ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტთა დასაქმების სტრატეგია თსუ-ში

28 ივნისი, 2013
ბოლო რამდენიმე წელს თუ გადავხედავთ, თსუ-ის ადმინისტრაციის საქმიანობაში სტუდენტების ჩართვის ტენდენცია აშკარაა. მიმდინარე წლის მარტში რექტორის თანაშემწედ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მიხეილ გაბელია დაინიშნა. ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება სტუდენტების გარკვეული ნაწილისთვის გაუგებარი და მიუღებელიც აღმოჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ თავიანთი დამოკიდებულება როგორც საჯაროდ, ასევე, პირად საუბრებშიც გამოხატეს. დაისვა კითხვაც -  რატომ მაინც და მაინც მიხეილ გაბელია?

თუ როგორ ხდება მათი შერჩევა და რა მიზანს ემსახურება ეს გადაწყვეტილებები, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ჩომახიძემ გვიპასუხა. "ეს არ არის დასაქმების პროგრამა, ეს უნივერსიტეტის საჭიროებაა. ბუნებრივია, ადმინისტრაცია მუშაობს პრობლემური საკითხების მოგვარებაზე, მაგრამ მეორე საკითხია - როგორ აღიქვამს ამას სტუდენტი. ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც რექტორი უშუალოდ სტუდენტისგან იგებს მათ პრობლემებს. ჩვენ შეიძლება რაღაც საკითხებს ნაკლებად მივაქციოთ ყურადღება და ნაკლებად მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ, თუმცა სტუდენტს, რომელიც ადმინისტრაციაშია დასაქმებული, ეს არ გამოეპარება. შერჩევისას ბევრი კომპონენტია გასათვალისწინებელი, მათ შორის, პრობლემის დანახვის უნარი და მისი გულთან ახლოს მიტანა. ადამიანები, რომლებსაც მართლა აწუხებთ უნივერსიტეტის ტკივილი და უნდათ მის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ, ადვილად მკვიდრდებიან აქ. მათ კი, ვინც არსებული პრობლემების თსუ-ის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობს, უნივერსიტეტში ვერავინ მიიღებს. გარდა ამისა, ჩვენთან არიან დოქტორანტები, რომლებიც ადმინისტრაციულ საქმიანობასაც ახორციელებენ: სწავლობენ, პარალელურად კითხულობენ ლექციებს, გამოსცემენ სამეცნიერო პუბლიკაციებსა და წიგნებს. ისინი ჩვენი აკადემიური პერსონალის მომავალი წევრები არიან. მაგალითად, დიმიტრი გეგენავა. ასეთი დოქტორანტი უნივერსიტეტში კიდევ ბევრი გვყავს", - განაცხადა დავით ჩომახიძემ.

როგორც ირკვევა, თსუ-ს ადმინისტრაციაში სტუდენტების, დოქტორანტების დასაქმება უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიის ნაწილია. კონკრეტულად თუ რას საქმიანობენ ისინი თსუ-ის წარმატებული ფუნქციონირებისათვის, თსუ-ის ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწე გიორგი გაფრინდაშვილთან და თსუ-ის რექტორის თანაშემწე მიხეილ გაბელიასთან საუბრიდან გამომდინარე შეიტყობთ.

გიორგი გაფრინდაშვილი,
თსუ-ის ადმინისტრაციის უფროსის
თანაშემწე:


- საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურად სტუდენტობის პერიოდიდან ჩავერთე. სწორედ იმ დროს ჩამოყალიბდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა. ვიყავი როგორც პირველი, ასევე, მეორე მოწვევის თვითმმართველობის წევრი. ეს იყო ახალი და საკმაოდ კარგი ინიციატივა. საზოგადოების ნაწილი დღეს შეიძლება კრიტიკულად განსჯიდეს, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი უნარ-ჩვევების უმეტესი ნაწილი სწორედ იქ გამოვიმუშავე. ვფიქრობ, სტუდენტური თვითმმართველობის დამსახურებაა უნივერსიტეტის მართვის პროცესში სტუდენტობის ჩართულობა.

- დღეს თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე ხართ. როგორ დაინიშნეთ ამ თანამდებობაზე?
- ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლის დროს საკმაოდ კარგი აკადემიური მოსწრებით გამოვირჩეოდი. განსაკუთრებით გამიმართლა, რომ არა ერთი წარმატებული პროფესორი მიკითხავდა ლექციებს - მათ კონკრეტული საგნის გარდა ბევრი რამ მასწავლეს. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ თსუ-ს ადმინისტრაციამ შემომთავაზა ეს სამსახური, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი მიზანი იყო და დღესაც არის, დავეხმარო უნივერსიტეტს ჩემი შესაძლებლობებით და პრობლემები, რომლებიც ჩემი სტუდენტობის დროს არსებობდა, შემდეგ თაობებს წინ აღარ დახვდეთ. საკმაოდ მახარებს ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი გაუმჯობესებულია. ბოლონიის პროცესში ჩართვამ მოგვცა საშუალება, რომ აგვემოქმედებინა ბევრი გაცვლითი პროგრამა. შესაბამისად სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მოიპოვონ სტიპენდიები და საზღვარგარეთ აიმაღლონ ცოდნის დონე.

- როგორც ვიცი, რამდენიმე პროექტის განხორციელებაში მონაწილეობთ. რა პროექტებზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის?
- დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო სტუდენტების სტაჟირების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ისინი სხვადასხვა დეპარტამენტში გადიან პრაქტიკებს. ვფიქრობ, საკმაოდ დიდ გამოცდილებას იღებენ, რადგან როგორც უნივერსიტეტის საფაკულტეტო, ასევე, ცენტრალურ ადმინისტრაციაში და პროფილურ დეპარტამენტებში საკმაოდ პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ. ასევე ჟურნალის - "თსუ სტუდენტური მეცნიერება" გამოცემის ერთერთი იდეის ავტორი ვარ. ჟურნალში ყველა ფაკულტეტის სტუდენტებს ექნებათ საშუალება, რომ საკუთარი ნაშრომები გამოაქვეყნონ.
მნიშვნელოვანი პროექტია თსუ-ში მომსახურების ცენტრების ამოქმედება. ახლა მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები და ახალი სემესტრიდან ვგეგმავთ მათ ამოქმედებას. მომსახურების ცენტრებში სტუდენტებს შეეძლებათ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე სწრაფად და მარტივად მიიღონ პასუხი.

- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასაკით ყველაზე პატარა ასისტენტ-პროფესორიც ხართ. როგორ მიმდინარეობს თქვენი აკადემიური საქმიანობა და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- რაც შეეხება ჩემს დღევანდელ აკადემიურ საქმიანობას, ვკითხულობ საგანს - "სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება", რომელიც პრაქტიკული შინაარსის არის. სტუდენტებს ეძლევათ საშუალება - კონკრეტულად სახელმწიფო შესყიდვების სპეციალობას დაეუფლონ და, გარკვეულწილად, გზა ეხსნებათ შრომის ბაზარზეც. ეს სისტემა საქართველოში ორი წლის წინ ამოქმედდა და შესაბამისად გაჩნდა მოთხოვნა კადრებზეც. საგნის დანერგვის მიზანიც სწორედ ის გახლდათ, რომ პრაქტიკული შინაარსის ლექციები, რომელთა მოსმენითაც ჩემი სტუდენტობის დროს განებივრებულნი არ ვიყავით, ახლა უკვე ჩემს სტუდენტებს შევთავაზო. სექტემბრიდან ვგეგმავთ კიდევ ერთი ახალი საგნის დამატებას, რომელიც, ასევე, პრაქტიკული ხასიათის იქნება. პარალელურად ვმუშაობ სადოქტორო ნაშრომზე - "სახელმწიფო შესყიდვების როლი საქართველოში მეწარმეობის განვითარების პროცესში".

- საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ აკადემიური პერსონალი ნაკლებად უნდა იყოს ჩართული ადმინისტრაციულ საქმიანობაში. მედიაში კრიტიკა თქვენი მისამართითაც გაჟღერდა. რა პასუხი გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
- ადმინისტრაციაში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა ადრეც და ახლაც ჩართული იყო აკადემიურ საქმიანობაში. თუ უნივერსიტეტი გადაწყვეტს, რომ ეს არასწორია, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ბუნებრივია, არ წავალ. რაც შეეხება კრიტიკას, საუბარი შეეხებოდა ისეთ ადმინისტრაციულ თანამდებობებს, როგორიცაა კანცლერის, ხარიხის უზრუნველყოფის სამსახურის, დეკანისა და მათი მოადგილეების პოსტები. მე კი ადმინისტრაციაში ასეთი თანამდებობა არ მიჭირავს.

- სტუდენტების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვის უნივერსიტეტში დასაქმება უფრო მარტივია, ვიდრე მისი არაწევრი სტუდენტებისთვის. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?
- სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი წევრებიდან მხოლოდ რამდენიმე მუშაობს დღეს უნივერსიტეტში. რაც შეეხება ამ მოსაზრებას, გეტყვით, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლებს, თავისი აქტიური საქმიანობიდან გამომდინარე, უფრო მეტად უყალიბდებათ ურთიერთობები აკადემიური წრეების და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ უფრო მეტად აქვთ შეხება სხვადასხვა სახის პროექტებთან, რისი ინიციატორებიც ხშირად თავად არიან. ამიტომ, თუ ადმინისტრაცია ან აკადემიური პერსონალი ახალგაზრდა ადამიანის დასაქმების საჭიროებას ხედავს, არჩევანს სწორედ იმ სტუდენტზე აკეთებს, ვინც კარგი აკადემიური მოსწრებითა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით გამოირჩევა. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაზე დიდი დრო უნივერსიტეტში მაქვს გატარებული. აქ მუშაობა უდიდეს პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა.


მიხეილ გაბელია,
თსუ-ის რექტორის თანაშემწე:


- საინტერესოა, როგორ დაიკავეთ რექტორის თანაშემწის პოზიცია?
- პროფესორ ამირან ბერძენიშვილთან ერთად დავაარსეთ არაფორმალური ჯგუფი, რომელიც ცდილობდა სტუდენტების პრობლემების მოგვარებას. ვებ-გვერდზე - socium.ge ვათავსებდით სასწავლო პროცესისთვის აუცილებელ მასალებს. დროთა განმავლობაში სტუდენტებმა კარგად გაგვიცნეს და გადავწყვიტეთ სხვადასხვა პროექტი გაგვეკეთებინა. გარდა ამისა 2011 წელს გავიმარჯვე სტუდენტურ კონკურსში "მისია 2011", სადაც ოფიციალურად გავიცანი თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი. შემდეგ მეგობრებთან ერთად ხშირად ვწერდით იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც სტუდენტებს გვაწუხებდა. საქართველოში ეს იშვიათობაა და ამიტომ გაგვიკვირდა, როდესაც ჩვენ მიერ მიწერილ წერილებზე პასუხებს პირადად მისგან ვიღებდით. ერთერთი აქტუალური საკითხი იყო დამატებითი სემესტრის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის აღება. მათ საკმაოდ გრძელ რიგში უწევდათ დგომა და პროცესი დროში ძალიან ჭიანურდებოდა. გადავიღე ამ ვითარების ამსახველი ვიდეო, სოციალურ ქსელში განვათავსე და რექტორსაც მივწერე. ამის შემდეგ დამიკავშირდნენ, შემომთავაზეს რექტორის თანაშემწის ადგილი და სტუდენტების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა.

- რამდენადაც ვიცი, თქვენ მომზადებული გაქვთ ანგარიში ადმინისტრაციისთვის წარსადგენად. რას მოიცავს ეს თქვენი ანგარიში?
- მომზადებული მაქვს 2 ანგარიში, რომელიც, ძირითადად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მუშაობის ეფექტურობას ეხება. მაგალითად, სტუდენტებისთვის საკმაოდ პრობლემატურია, რომ თსუ-ში კვების ობიექტი არ ფუნქციონირებს. როდესაც საკითხს ჩავუღრმავდი, აღმოჩნდა, რომ იურიდიულ ფორმალურ საკითხს გვერდს ვერ აუვლიდი და სწორედ ამიტომ, ამ დრომდე, ბუფეტის გახსნა, გაჭიანურებული მიზეზის გამო, ვერ მოხერხდა. ეს არის მაგალითი, რომ ადმინისტრაცია სათანადოდ არ უხსნის სტუდენტებს _ რა პროცესი რასთან არის დაკავშირებული. არაეფექტური მუშაობის კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. აბიტურიენტთა მომზადების ცენტრში ერთ სტუდენტზე 700 ლარი იყო გადასახადი. ჩვენი ღონისძიებით ახლა სტუდენტები მხოლოდ 285 ლარს იხდიან. რექტორისთვის წარდგენილ ანგარიშში მოცემულია ოთხი რეკომენდაცია და ორი პროექტი. ერთერთი რეკომენდაციის მიხედვით, სტუდენტებს უნდა მიეცეთ საშუალება - ჩაერთონ უნივერსიტეტთან და სწავლის პროცესთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში.

- გაეცნო თუ არა რექტორი თქვენს ანგარიშებს და რა შეფასება მისცა?
- ანგარიშს გაეცნო, პროექტები მოეწონა და რეკომენდაციებიც გაიზიარა. ახლა რეკომენდაციების განხორციელების პროცესში ვართ.

- აწყობთ სტუდენტებთან შეხვედრებს?
- მქონდა მცდელობა, რომ სტუდენტებს შევხვედროდი. სამწუხაროდ, არ გაამართლა ამ შეხვედრამ. რამდენიმე, პირადად ჩემს მიმართ არაკეთილგანწყობილი სტუდენტი მოვიდა, მათთან აზრთა სხვადასხვაობა საუნივერსიტეტო თემებთან ნაკლებად არის კავშირში, უფრო პიროვნული მომენტია, რის გამოც საბოლოო ჯამში, შეხვედრაP პირადული საკითხების გარჩევაში გადაიზარდა - შენ რატომ დაგნიშნეს? რატომ თვლი თავს კომპეტენტურად? და ა.შ. სტუდენტების პრობლემებზე საუბარი არ შედგა და შეხვედრამ აზრი დაკარგა. თუმცა ერთი საკითხი მაინც წამოიჭრა, რაც ანგარიშშიც მოხვდა. იმედია, მომავალში გაცილებით ბევრი სტუდენტი იაქტიურებს და ჩვენი საერთო პრობლემების მოგვარებაში ერთად შევიტანთ წვლილს.


მოამზადა ნატო ობოლაძემ


სხვა სტატიები »