვებს. შეხვედრის მსვლელობისას რამდენიმე საკითხზე შეთანხმებაც შედგა. შეხვედრის დასასრულს თსუ რექტორმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები პერიოდულად გაიმართება: "უნივერსიტეტი გარკვეული ამოცანების და პრობლემების წინაშეა. მე მაინტერესებს თქვენი წინადადებები, თქვენი თვალით დავინახო ეს პრობლემები. ის ვალდებულებები, რომელიც მე წინასაარჩევნო პერიოდში ავიღე, აუცილებლად უნდა შევასრულო. მე მჭირდება თქვენგან რეკომენდაციები, შენიშვნები, წინადადებები, რათა პრობლემას სხვადასხვა მხრიდან შევხედოთ. ეს დაგვეხმარება მათ მოგვარებაში."

სხვა სტატიები »