ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

ERASMUS MUNDUS-ის ახალი პროექტის HERMES-ის პრეზენტაცია

ERASMUS MUNDUS-ის ახალი პროექტის HERMES-ის პრეზენტაცია
8 ოქტომბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის ახალი პროექტის HERMES-ის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას პროექტში ჩართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მთელი წლის სამუშაო გეგმა განიხილეს. პრეზენტაციაში პროექტის კოორდინატორი ათენის უნივერსიტეტის, ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოსა და 15 პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„პროექტი მიზნად ისახავს პროფესორების, სტუდენტებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების მობილობას ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებში საქართველოდან და პროექტის მონაწილე სხვა არაევროპული უნივერსიტეტებიდან, ასევე ბელორუსიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან. პროექტი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება. იქნება 2 სხვადასხვა კოჰორტი, კონკურსის შედეგად მოხდება აპლიკანტების გადარჩევა და   გარკვეულ რაოდენობას  მობილობის უფლება მიენიჭება.  პროექტის განმავლობაში სულ 200-მდე ადამიანი მიიღებს დაფინანსებას. მობილობის პერიოდი 3 -დან 16 თვემდე გრძელდება“, - განაცხადა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავამ.

ათენის ნაციონალური უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანის ამალია მოსერის თქმით, „პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის საშუალებას აძლევს პროგრამის მონაწილეებს გარკვეული პერიოდი გაატარონ სხვა ქვეყანაში, გაეცნონ სწავლების განსხვავებულ მეთოდებს, სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია  ინდივიდუალური განვითარებისთვის, ენის უნარების ათვისებისთვის და კულტურული მრავალფეროვნების გაცნობისთვის“.

ERASMUS MUNDUS-ი თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამაა, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გამყარება ევროკავშირის ქვეყნების უნივერსტეტებსა და სამხრეთ კავკასიის უნივერსტეტებს შორის. პროგრამა საშუალებას აძლევს ყველა საფეხურის სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და უნივერსიტეტის აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს აიმაღლონ ლინგვისტური, კულტურული და საგანმანათლებლო გამოცდილება ევროპაში აკადემიური სწავლით.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ERASMUS MUNDUS-ის პროექტებში 2007 წლიდან ჩაერთო. ამ ხნის განმავლობაში საგანმათლებლო-გაცვლით პროგრამაში უკვე 200-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
სხვა სტატიები »