ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნივერსიტეტი ირჩევს რექტორს

2 სექტემბერი, 2013
16 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ რექტორს აირჩევენ.
რექტორობის კანდიდატთა განცხადებების მიღება 2013 წლის 12 ივლისის 18 საათზე დასრულდა. შესულთაგან ხუთი განცხადება რეგისტრაციაზე საკონკურსო კომისიის მიერ არ იქნა განხილული შემდეგ გარემოებათა გამო: უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რექტორი მიეკუთვნება უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობას. ამასთანავე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდებით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით, არ არის განსაზღვრული სხვაგვარი შესაძლებლობა რექტორის თანამდებობის დაკავებისათვის ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით.

შესაბამისად, დღეისთვის კონკურსში 14 კანდიდატი მონაწილეობს: ვლადიმერ პაპავა; გიორგი ქავთარაძე; გიორგი ბარამიძე; ილია თავხელიძე; ცირა ბარამიძე; მერაბ ცაგარელი; ირმა რატიანი; მედეა ჩუხუა; მარინა მუსხელიშვილი; მანანა ხაჩიძე; მარინე ჩიტაშვილი; ინესა მერაბიშვილი; ნონა წოწერია; დავით გოცირიძე.

კონკურსანტთა უმრავლესობა წარმატებული მეცნიერი და უაღრესად საპატივსაცემო ფიგურაა ქართულ სამეცნიერო წრეებში. შესაბამისად, საკმაოდ რთულია 4 გვერდიან საგაზეთო გამოშვებაში ყველა მათგანის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება ან იმ პროგრამების ძირითადი არსის ასახვა, რომელიც კანდიდატებმა საკონკურსოდ წარმოადგინეს. ვერც იმის პრეტენზიას გამოვთქვამთ, რომ რამდენიმე აბზაცში სწორედ იმის თქმას და გამოყოფას შევძლებთ, რაც თავად ავტორისთვის უმთავრესი და მნიშვნელოვანია.

ამიტომ, აქ თითოეული მათგანის მოკლე ბიოგრაფიული ცნობებისა და ხედვების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოგიდგენთ იმ იმედით, რომ მკითხველი უნივერსიტეტის რექტორობის მსურველთა ვინაობითა და გეგმებით დაინტერესდება და სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდს მიაკითხავს: www.tsu.edu.ge


სხვა სტატიები »