ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ერთობლივი ღონისძიება თავდაცვის აკადემიასთან

27 ივნისი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მაისში რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. კერძოდ, 14-15 მაისს გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ჩატარდა თამარ მეფის გარდაცვალების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, ხოლო 31 მაისს სახელმძღვანელოს - "საქართველოს ისტორია" პრეზენტაცია.


ღონისძიებები გაიმართა თავდაცვის ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 20 წლისთავის იუბილეს ფარგლებში. როგორც სამეთაურო-საშტაბო სკოლის ინსტრუქტორმა, ისტორიის დოქტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ მჭედლიშვილმა განაცხადა, მომავალში ამგვარი ღონისძიებების გამართვა კიდევ იგეგმება, რადგანაც მათ აქვთ ერთი მიზანი - მეტი განათლებული ოფიცერი შესძინონ ქვეყანას.
"რაც შეეხება კონფერენციას, ჩვენი სკოლა არის აკადემიის ერთერთი სტრუქტურული ერთეული. სამეცნიერო კონფერენციაზე, პროფესორ-მასწავლებლებთან და პარტნიორი უნივერსიტეტების მეცნიერებთან ერთად, ძირითადად მონაწილეობა მიიღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის სტუდენტებმა. წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა როგორც თამარის ეპოქას, ასევე, თანამედროვე საქართველოს ურთიერთობებს მსოფლიო პოლიტიკასთან. ვფიქრობ, ამ სამეცნიერო კონფერენციით კიდევ ერთხელ დადასტურდა ახალგაზრდობის ინტერესი სამეცნიერო კვლევებისადმი", _ აღნიშნა მან.
კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერები.
სტუდენტთა მიერ წარდგენილ მოხსენებათა შორის განსაკუთრებული ყურადღება და დისკუსია გამოიწვია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტის ივანე ელიკაშვილის მოხსენებამ "დიდი ორიანი: აშშ - ჩინეთის შესაძლო ალიანსი. პერსპექტივები და საფრთხეები" (ხელმძღვანელი თსუ-ის პროფესორი ია ხუბაშვილი) და ამავე მიმართულების სტუდენტების მერაბ და გიორგი მელაძეების მოხსენებამ, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ირანის როლის გაძლიერებას ეხებოდა (ხელმძღვანელი თსუ-ის პროფესორი ია ხუბაშვილი).
ქალბატონმა იამ „თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და თსუ-ს შორის ურთიერთობა ძალიან აქტუალურია, რადგანაც უნივერსიტეტში ბევრია ისეთი სტუდენტი, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლა აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლაში განაგრძონ, თუ სამოქალაქო პირებს ამის საშუალება მიეცემათ.
აკადემიის იუბილეს ფარგლებში 31 მაისს გაიმართა სახელმძღვანელოს - "საქართველოს ისტორია" პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ავტორები და რეცენზენტები (წიგნის სამეცნიერო რედაქტორი - პოლიტიკურ და სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძე, ისტორიის დოქტორები: პოლკოვნიკი დავით მაღლაკელიძე, მაიორი თორნიკე ასათიანი), ხოლო შემაჯამებელი მოხსენებები გააკეთეს თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ია ხუბაშვილმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებულმა პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ, შეიარაღებული ძალების მთავარმა სამხედრო მოძღვარმა, დეკანოზმა დავითმა (ლონდარიძემ) და სხვებმა.
კონფერენციის და სახელმძღვანელოს პრეზენტაციის ორგანიზატორებმა მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს აკადემიის რექტორს ზურაბ აგლაძეს და საშტაბო-სამეთაურო სკოლის ხელმძღვანელს მაიორ იროდი ქადაგიშვილს, რომელთა სიახლეებისადმი დამოკიდებულებამ განაპირობა ღონისძიებების მაღალ დონეზე გამართვა.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავდაცვის აკადემია კიდევ ერთ ღონისძიებას უმასპინძლებს _ ოქტომბერში დაგეგმილია კონფერენცია, რომელიც შავი ზღვის პრობლემებისა და პერსპექტივების ანალიზს მიეძღვნება.

მაია ტორაძე, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“


სხვა სტატიები »