ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ იურიდიული ფაკულტეტის გუნდების წარმატება საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე

თსუ იურიდიული ფაკულტეტის გუნდების წარმატება საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე
5 ივლისი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდებმა საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე მორიგ წარმატებას მიაღწიეს.

ფილიპ ჯესაპის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნულ შესარჩევ რაუნდებში გამარჯვების შემდეგ, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდმა ვაშინგტონში, საერთაშორისო რაუნდებში თსუ-ს სახელით მიიღო მონაწილეობა.
31 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით სტუდენტებმა გამართეს საერთაშორისო რაუნდები ჩინეთის, ირლანდიის, გაიანასა და აშშ-ს წარმომადგენლებთან. 4 თამაშიდან 3 თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა. შედეგად, საზეიმო დაჯილდოებისა და შეჯიბრის დახურვისას,  200-ზე მეტი მონაწილედან საუკეთესო სპიკერთა 28 ადგილიანი სია გამოვლინდა, სადაც  ქართული ჯესაპის ისტორიაში პირველად, მე-15 ადგილი დაიკავა გუნდის წევრმა ელენე მებონიამ. საუკეთესო სპიკერთა სიაში მოხვდა გუნდის კიდევ ერთი წევრი ნიკა გიგაშვილი.
ერთი გუნდიდან ორი მონაწილის საუკეთესო სპიკერად აღიარება იშვიათია ჯესაპის ისტორიაში.

არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა ტელდერსის იმიტირებული სასამართლო პროცესის შედეგები თსუ-ს მეორე გუნდისთვის. ტელდერსის სახელობის იმიტირებული საერთაშორისო სასამართლო პროცესის 36-ე კონკურსზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ექვსიდან ორ ნომინაციაში დაიკავა პირველი ადგილი - მოსარჩელის მხრიდან საუკეთესო ზეპირი დასაბუთებისა და საუკეთესო გუნდური ღვაწლის ნომინაციებში. როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარეები შევიდნენ საუკეთესო მოსარჩელე და მოპასუხე გუნდების ათეულში.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ტელდერსის სახელობის იმიტირებული საერთაშორისო სასამართლო პროცესის 36-ე კონკურსი 2013 წლის 25-27 აპრილს ქალაქ ჰააგაში გაიმართა. კონკურსში 26 ქვეყნის 40-მდე უნივერსიტეტი მონაწილეობდა. ზეპირ ეტაპზე წარმოდგენილი იყო ერთი ქვეყანა - ერთი საუკეთესო უნივერსიტეტით. კონკურსის საბოლოო ეტაპი 25-27 აპრილს გაიმართა სადაც გუნდები ზეპირი გამოსვლებით იცავდნენ როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციებს. შესაბამისი ჟიური ავლენდა საუკეთესო გუნდებს ექვსი სხვადასხვა გუნდური ნომინაციისა და ორი ინდივიდუალური ნომინაციის მიხედვით.
თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ხელმძღვანელობით აგრძელებს გუნდების დაკომპლექტებას 2014 წლის საერთაშორისო რაუნდებში მონაწილეობის მისაღებად.







სხვა სტატიები »