ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ რექტორის არჩევნებში აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ გაიმარჯვა

16 აგვისტო, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა გახდა. რექტორობის 13 კანდიდატს შორის აკადემიური საბჭოს წევრთა 10 ხმა  სწორედ  ვლადიმერ პაპავამ მიიღო, ხოლო 2 ხმა ირმა რატიანმა. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე კვიტაშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„თუ გამარჯვებას არ ელოდები, ბუნებრივია არჩევნებში არ მონაწილეობ. მეც სწორედ ამ განწყობით ვიყავი” - განაცხადა ახალმა რექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან  დიდი ნდობა გამოცხადებული აკადემიური საბჭოსა და მთლიანად უნივერსიტეტის მიერ. „ამოცანები ძალიან ბევრია და ეტაპობრივად ყველა უნდა გადაწყდეს. მთავარი კი ის არის, რომ უნივერსიტეტი იყოს საერთაშორისო დონის და დაიბრუნოს თავისი ღირსეული სახელი. ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი: პირველ რიგში, უნივერსიტეტმა სტუდენტს უნდა მისცეს საერთაშორისო დონის ცოდნა და ამ მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი, უნივერსიტეტში უნდა გაძლიერდეს სამეცნიერო კვლევა და სტუდენტების ჩართულობა სამეცნიერო შემოქმედებაში.“ - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

ვლადიმერ პაპავას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა: „ვულოცავ ვლადიმერ პაპავას უნივერსიტეტის რექტორობას. ადრეც განვაცხადე, რომ ვითანამშრომლებდი ნებისმიერ კანდიდატთან, რომელსაც აკადემიური საბჭო აირჩევდა. უნივერსიტეტის ისტორიაში ალბათ პირველად მოხდება საქმეების ცივილიზებულად გადაბარება. ამ შემთხვევაში ბატონ ლადოს უფრო გაუადვილდება ამ ფუნქციის შესრულება.“

„ამ არჩევნებით უნივერსიტეტმა აჩვენა ის სტანდარტი, როგორიც უნდა იყოს არჩევნები ქვეყანაში. რექტორის არჩევნები იყო დემოკრატიული და ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი. ვულოცავ თსუ-ს ამ არჩევნებს და ღირსეული კანდიდატის გამარჯვებას“ - აღნიშნა აკადემიური საბჭოს წევრმა  ალექსანდრე შენგელიამ.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თსუ ასოცირებული პროფესორის დავით ბოსტოღანაშვილის განცხადებით, „არჩევნები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე  ჩატარდა, ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, არ დაფიქსირებულა არც ერთი საჩივარი. არჩევნებს 9 არასამთავრობო ორგანიზაციის 13 დამკვირვებელი ესწრებოდა. 13 ამომჩევლიდან არჩევნებში აკადემიური საბჭოს თორმეტმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე კვიტაშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.“

თსუ ყოფილმა რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აკადემიურ საბჭოს  თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით 12 ივნისს მიმართა. აკადემიურმა საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ახალი რექტორის არჩევნებამდე  სანდრო კვიტაშვილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

სხვა სტატიები »