ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს ექსპერტების კვლევა და თემატური სემინარი თსუ-ში

ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს ექსპერტების კვლევა და თემატური სემინარი თსუ-ში
18 ოქტომბერი, 2013
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში,  ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET Foundation) ექსპერტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 ოქტომბერს ჩაატარეს სემინარი  თემაზე „ABET-ის აკრედიტაციის სტანდარტები და მიღების პროცედურები“ (Criteria and procedures for ABET accreditation).

სემინარს უმასპინძლა თსუ რექტორის მოადგილემ მარინე ჩიტაშვილმა. ღონისძიებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, თსუ აკადემიური პერსონალი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები დაესწრნენ.

თსუ რექტორის მოადგილის მარინე ჩიტაშვილის განცხადებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ჩვენ გვეძლევა ახალი სასწავლო პროგრამების განვითარების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციებსა და ტექნოლოგიების განვითარებას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ძლიერი ბაზის საფუძველზე. მეორეც, ჩვენ მოგვეცემა საქართველოში რეალური ხარისხის დანერგვის საშუალება, რადგან მივიღებთ ამერიკული პროფესიული საზოგადოების მიერ აკრედიტებულ პროგრამებს. ეს კი სასარგებლოა ყველასთვის - უნივერსიტეტისთვისაც და ქვეყნისთვისაც.“

„ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს ექსპერტები ეწვივნენ  თბილისის სახწლმწიფო უნივერსიტეტს, რათა ამ უნივერსიტეტში მათ შეისწავლონ და შეაფასონ საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია   საქართველოსთვის, რადგანაც ეს პირდაპირ აისახება სასწავლო პროგრამების ხარისხზე. არსებული სურათის შესწავლის შედეგად აუცილებლად განისაზღვრება დეტალური სტრატეგია, რათა სასწავლო  პროგრამები მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. მსგავსი აკრედიტაცია გავლილი აქვს 3 ათასამდე პროგრამას მსოფლიოში, 600-მდე უნივერსიტეტს დაახლოებით 24 ქვეყანაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ სიძნელეები, შესაბამისობაში მოვიყვანოთ ჩვენი პროგრამები, ჩვენი სტუდენტები უფრო მაღალკონკურენტიანნი იქნებიან საერთაშორისო შრომის ბაზარზე. საბოლოო ჯამში ეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი ფაქტორი გახდება,“-აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

ABET Foundation-ის წარმომადგენელმა ალბერტ ჯო ტერნერმა ABET-ის აკრედიტაციის სტანდარტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „შეხვედრის მიზანი საბუნებისმეტყველო და ინჟინრული პროგრამების განვითარებისთვის თსუ-ს საჭიროებებისა და მოთხოვნების გაცნობა და შესაბამისი რეკომენდაციების და აკრედიტაციის მიცემაა. პროექტის მხარდაჭერისთვის განათლების სამინისტროს მადლობელი ვართ, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოში განათლების დონის ამაღლებისთვის.“ 

საქართველოში ABET Foundation-ის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული და სამეცნიერო/ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლა და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრა.  აღნიშნულ პროექტს ახორციელებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში.  ჩატარებული კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება საქართველოში ამერიკული პარტნიორი უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების პროგრამების შერჩევისთვის. კვლევის შედეგები ასევე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მათი პროგრამული განვითარების სრულყოფისა და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა-განხორციელების ჭრილში.

ABET-ი (ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო) წარმოადგენს აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აკრედიტაციას ანიჭებს საგანმანათლებლო პროგრამებს გამოყენებით, კომპიუტერულ, საინჟინრო, და საინჟინრო-ტექნოლოგიურ მეცნიერებებში.  

სხვა სტატიები »