ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

სტუდენტები უნივერსიტეტის შესახებ

სტუდენტები უნივერსიტეტის შესახებ
27 იანვარი, 2014
ამ ახალგაზრდებმა ერთი, ორი და შესაძლოა ცოტა მეტი წლის წინ არჩევანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერეს. უნივერსიტეტში სწავლის საკუთარი გამოცდილებაც აქვთ, მიღწევებიც ნახეს და ხარვეზებიც, წარმატებებიც და ნაკლიც, საკუთარი არგუმენტებიც დაუგროვდათ ამ არჩევანის სასარგებლოდ. დღეს ისინი თავის მოსაზრებებს მკითხველს უზიარებენ:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების სტუდენტი გიგა ჩალაური ამბობს, რომ რაც ყველაზე მთავარია, აქ მოხვედრილი სტუდენტი ხარისხიან განათლებას იღებს.
"მაღალკვალიფიციური ლექტორები გვასწავლიან, რომლებიც არასალექციო საათებშიც გვეხმარებიან. ძირითადად სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მე, მესამე კურსელი სტუდენტი, უკვე ვმუშაობ. სტაჟირებას გავდივარ ერთ-ერთ სამინისტროში, რაც ჩემი საქმის მცოდნედ ჩამოყალიბების კარგ საშუალებას მაძლევს. თსუ-ში ჩაბარებამდე პროგრამირებასთან შეხება საერთოდ არ მქონია. ახლა კი ორეტაპიანი გასაუბრება გავიარე და, ვფიქრობ, რომ კონკურენტუნარიანიც ვარ, რაც თსუ-ს დამსახურებაა. თუ მოინდომებ, მიუღწეველი არაფერია, რადგან ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობისას მოვინდომე თსუ-ში ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩავრიცხულიყავი, რასაც მივაღწიე. ამის შემდეგ უკვე სტიპენდიის მოპოვება გადავწყვიტე, და დღეს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვარ. შესაძლოა 150 ლარი ბევრი არ არის, მაგრამ სტუდენტისთვის არც ცოტაა. შესაბამისად მჯერა, რომ თუ საკუთარ თავზე იმუშავებ ყველაფერ მიაღწევ", - ამბობს გიგა.
საუნივერსიტეტო პრობლემებიდან წინასწარი რეგისტრაციის დროს წარმოქმნილი წინაღობები ახსენდება, თუმცა ამბობს, რომ მის ფაკულტეტზე ეს საკითხი ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტების თანამშრომლობით მოგვარდა.
"საერთოდ, პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზა დიალოგი და თანამშრომლობაა. თითოეულმა ადამიანმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ უნივერსიტეტში ორასი კაცი კი არა, რამდენიმე ათასი სტუდენტი სწავლობს. როდესაც რამდენიმე ათასი სტუდენტი ერთდროულად ცდილობს საგნების არჩევას, ბუნებრივია რომ გარკვეული ხარვეზებიც წარმოიშობა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ეს პრობლემა გადავჭერით", - ამბობს იგი.

მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ნანა აჭაიძე განსაკუთრებით კმაყოფილია სასწავლო ბაზებით: "ეს არის ის კლინიკები, სადაც პრაქტიკას, კლინიკურ საგნებს გავდივართ. კმაყოფილი ვარ ჩვენდამი დამოკიდებულებითაც, რადგან აქ ისე გვიყურებენ, როგორც მომავალ კოლეგებს და არა სტუდენტებს. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. საკმაოდ ძლიერი ჯგუფი მყავს. ჩემთან ძალიან ბევრი სტიპენდიანტია. მე ონკოლოგიური ქირურგია მაინტერესებს. გარდა ამისა, მედიცინის ფაკულტეტს აქვს ორგანიზაცია "ემსა თსუ", რომელიც სტუდენტებს სტუდენტურ ცხოვრებაში დამატებით ჩართვის საშუალებას გვაძლევს. "ემსა" ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის წევრი საფაკულტეტო ორგანიზაციაა. ჩვენთან ბევრი პროგრამა და პროექტია, რომელიც სტუდენტს საზღვარგარეთ გასვლისა და უცხოური გამოცდილების გაზიარების შანსს აძლევს. ამას გარდა, ფაკულტეტზე ბევრი ღონისძიებაა, რომელშიც აქტიურად ვართ ჩართული ან ჩვენ ვუკეთებთ ორგანიზებას. ასეთი იყო, მაგალითად, ფილტვის ქრონიკულ-ობსტრუქციულ დაავადებათა დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, შიდსის დღესთან დაკავშირებით სისხლის დონაციის დღე... ახლა სტუდენტებისთვის ზამთრის სკოლის ორგანიზება გვინდა. ერთადერთი პრობლემა ალბათ ის არის, რომ ლექციები სხვადასხვა ადგილას ტარდება და ამის გამო ბევრ ადგილას გიწევს სიარული. ეს განსაკუთრებით საგრძნობი ჩემთვის მეორე კურსზე იყო", _ აღნიშნავს იგი. უშუალოდ სწავლის გარდა, ნანა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თსუ-ში ბევრი კონცერტი და ღონისძიება იმართება, რომელზეც სტუდენტებს უფასოდ დასწრების საშუალება აქვთ, მათ შორის უნივერსიტეტის დასის წარმოდგენებზე.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ივანიშვილისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნომერ პირველი უნივერსიტეტია. "როდესაც აბიტურიენტობის დროს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების შესახებ ვკითხულობდი, ყველა მეუბნებოდა, რომ თსუ იურიდიული ფაკულტეტი ყველაზე ძლიერი იყო. როდესაც ჩავაბარე, დავრწმუნდი, რომ ეს არ ყოფილა სტერეოტიპი. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ გვასწავლიან პრაქტიკოსი იურისტები, რომლებიც ხშირად თავად არიან ბევრი სახელმძღვანელოს ავტორები. მათგან ყველა საჭირო ინფორმაციას ვიღებთ, რაც შემდეგ, როგორც პრაქტიკოს იურისტებს, გამოგვადგება. რამდენადაც ვიცი, სწავლის მაღალი დონეა სხვა ფაკულტეტებზეც. რაც თსუ-ში ჩავაბარე, ბევრი მეგობარი შევიძინე. რაღაც საკითხზე ერთნაირი შეხედულება გვაქვს, მაგრამ არის ასევე საკითხები, რაზეც ერთად შეკრებისას ვბჭობთ, ვდაობთ - ეხება ეს იურიდიულ თუ სხვა თემებს. უნივერსიტეტში ძალიან ბევრი აქტივობაა, რომელშიც სტუდენტს ჩართვა შეუძლია. პირადად მე პროექტ "თსუ დესპანის" მონაწილე ვარ. გარდა ამისა, ჩვენს ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი, რომლის მიერ ორგანიზებული კონკურსის ფინალში გავედი. სწორედ ამის წყალობით ვიწყებ სტაჟირებას საქალაქო სასამართლოში. უნივერსიტეტში ბევრი გაცვლითი პროგრამაც არსებობს, თუმცა პირადად მე საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა მაგისტრატურიდან მირჩევნია. ეს ალბათ პრობლემა არ იქნება, რადგან თსუ დიპლომა საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების მიერ აღიარებულია", -  ამბობს მარიამი.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა ინგლისური ფილოლოგიის განხრით  ხათუნა ბუსკივაძემ  ამ სპეციალობაზე ჩაბარება ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გადავწყვიტა. ამბობს, რომ უნივერსიტეტის შერჩევა არ გასჭირვებია, რადგან ეს ფაკულტეტი ყველაზე ძლიერი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია. თავის პოზიციას ასე განმარტავს: "ვფიქრობ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ფაკულტეტით დღეს საქართველოს მასშტაბით უპირველესია. სწავლით კმაყოფილი ვარ. თსუ გვაძლევს შესაძლებლობას გვყავდეს უცხოელი მასწავლებლები ენის პრაქტიკისათვის. სტუდენტს როგორც პიროვნული, ასევე, პროფესიული ზრდის საშუალება აქვს. შესაძლებლობა ეძლევა გახდეს კონკურენტუნარიანი, ჩაერთოს ჰუმანიტარულ კვლევით ღონისძიებებში და, ამასთან, სტუდენტური ცხოვრებაც შეიგრძნოს. უნივერსიტეტის თვითმმართველობა ხშირად აწყობს საგანმანათლებლო თუ გასართობ საღამოებს.  სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით უპირატესობად, პირველ რიგში, მაღალხარისხიან განათლებას მივიჩნევ, რომელსაც ჩვენი ფაკულტეტი უზრუნველყოფს. Gგარდა ამისა, თსუ პრესტიჟული და კონკურენტუნარია დასაქმების ბაზარზე. ვფიქრობ ჩვენთვის, ჰუმანიტარებისთვის, დასაქმების ვრცელი არეალი არსებობს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაწესებულებებში. უნივერსიტეტის პრობლემად კი საგნების არჩევის პროცესს მივიჩნევ, რაც წინა წელთან შედარებით გამოსწორებულია".

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტი ნინო სუდაძე უნივერსიტეტში აბიტურიენტებს ჩაბარებას სწავლის მაღალი ხარისხის გამო ურჩევს. "გვყავს პროფესორები, რომლებიც მაქსიმალურად გვიწყობენ ხელს. მგონი საგამოცდო ბარიერის მოთხოვნად 21 ქულა ყველა უნივერსიტეტში არ არის განსაზღვრული. გამოცდაზე არ დაიშვები, თუ მანამდე 21 ქულამდე არ მოაგროვე. ეს გაიძულებს უფრო კარგად ისწავლო. ჩვენი სპეციალობაც საინტერესოა, რადგან თანამედროვეა და იმ პრობლემებს ეხმაურება, რაც დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი. გარდა ამისა, ჩვენს მიმართულებაზე პრაქტიკუმის ფარგლებში ვატარებთ საინტერესო კვლევებს, რაშიც ჩვენი ლექტორები გვეხმარებიან. ჩვენი მასწავლებლები ხშირად თავად გვრთავენ კვლევებში, რომლის ხელმძღვანელებიც არიან. ეს, სპეციალობის კუთხით, პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების მიღების კარგი საშუალებაა. მაგალითად, ბოლოს ლიკა წულაძის კვლევაში ვიყავით ჩართული და მთელი საქართველოში ვატარებდით გამოკითხვებს", - გვიყვება ნინო.

ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი ნინო მათიაშვილი აღნიშნავს, რომ: როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უპირატესობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ალბათ, ის უნდა ვთქვათ, რომ თსუ-ში, სწავლის მაღალ ხარისხთან შედარებით, სხვა მაღალხარისხიანი უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, დაბალი გადასახადია. გარდა ამისა, აქ ძალიან ბევრი პროგრამა და პროექტია, რომელიც წარმატებული სტუდენტისათვის გამოსადეგია. ერთ-ერთია, მაგალითად, სტუდენტთა აკადემიური შედეგების გათვალისწინებით საუნივერსიტეტო დაფინანსება, რომელიც მე უკვე მესამე წელია მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარზე დასაქმების პრობლემა არსებობს, ჩვენთან ეს საკითხი მწვავედ არ დგას, რადგან, კონკურენტუნარიანები ვართ და ჩვენ - მარკეტინგის სპეციალობის მქონე კადრებზე, მოთხოვნა არსებობს. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს ფაკულტეტზე ალბათ ყველაზე მეტი გაცვლითი პროგრამა და პრაქტიკის შესაძლებლობაა. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ გერმანელმა ბიზნესმენმა კლაუს ჰიპმა ჩვენი ფაკულტეტის სამი სტუდენტი წაიყვანა თავის საწარმოში პრაქტიკაზე", – აღნიშნავს ნინო.

სხვა სტატიები »