ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

საბავშვო უნივერსიტეტი - სიახლეები მოსწავლეებისთვის

საბავშვო უნივერსიტეტი - სიახლეები მოსწავლეებისთვის
28 ოქტომბერი, 2013
მე ვარ თიკო კუპრაძე, ვსწავლობ 182 სკოლაში. ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში იმიტომ მოვედი, რომ გავცნობოდი ეკონომიკის ფაკულტეტს, რადგან შემდგომში მსურს სწავლა გავაგრძელო ამ უნივერსიტეტში და ამ ფაკულტეტზე. ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში ყველაზე მეტად მომეწონა ლექციები მიკროეკონომიკაზე, რაც ძალიან საინტერესო იყო პირადად ჩემთვის. წერს თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტი N182 სკოლის მოსწავლე თიკო კუპრაძე. იგი ერთ-ერთია იმ ასობით ბავშვიდან, რომლებმაც ცოდნა სხვადასხვა საგანში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტში გაიღრმავეს. ოქტომბერში „საბავშვო უნივერსიტეტმა“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

16 ოქტომბერს რუსთავის საბავშვო უნივერსიტეტის სკოლაში შედგა პირველი ლექცია მოსწავლეებისთვის. შეხვედრას 200-მდე მოსწავლე დაესწრო. დამსწრეთა რაოდენოამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თსუ რექტორის მრჩეველი, საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი მარინა ლომოური ამბობს, რომ ამის გამო ჯგუფის სამ ნაწილად დაყოფა გახდა საჭირო. რუსთაველ მოსწავლეებს ასტრონომიის შესახებ ლექცია ჩაუტარეს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორმა შალვა საბაშვილმა, ხოლო ხელოვნების ისტორიის შესახებ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა გიორგი ჯავახიშვილმა. საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამების კოორდინატორმა გიორგი გრიგოლაშვილმა კი სკოლის მოსწავლეებთან ერთად განიხილა ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რაც მოზარდებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

19 ოქტომბერს სეზონი განაახლა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ეკონომისტთა სკოლამაც. პირველი ლექცია დაეთმო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების და განვი-თარების ისტორიას, რომელიც აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა წაიკითხა.

ნორჩ ეკონომისტთა სკოლა ყოველ შაბათს 12:00 საათზე უმასპინძლებს მსმენელებს უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში 206-ე აუდიტორიაში.
სასწავლო წლის განახლებისთანავე, საბავშვო უნივერსიტეტმა კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელება დაიწყო, თუმცა, როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მარინა ლომოური აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტი - „გააცანი შენი პროფესია“, რომელიც არაქართულენოვან სკოლებთან მუშაობას გულისხმობს.

„ჩვენი მიზანია, განსაკუთრებით დიდი ყურადღება დავუთმოთ არაქართულენოვან მოსწავლეებს, რომ მათ უკეთესად შეძლონ ადაპტირება არსებულ რეალობასთან. ამიტომ ლექციების კურსი გვაქვს როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე. საბავშვო უნივერსიტეტის მიერ მოწვეული ლექტორები ლექციების კურს წაიკითხავენ მარნეულის და ახალქალაქის მოსწავლეებისთვის. ვეცდებით, თემები შერჩეული იყოს მათთვის საინტერესო საკითხებზე. “ - ამბობს მარინა ლომოური.

საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის თქმით, უნივერსიტეტი აგრძელებს მუშაობას და ამრავალფეროვნებს პროგრამებს, რომლებიც დაეხმარება როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას ცოდნის დაუფლებაში.

„თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი“ 2007-2008 წლებში, საქართველოში პირველად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა. რომელიც 2011 წელს ევროპის უნივერსიტეტების საბავშვო უნივერსიტეტების გაერთიანებაში გაწევრიანდა.

„EUSU NET-ის დეკლარაციაში ვკითხულობთ - უპირველესი მიზანი, რამაც ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება განაპირობა, არის თანამედროვე, დემოკრატიული, საუნივერსიტეტო ევროპის რწმენა, რომ ყველა ბავშვს, განურჩევლად მისი ეროვნების, სარწმუნოების და სოციალური წარმომავლობისა, უნდა ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ცივილიზებული საზოგადოება მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი სახელმწიფოსათვის უაღრესად ფასეულ სტრატეგიულ რესურსს წარმოადგენს, დიდწილად უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე წიაღისეული ან სხვა ბუნებრივი რესურსია. ხოლო სწავლის სურვილის, მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება კი სწორედ საბავშვო უნივერსიტეტების  საქმიანობის  უშუალო ამოცანას წარმოადგენს“ - როგორც თსუ–საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მარინა ლომოური აცხადებს, პირველი ქართული „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ მიზანიც სწორედ ეს გახლავთ.

„ჩვენ გვინდა სკოლის მოსწავლე დავაახლოვოთ უნივერსიტეტთან. გავაცნოთ, სკოლის პერიოდშივე უნივერისტეტი, რომ მისთვის არ იყოს იგი ერთის მხრივ მიუწვდომელი და მეორეს მხრივ - რთული და უინტერესო. ბოლო წლებში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში შეიმჩნევა სასკოლო განათლების დეფიციტი. როდესაც უნივერსიტეტელი ლექტორი მოზარდს ლექციას უკითხავს (რა თქმა უნდა, იგი ანგარიშს უწევს, მისი რეალური ცოდნის დონეს, რომ მოსწავლისთვის გასაგები იყოს), ეს სასარგებლოა არა მარტო მოსწავლისთვის, არამედ მასწავლებლისთვისაც. არის მთელი რიგი მეცნიერებები, რომლებშიც საბავშვო უნივერსიტეტი მოსწავლეებს სთავაზობს სალექციო კურსს. მაგალითად, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია. ფიზიკაში არის როგორც თეორიული ნაწილი, ასევე, თსუ-ში ფუნქციონირებს ლაბორატორია სახელწოდებით „საბავშვო უნივერსიტეტი“. აქ არის შეთავაზებული ისეთი ცდები და კვლევები, რომელიც სკოლის პროგრამას შეესაბამება. ჩვენი პროფესორები მუშაობენ იმაზე, რომ სკოლაშივე გაიცნონ და აითვისონ ბავშვებმა ექსპერიმენტალური ფიზიკის ელემენტები. ასევე ხდება ქიმიაში. ძალიან საინტერესოა გეოგრაფიის ლექციები, რომლის შემდეგაც ეწყობა ექსკურსიები. მოსწავლეები ეცნობიან ეკოლოგიურ პრობლემებს. ბევრი პროგრამა აქვთ ეკონომისტებს. საბავშვო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს „ნორჩ ეკონომისტთა სკოლა“, სადაც ყოველ წელს მოდის 80-100 მოსწავლე, რომლებიც შაბათ-კვირას სისტემატურად ესწრებიან ლექციებს, ირჩევენ გარკვეულ თემებს, რომლებსაც ბოლოს წარადგენენ კონფერენციაზე. ეს არის პროფესიის სერიოზული გაცნობა. ამ სკოლის კოორდინატორია მარი უკლება. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესში ფაკულტეტის მთელი პროფესურაა ჩართული. სხვათა შორის, „ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში“ ლექციები წაიკითხეს მინისტრებმაც - ნოდარ ხადურმა და დავით ნარმანიამ. მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ავტორიტეტულ პიროვნებებთან აქვთ უშუალო კონტაქტი. აქედან გამომდინარე, ამ სკოლის მოსწავლეები ეკონომისტის პროფესიას ირჩევენ არა ბრმად, არამედ გაცნობიერებულად. რაც შეეხება იურიდიულ საკითხებს, აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს. თსუ-ს დოქტორანტი იურისტები მიდიან სკოლებში, ლექციებს კითხულობენ ყველა მოსწავლისთვის, აქტუალურ საკითხებზე. რატომ არის ასეთი განსხვავება? ყველა პროფესიას და საგანს თავისი სპეციფიკა აქვს. მაგალითად, როდესაც ჩვენ ფიზიკის ლექციებს ვკითხულობთ, ვარჩევთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც კარგად სწავლობენ და აინტერესებთ ეს საგანი. მაგრამ, როდესაც იურისპრუდენციაში, მოსწავლის სამართლებრივ საკითხებზეა საუბარი, ეს ყველამ უნდა მოისმინოს, რადგან აქ არის არა მხოლოდ პროფესიის გაცნობა, არამედ, ეს მნიშვნელოვანია მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის. იმ მოსწავლეებს, რომელბიც ცუდად სწავლობენ, შეიძლება მიდრეკილება ჰქონდეთ არასწორი ცხოვრების წესისკენ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ლექციები სხვადასხვა დანაშაულებებზე, რათა ინფორმირებულები იყვ-ნენ. ერთი სიტყვით, ვარჩევთ ურთიერთობებში მიდგომას და ფორმას და ვითვალისწინებთ იმას, თუ რა სფეროზეა საუბარი,“ - ასე ხსნის მარინა ლომოური საბავშვო უნივერსიტეტის ფუნქციას და მიზანს, რომელიც, მიუხედავად ამ დაწესებულების რამდენიმეწლიანი მოღვაწეობისა, შეიძლება ითქვას, რომ მიღწეულია.

როგორც საბავშვო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, დღითიდღე იზრდება იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებსაც სურთ თსუ მეცნიერების და პროფესორების ლექციების მოსმენა ამა თუ იმ საგანში.

საუნივერსიტეტო და სასკოლო ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პროცესებში; თსუ სტუდენტთა მომსახურების ცენტრების მუშაობა; თსუ პროფესორებისა და თანამშრომლების მოკლე ინფორმაციები საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ; საუნივერსიტეტო და სასკოლო ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მმართველობით პროცესებში და ა.შ. ეს მოკლე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლის გან-ხორციელებაც საბავშვო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო.

„ჩვენ არ ვაფასებთ და არ ვერევით სასკოლო პროცესში. ამის არც მორალური, არც ფორმალური და იურიდიული უფლება გვაქვს. სკოლას აქვს უზარმაზარი ამოცანები და ამას თვითონ ართმევს თავს. თსუ-ს ლექტორების ლექციები რომელიმე საგანში, არის არა ტიპური გაკვეთილი, არამედ ჩვენ ამ საგანში მოსწავლეებს და მასწავლებლებსაც ვაწვდით იმ ცოდნას, რომელიც მათ თვალსაწიერს გაზრდის, ამ საგნით დავაინტერესებთ, ინტელექტს განვუვითარებთ.“ - აცხადებს მარინა ლომოური.

სხვა სტატიები »