ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

TEMPUS-ის პროგრამით თსუ-ს 11 პროექტი დაფინანსდა

TEMPUS-ის პროგრამით თსუ-ს 11 პროექტი დაფინანსდა
30 ოქტომბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ  კვლავ ლიდერი უნივერსიტეტია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. TEMPUS-ის  პროგრამით მთელი ქვეყნის მასშტაბით 19 პროექტი დაფინანსდა, მათგან  11 პროექტი თსუ-ს დაუფინანსდა, სტუ-ს - 7 პროექტი, ილიაუნის - 6 პროექტი, ბათუმის საზღვაო აკადემიას - 2 პროექტი და სხვა. რაოდენობრივთან ერთად აღსანიშნავია ხარისხობრივი მაჩვენებელი: ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს მხოლოდ ორი წლის წინ მიეცათ საშუალება ყოფილიყვნენ პროექტის კოორდინატორები. თსუ უკვე სამი პროგრამის კოორდინატორია.

ტემპუსი ევროკავშირის დონორი პროგრამაა, რომელიც გულისხმობს ინსტიტუციურ თანამშრომლობას უნივერსიტეტებს შორის ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებში. საქართველო ტემპუსის პროექტებში 1995 წლიდან მონაწილეობს და მის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის პროექტების განსახორციელებლად მილიონობით ევროა გამოყოფილი. ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის ლიკა ღლონტის განცხდებით: “ეს არის საქართველოში არსებული ხელმისაწვდომი ერთადერთი დონორი პროგრამა, რომლის მიზანიც უნივერსიტეტების მხარდაჭერაა. კერძოდ, ამ უმაღლესი სასწავლებელების განვითარება, ახალი მენეჯერული სერვისების და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, ადმინისტრაციული პერსონალის გა-დამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა. თსუ საქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო, რომელიც აქტიურად ჩაერთო ტემპუსის პროგრამის განხორციელებაში.”

ლიკა ღლონტის მონაცემებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღემდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების საერთო რიცხვი ოცდაოთხია. ამ დროისთვის მიმდინარეობს 9 პროგრამა. წელს 1 დეკემბერიდან კი 11 პროექტით ახალი ციკლი დაიწყება.

"ორი წლის წინ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების უნივერსიტეტებს მიეცათ შესაძლებლობა ყოფილიყვნენ პროექტის კოორდინატორები. თსუ ამჟამად უკვე სამი პროექტის კოორდინატორია. ეს ნიშნავს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ მხოლოდ ამ პროექტის მიმღები, არამედ მისი განმკარგავიც არის. შესაბამისად, იგი გარკვეულწილად პასუხისმგებელია ამ პროგრამის განხორციელებაზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პარტნიორ ქვეყნებშიც. ეს კი ევროკავშირის ჩვენდამი ნდობის დამადასტურებელია. ტემპუსის პროექტების რაოდენობის მიხედვით საქართველო 27 ქვეყნიდან მესამე ადგილზეა და მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას ჩამორჩება. ეს იმის დასტურია, რომ გვენდობიან როგორც კოორდინატორს და, გარდა ამისა, აქ არსებობს თანხების ათვისების შესაძლებლობა. ამ 11 პროექტს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ისინი ყველა სფეროს ფარავენ.” - აცხადებს ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი.

ახლად დაფინანსებულ პროექტებს შორის არის: “მულტიდისციპლინარული ინოვაციური ცენტრების დანერგვა ბიოლოგიასა და მედიცინაში ვირტუალური ლაბორატორიების განვითარებისთვის”; ”ევროპულ სწავლებათა ინოვაციური სწავლება და შესწავლა”; “კავკასიაში პროექტის მონაწილეთა შესაძლებლობების ტრენინგი”;  ორწლიანი საერთო სამაგისტრო პროგრამის შემუშავება საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში “ევროპულ ინტეგრაციასა და შრომითი ურთიერთობების საკითხზე”; “ჰემატოლოგიის კურიკულუმის შემუშავება და დანერგვა რეგიონული სასწავლო პლატფორმისთვის სიცოცხლის მეცნიერებებსა და მედიცინაში” და სხვა.

საქართველოში ტემპუსის  პროექტების რაოდენობის გაზრდა გარკვეულწილად ევროკავშირის გაზრდილი დაფინანსებითაც არის განპირობებული, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან “ტემპუსის” ეგიდით მიმდინარე პროექტებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი საგარეო ურთიერთობათა დეპარატამენტს უკავია. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას განცხადებით, “ტემპუსის” პროექტების მეშვეობით ხორციელდება არა მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის, არამედ მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაცია და მისი ცნობადობის გაზრდა.

“დაფინანსებული პროექტები ითვალისწინებს პროგრამების განვითარებას კონკრეტული მიმართულებით. მათ შორის არის “ლაიფ ლონგ ლერნინგი”, რომელიც გულისხმობს სწავლას მთელი სიცოცხლის მანძილზე. მაგალითად, არის პროექტი ჰუმანიტარული მიმართულებით ორენოვანი სასწავლო პროგრამის შემუშავების შესახებ, პროექტის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლებისთვის. ამ მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, წელს მოგებული პროექტებიდან ერთ-ერთი, რომელიც მენეჯმენტის საკითხში ადმინისტრაციის თანამშრომელთა უნარების ამაღლებას ითვალისწინებს. მის ფარგლებში გა-თვალისწინებულია მენეჯმენტის ოფიციალური სასწავლო კურსი, თავისი საერთაშორისო დონის სერთიფიკატით. არის პროექტები, რომელიც მიმართულია უშუალოდ თსუ ინტერნაციონალიზაციის და ცნობადობის გაზრდისაკენ. ამას გარდა, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი კურატორობას უწევს რამდენიმე პროექტს, რომელთა შორის არის პროექტი “საქართველოში სტუდენტთა საკარიერო ცენტრების განვითარების შესახებ”, რომელიც ვილნიუსის უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება; ასევე პროექტი უმაღლესი განათლების საკითხში ცვლილებების მართვის თაობაზე, რომელიც ეხება ინტერნაციონალიზაციის კუთხით მიმდინარე ცვლილებებს უმაღლეს სასწავლებლებში და ბულგარეთის დობრიჩის უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება”. – აცხადებს თეა გერგედავა.

სხვა სტატიები »