ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტების ახალი პროექტი

26 ნოემბერი, 2013
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტს მხედველობა-დაქვეითებულთა დახმარების სურვილი სალექციო კურსის "დემოკრატია და მოქალაქეობა” მოსმენის შემდეგ გაუჩნდა. ამ ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების სტუდენტებმა, ამ საგნის გავლისას სხვადასხვა ჯგუფის საზოგადოებაში ადაპტაციის საკითხებზე იმსჯელეს. სწორედ ამ თემაზე გამართული დისკუსიისას დაინახეს მათ მთელი სიმწვავით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემები ამ კუთხით.

როგორც ამბობენ, მდგომარეობის ოდნავ მაინც გასაუმჯობესებლად და ამ ხალხის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც ამის შემდეგ გადაწყვიტეს. სტუდენტების მიერ დაახლოებით ორი წლის წინ გაჩენილ ამ ინიციატივას დღეისათვის უკვე რეალური შედეგი აქვს.

როგორც იდეის ავტორები, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ყარამან-გიორგი ბერიძე და იგივე ფაკულტეტის მესამეკურსელი ტატო პაპიაშვილი აცხადებენ, მეტი ეფექტის მისაღწევად  აქცენტის გაკეთება მათ ერთ ჯგუფზე ამჯობინეს. "სამიზნედ" მათ მიერ უსინათლო თუ მხედველობადაქვეითებული ახალგაზრდები შეირჩნენ. თავდაპირველად მათი ძიება თსუ-ს ფარგლებში დაიწყეს, თუმცა, სულ ორ მათგანს მიაკვლიეს.  ყარამან-გიორგისა და მისი მეგობრებისთვის ეს  საზოგადოებაში ადაპტაციის მხრივ უსინათლოთა წინაშე არსებული პრობლემების კიდევ ერთი დასტური აღმოჩნდა. ამის შემდეგ სტუდეტებმა უკვე  თბილისში არსებულ უსინათლოთა სკოლის მოსწავლეებთან დაიწყეს შეხვედრები. როგორც ამბობენ, ამ სკოლის მე-9 მე-11 კლასის მოსწავლეების უმეტესობამ  სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით სტუდენტებმა იმ ტექნიკის შეძენა შეძლეს, რაც უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ სტუდენტებს სამომავლოდ თსუ-ში სწავლას და საზოგადოებაში ადაპტირებას გაუადვილებს. დღეისათვის თსუ ბიბლიოთეკაში უკვე დაინსტალირებულია 4 კომპიუტერი, რომელიც შესაბამისი პროგრამებით და ბრაილის პრინტერით არის აღჭურვილი, აქვს ხმოვანი კალკულატორი. უახლოეს პერიოდში კი აქვე დაიდგმება სპეციალური სკანერი, რომელიც წიგნს ხმამაღლა კითხულობს.

თუმცა, თავისი სამიზნე ჯგუფის დასახმარებლად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები მხოლოდ შესაბამისი ტექნიკის შეძენით არ შემოფარგლულან. მათი ინიციატივით, თსუ პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით, უსინათლო და მხედველობადაქვეითებული სკოლის უფროსკლასელთათვის სხვადასხვა თემატიკაზე საჯარო ლექციები გაიმართა. ბავშვებისათვის საინტერესო თემებზე ჩატარებული ამგვარი ლექციები, სტუდენტობის მსურველთა საზოგადოებაში ადაპტაციის ერთგვარი საშუალებაა იყო. გარდა ამისა, დაწყებულია მუშაობა ვებგვერდზე, რომელიც უსინათლოთა პრობლემებს მიეძღვნება. აქვე გახსნილ ფორუმზე ამ საკითხზე მსჯელობა ყველას და პირველ რიგში იმ ადამიანებს შეეძლებათ ვისთვისაც უსინათლოებთან დაკავშირებული პრობლემატიკა ძალზე მნიშვნელოვანია.

უახლოეს მომავალში უსინათლოთა საზოგადოებაში ადაპტაციის საკითხებით დაინტერესებული თსუ სტუდენტთა ჯგუფის მიერ სულ მცირე ორი ღონისძიება იგეგმება. საზოგადოების ამ საკითხისადმი ყურადღების მიქცევას ინიციატივის ავტორები კონფერიენიციისა და ე.წ. ფლეშმობის საშუალებით შეეცდებიან.

სხვა სტატიები »