ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ რექტორის პირველი სტიპენდიატი

თსუ რექტორის პირველი სტიპენდიატი
31 მარტი, 2014
ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფა-კულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ გულბიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას პირველი სტიპენდიატი გახდა.

თსუ რექტორის ინიციატივით, გასული წლის მიწურულს გადაწყდა დაარსებულიყო თსუ რექტორის სტიპენდია, რომელსაც უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის საუკეთესო სტუდენტი მიიღებდა - ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი, რომელიც სხვა რომელიმე სტიპენდიის მფლობელი არ იქნებოდა.

 2013/14 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით, ასპროცენტიანი აკადემიური მოსწრება 6 სტუდენტს ჰქონდა. რექტორის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით, გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიატი მარიამ გულბიანი გახდა.
მარიამ გულბიანი 1993 წლის 13 ივნისს ოზურგეთში დაიბადა. როგორც ამბობს, მისი ყველა წინაპარი უნივერსიტეტელია და, თანაც, სტიპენდიატი. ბებიისგან, რომელიც პროფესიით ეკონომისტია, ბავშვობიდან ისმენდა „ჯავახიშვილის“ ჯერ კიდევ იმ დროინდელ ისტორიებს, როდესაც მხოლოდ პირველი კორპუსი არსებობდა. ამიტომ, სკოლის დამთავრების შემდეგ, მარიამს სხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება არც უფიქრია.
„სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. ბავშვობიდან ვმონაწილეობდი სხვადასხვა ოლიმპიადაში, ვარ „ეტალონის“ ფინალისტი. ჩემი საყვარელი საგნები იყო ისტორია-გეოგრაფია და გადავწყვიტე ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩამებარებინა. თსუ-ს გარდა სხვა უმაღლესში სწავლის გაგრძელება არც მიფიქრია. იმიტომ არა, რომ წინაპრები უნივერსიტეტელები მყავს. ოჯახი სასწავლებლის შერჩევაში არც ჩარეულა. მე მინდოდა ასე. თსუ მაინც სულ სხვაა,“ - ამბობს ჩვენთან საუბარში მარიამ გულბიანი.

უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ მარიამმა სწავლა ბიოტექნოლოგიის მიმართულებით დაიწყო, თუმცა მეორე კურსზე მიხვდა, რომ  ეკოლოგია იყო მისი სფერო და მიმართულებაც შეიცვალა.

„ახლა ვფიქრობ, რომ თავიდანვე ეს მიმართულება უნდა ამერჩია, რადგან აქ არის ჩემი ადგილი. ბიოტექნოლოგიაზე სწავლის პერიოდში ლექციას გვიკითხავდა არნოლდ გეგეჭკორი, რომელიც არის ეკოლოგიის კურსის მთავარი ხელმძღვანელი. სწორედ მან ითამაშა დიდი როლი ჩემს არჩევანში. იმდენად საინტერესოდ მიჰყავს ლექციები, მივხვდი, კარგი იქნება თუ მომავალში ეკოლოგიის პროფესიას გავყვები. ეკოლოგიის ფაკულტეტზე გადმოსვლის შედეგად  უფრო კარგად დავიწყე სწავლა. გამოცდებში მიღებული ქულებიდან გამომდინარე, ველოდი, რომ სტიპენდიას ავიღებდი, მაგრამ რექტორის პირველი სტიპენდიატი თუ გავხდებოდი, არ მეგონა. ნამდვილად მოულოდნელი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ“, - ამბობს მარიამი. რექტორის პირველი სტიპენდიატის ტიტულისთვის იგი მადლობას უხდის თსუ რექტორს ვლადიმერ პაპავას, ლექტორებს არნოლდ გეგეჭკორს, სიმონ წერეთელს, ნუგზარ დუმბაძეს და საკუთრ დეიდას, რომელსაც ასევე თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.
ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მარიამ გულბიანი სწავლის გა-გრძელებას მაგისტრატურაში აპირებს, ისევ ეკოლოგიის მიმართულებით
„ვფიქრობ, გერმანიაში წავიდე სასწავლებლად, იქ კარგი პროგრამებია. იმედია, ოდესმე თსუ-შიც იქნება ეკოლოგიის მიმართულებით მაგისტრატურა“ - ამბობს იგი.

მარიამი იმაზეც საუბრობს, რომ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ეკო-ლოგია პრაქტიკულ დარგად არ ითვლება და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას თსუ-ში ამ დარგისთვის მეტი ყურადღების მიპყრობასაც სთხოვს.

მარიამ გულბიანი რექტორის ხელფასიდან ყოველთვიურ სტიპენდიას - 250 ლარს ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებს. მომავალი სტიპენდიატები კი ყოველ სემესტრში კომისიის მიერ  შეირჩევიან. სტიპენდიატი სტუდენტი მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა დამატებით კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს -მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სამეცნიერო კონფერენციებში, გამოქვეყნებული ჰქონდეს სამეცნიერო სტატიები და ა.შ.

სხვა სტატიები »