ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტის წარმატება აშშ-ის უნივერსიტეტში

თსუ სტუდენტის წარმატება აშშ-ის უნივერსიტეტში
7 მარტი, 2014
"მსურს გამცნოთ იმ წარმატებების შესახებ, რომელიც თქვენს ერთ-ერთ სტუდენტს ანა ყალიჩავას სწავლის თვალსაზრისით აქვს, რითიც ძალზე კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით, იგი ისევე კარგადაა მომზადებული, როგორც თქვენი უნივერსიტეტის წარმოამდგენელი ორი არაჩვეულებრივი სტუდენტი, ალექსანდრე ესაძე და ლევან ზანდარაშვილი ... ლაბორატორიული საქმიანობის გარდა მე ანას მოლეკულური ბიოფიზიკის კურსის გადახედვაც მოვთხოვე, რომელიც პირველი კურსის სტუდენტებისთვის სავალდებულოა. ამ საგანში ანას პრეზენტაციის შედარება საუკეთესო სტუდენტებისასთან შეიძლებოდა. მან მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ აქვს ინტელექტუალური საფუძველი გახდეს მოლეკულური ბიოფიზიკის ჩვენი პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული. დარწმუნებული ვარ, თუ კი იგი ამ პროგრამაზე ჩაბარებას გადაწყვეტს, მას უპრობლემოდ მიიღებან როგორც ჩვენს, ისე სხვა უმაღლესი რენტინგის უნივერსიტეტებში. ჩვენს პროგრამაში  ალექსანდრე ესაძისა და ლევან ზანდარაშვილის აღსანიშნავ მიღწევებზე დაფუძნებით შემიძლია ვთქვა, რომ ანა ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტი იქნება, თუკი ამგვარად მუშაობას განაგრძობს".

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას სახელზე ასეთი წერილი სტუდენტ ანა ყალიჩავას ამერიკელმა ხელმძღვანელმა პროფესორმა ჯეიმს ლიმ გამოაგზავნა. ქართველი სტუდენტების მიღწევებით კამყოფილი ტეხასის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, რომ თსუ-მ მათ საფუძვლიანი ცოდნა მისცა.

თსუ ბაკალავრიატის ბოლო კურსის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკის სტუდენტი ანა ყალიჩავა აშშ-ში, ტეხასის სამედიცინო უნივერსიტეტში მკვლევარ-ასისტანტის სტატუსით 2013 წლის სექტემბრიდან იმყოფება. ერთწლიანი პროექტის ფარგლებში იგი პრომოტორული ცილის თერმოდინამიკური ფუნქციებით შესწავლის საკითხზე მუშაობს. ანამ უკვე გაიარა მოლეკულური ბიოფიზიკის და მოდელირების კურსი, რომელიც მას ექსპერიმენტის ჩატარებასა და შემდგომ მის ანალიზში ეხმარება.

ბიოფიზიკის მიმართულება მესამე კურსზე ყოფნისას აირჩია. თსუ პროფესორ თამაზ მძინარიშვილთან კონსულტაციების შემდეგ, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნებში თავის უცხოელ კოლეგებს დააკავშირა, საბოლოოდ სასწავლებლად პროფესორ ჯეიმს ლის მოლეკულური ბიოფიზიკის ლაბორატორია შეირჩა. უცხოელმა პროფესორმა ანას ჯერ რამდენიმე საკითხის დასამუშავებლად სტატიები მისცა, რის შემდეგაც სტუდენტმა გასაუბრება მასთან "სკიპით" გაიარა.

"მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას და ევროპას შორის დიდი კონტრასტია ახალ გარემოში ადაპტირება არ გამჭირვებია. თსუ-ში მიღებულმა ცოდნამ მყარი საფუძველი მომცა აშშ-ში სწავლისთვის თავის გასართმევად. საზღვარგარეთ, მით უმეტეს, ამერიკაში სწავლისას ოჯახისგან შორს ყოფნა, მანძილი, სტიმულს გაძლევს უფრო მეტის გასაკეთებლად. ყოველდღიურად გრძნობ, როგორ იზრდები და ყალიბდები დამოუკიდებელ პიროვნებად”, - ამბობს ანა, რომელთან დაკავშირებაც ჩვენ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შევძელით.

მართალია, უკვე იცის, რომ სწავლას დოქტურანტურაში გააგრძელებს, მაგრამ სად კონკრეტულად, ჯერ არ იცის. ამ ეტაპისთვის ამერიკაში ყოფნამ და სწავლამ მას საშუალება მისცა გაეგო თუ ზუსტად რა უნდოდა. ცოტა ხნის წინ თსუ-ში სტუმრად ჩამოსულმა მასაჩუსეტის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა სესილია შიფერმა დოქტურანტურის პოზიციისთვის ანას საბუ-თების თავის ლაბორატორიაში გაგზავნა შესთავაზა. მართალია, ანას სამომავლოდ ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს გადასაწყვეტი, მაგრამ უკვე იცის, რომ აშშ-ში ყოფნისას საკუთარი შესაძლებლობები უფრო კარგად გაიგო. იცის დამოუკიდებლად ცხოვრების და პრობლემის დაძლევის რა რესურები აქვს, რაც 4 წელი უკვე დოქტორნატურაში სწავლის გამბედაობას აძლევს.

სხვა სტატიები »