ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ზურაბ დავითაშვილი: "რაც ამ კანონში იცვლება, ჩემთვის უკან გადადგმული ნაბიჯია..."

ზურაბ დავითაშვილი: "რაც ამ კანონში იცვლება, ჩემთვის უკან გადადგმული ნაბიჯია..."
28 ივნისი, 2013
რამდენიმე დღის წინ თსუ აკადემიურმა საბჭომ დააკმაყო-ფილა თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადება გადადგომის შესახებ და ახალი არჩევნები დანიშნა. გადაწყვეტილების მიზეზებსა და შედეგებზე "უნივერსიტეტს" თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, საერთაშორისო ურ-თიერთობათა  მიმართულების ხელმძღვანელი, აკადემიური საბჭოს წევრი ზურაბ დავითაშვილი გვესაუბრება.

- ბატონო ზურაბ, თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ, თუ რად დადებითი და უარყოფითი მხარეები არსებობს, თქვენი აზრით, კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” ცვლილებები შედის? რა არის მასში თქვენთვის მისაღები ან მიუღებელი?
- გამიჭირდება რაიმე დადებითზე საუბარი, რადგან როდესაც კანონში ცვლილებები შედის, საამისოდ შესაბამისი მიზეზები უნდა არსებობდეს. რაც ამ კანონ-ში იცვლება, ჩემთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ძირითადად ყურა-დღება გადატანილია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევაზე, რაც ექსკლუზიურად პრემიერმინისტრის პრეროგატივა ხდება. ჩემთვის გაუგებარია, რატომ იღებს ამხელა ვალდებულებას პრემიერ-მინისტრი, რომ 30-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში დანიშნოს მოვალეობის შემსრულებელი? თუ იგი ისე კარგად იცნობს ამ სასწავლებლებში არსებულ ვითარებას, რომ მხოლოდ მას შეუძლია ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რაც უნივერსიტეტისთვის იქნება მისაღები? ესე იგი, არ ვენდობით უნივერსიტეტებს.  ამას იმიტომ ვამბობ, რომ დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, 90 პროცენტის ალბათობით, რექტორი ხდება. თუ  კანონში ჩაიდება მუხლი, რომლის მიხედვით რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს უფლება იყაროს კენჭი რექტორის თანამდებობაზე, ეს სხვა საკითხია.
იყო შემთხვევები, როცა მაგალითად ზვიად გამსახურდია რექტორებს ნიშნავდა. 2006 წელს მიხეილ სააკაშვილმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელის დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივა გახადა, მაგრამ მაშინ ეს იმით იყო გამართლებული, რომ ყველა სტრუქტურა იშლებოდა და ახალი იქმნებოდა. ეს ერთჯერდი აქტი იყო და ახლა ასე არ არის, რადგან ჯერ-ჯერობით წარმოამდგენლობითი საბჭოც არსებობს, აკადემიურიც და ფაკულტეტთა საბჭოებიც. ჩემთვის გაუგებარია, თუ  რატომ არ შეუძლიათ მათ აირჩიონ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
მეორე, რაც ამ კანონში ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, და კონ-კრეტულად იმ მიმართულებას ეხება, რომელსაც ვხელმძღვანელობ (საერთა-შორისო ურთიერთობები), ის არის, რომ პრაქტიკულად ახალგაზრდებს გზას ვუკეტავთ სამეცნიერო-პედაგოგიური მო-ღვაწეობისათვის. დოქტორანტს უნდა ჰქონდეს სტიმული, რომ მას ახალგაზრდა ასაკში შეუძლია ლექციების წაკითხვა და ის მხოლოდ შავი სამუშაოების შესა-სრულებლად არ არის საჭირო. იმას, რომ ასისტენტ-პროფესორად შეუძლია მხოლოდ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირმა იმუშაოს, …გამართლება შეიძლება მოეძებნოს ისტორიულ, ფილოლოგის სპეციალობაზე, სადაც აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტი ბევრია. Mმაგრამ ეს არ ეხება ახალ და უახლეს დარგებს, სადაც ასეთი სპეციალისტი ცოტაა. საერთაშორისო ურთიერთობებში აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტი  სულ თითზე ჩამოსათვლელია ახალგაზრდების უმეტესობა, ვინც ამ მიმარ-თულებით 2001 წელს მაგისტრატურა დაამთავრა, პრაქტიკულ საქმიანობაში წავიდა. ზოგი დიპლომატიურ სამსახურშია, ზოგი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ან საერთაშორისო ორგანიზაციაში. მათი ძალიან მცირე ნაწილი ახერხებს პარალელურად დოქტორანტურაში ჩაბარებას და ამავე დროს ლექციების წაკითხვას. 4 ასისტენტ-პროფესორი გვყავს, რომელთაგანაც მხოლოდ ერთმა დაიცვა ამ დროისათვის დოქტორის ხარისხი. გამოდის, რომ დანარჩენი სამი უნდა გავუშვათ თანამდებობიდან და მათ ნაცვლად მოვიყვანოთ სხვა სპეციალობის პირი, რომელსაც ხარისხი უკვე დაცული აქვს და არის ისტორიკოსი, იურისტი და აშ. ანუ არ არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დარგი, და არა მხოლოდ, ამ კანონის Mმიხედვით კვდება. ლაპარაკი იმაზე, რომ გამონაკლისების დაშვება შეიძლება, და მათ ლექციების წაკითხვა შეუძლიათ, სხვა საკითხია. მე საუბარი მაქვს კონკრეტულ საშტატო ერთეულზე, რომლიც უნდა ფუნქციონირებდეს, რადგან მისი არარსებობის შემთხვევაში ყველა ასისტენტ-პროფესორი უნდა გავუშვათ, როდესაც მათი შემცვლელები  არ მოგვეძებნება.
გარდა ამისა, მიუღებლად მიმაჩნია ხელფასის განაწილების ის პრინციპი, რაც ამ კანონპროექტში არის ჩადებული. ძალიან კარგია და ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ პროფესორს ხელფასი უნდა გაეზარდოს, მაგრამ არ შეიძლება უკიდურესობაში გადავარდნა. უნივერსიტეტი არის დიდი ორგანიზაცია და ისეთი სამსახურების უგულვებელყოფა, როგორიც არის თუნდაც საფინანსო, იურიდიული და  სხვა,  მაშინ, როდესაც თითქმის 50 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დაწესებულებაში ხელფასები მიზერულია, ცდუნების  და კორუფციის ალბათობას ზრდის. ამდენად, ეს კანონი  ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და მიმაჩნია, რომ იგი ან თვითონ განათლების სამინისტრომ უნდა გაიწვიოს ან პარლამენტმა არ უნდა დაუჭიროს მხარი. როგორც იცით, თვითონ უმრავლესობაშიც აღმოჩნდა ხალხი, რომელმაც მას მხარი არ დაუჭირა. როდესაც მათ სიას გადავხედე, ვნახე რომ არიან ადამიანები, რომელთაც აქვს ცოდნა განათლების სისტემის კუთხით და, ნურავის ეწყინება, მაგრამ, ზოგიერთებისგან განსხვავებით, ამავე დროს აზროვნებენ.  უმრავლესობის დიდ ნაწილს, რომელმაც ამ კანონს მხარი დაუჭირა, იგი წაკითხულიც კი არა აქვს. ამიტომ, ჩვენი შვილების მომავალი არ უნდა იყოს მსახიობებზე და მოჭიდავეებზე დამოკიდებული. რითაც შეიძლება დღეისათვის შედარებით ვიამაყოთ, არის ის, რომ ჩვენი უნივერსიტეტები, და განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩვენი მეზობელი ქვეყნების უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, არ არის საბჭოთა ყაიდის უნივერსიტეტი და ევროპული უნივერსიტეტია. მართალია, აქეთკენ ძალიან ძნელად მივდივართ, არ არის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ფინანსები, ხარისხი, მაგრამ სწორად მივდივართ და, შესაბამისად, სტუდენტი, რო-მელიც სწავლობს თსუ-ში და შემდეგ სწავლას დასავლეთის უნივერსიტეტში აგრძელებს, უკვე მომზადებულია იქაური გარემოსთვის და საიდანღაც ჩამოვარდნილს არ ჰგავს.

- აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადება გადადგომის შესახებ და დატოვა იგი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ახალი რექტორის არჩვენების დროს არ გაჩნდება პრეტენზია და უნდობლობა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებისადმი?
- დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პრე-ტენზიები იქნება, ისე როგორც პრეტენ-ზიები არის ნებისმიერი არჩევნებისა და კონკურსისას. კონკურსში დამარცხებული არასდროს ამბობს, რომ იგი სამართლიანად დამარცხდა. არ გამოვრიცხავ, რომ იყო რაღაცGგაუგებრობები. აკადემიური პერსო-ნალის არჩევნებზე მინდა ვთქვა, ლაპარაკობენ, რომ 4000 ადამიანიდან შვიდასი დარჩა. Mმართალია, ასე მოხდა. M20000 სტუდენტზე 4000 პროფესორი რომ მოდიოდა, ეს არ იყო ნორმალური. ამიტომ ჰქონდა Mმიზერული ხელფასი პროფესორ-მასწავლებელს და კორუფციის წყარო არსებობდა. ბუნებრივია, როდესაც აკადემიური პერსონალის პრაქტი-კულად 75 პროცენტი გარეთ რჩება, მათში ალბათ ისინიც  მოხვდებიან, ვინც იქ არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს კონკურსის თანმდევი პროცესია. საბჭოს წევრს შეუძლია თქვას, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ პროფესორს მეორესთან შედარებით.
პირადად მე სამეცნიერო ხარისხიც მაქვს, ბევრი წიგნიც გამომიცია და  აკადემიური საბჭოს წევრიც ვყოფილვარ, მაგრამ ფიქრადაც არ გამივლია რექტორის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წამოყენება. რექტორისთვის აკადემიური ხარისხი სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი, რადგან იგი სხვა თვისებებით უნდა შეფასდეს.

- რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს, თქვენი შეფასებით, რექტორი?
- რექტორი კარგი მმართველი უნდა იყოს, მის დროს  პროფესორ-სწავლებლებს მაქსიმალური აკადემიური თავისუფლების საშუალება უნდა მიეცეთ. ამ თანამდებობას არ უნდა შევხედოთ, როგორც ჯილდოს. ანუ ეს არ ნიშნავს,  რომ რექტორად მხოლოდ მსოფლიოში დაფასებული, ღვაწლმოსილი მეცნიერი უნდა ავირჩიოთ. მაშინ რექტორის მოვალეობა სხვამ უნდა შეასრულოს. ყოფილა რექტორად მსოფლიო დონის მეცნიერი და ამ დროს მის მოვალეობას, რეალურად, პრორექტორი ასრულებდა. მე არ ვგულისხმობ მაინც და მაინც ფინანსურ მხარეს, ამ საკითხს კანცლერი უნდა აგვარებდეს. მხედველობაში მაქვს აკადემიური პერსონალის მართვა, თანხების მოზიდვა, საერთაშორისო ასპარეზზე უნივერსიტეტის წარმოჩენა, რაც კიდევ სხვა საქმეა. ძალიან ბევრი უნივერსიტეტია საზღვარგარეთ და პირველ რიგში აშშ-ში, რომლის რექტორიც აკადემიური ხარისხის მქონე არ არის. ვიცი ბევრი არ დამეთანხმება. აუცილებლად გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც იტყვიან: რექტორად ეს კი არა, სხვა უნდა აგერჩიათო, მაგრამ რას ვიზამთ, აკადემიურ საბჭოს ეს მძიმე მოვალეობა აკისრია და მზად უნდა იყოს იმ ლაფისთვის, რომელსაც ესვრიან.


სხვა სტატიები »