ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალაკტიონი - ინგლისურ ენაზე

გალაკტიონი - ინგლისურ ენაზე
28 მაისი, 2012
“გალაკტიონის სახით ვიპოვე უმაღლესი ხარისხის პოეზია, რომელიც არის სულის ნამდვილი არისტოკრატი და სიტყვიერი სასწაულების შემქმნელი. მის გარეშე მსოფლიო პოეზია ბევრ აღმოჩენას აუვლიდა გვერდს”. _ ასეთი შეფასება ლორდმა მერევორსმა, ცნობილმა პოეტმა და მისი საგვარეულოს რიგით მეხუთე ბარონმა ბრიტანეთში გალაკტიონის ინგლისურენოვანი კრებულის პრეზენტაციაზე გააკეთა. გალაკტონის 50 ლექსის უნიკალური თარგმანი თსუ თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორს, სრულ პროფესორს ინესა მერაბიშვილს ეკუთვნის.  
გალაკტიონის თარგმნისა და ინგლისურად გამოცემის იდეა ქალბატონ ინესას მაშინ გაუჩნდა, როდესაც დაასრულა მონოგრაფია "გალაკტიონის ენიგმები" (თბილისი, 2003). ქართული ლექსის ინგლისურად თარგმნაში მას დიდად შეუწყო ხელი ინგლისურ პოეზიაზე, საკუთრივ ბაირონის შემოქმედებასა და მის ქართულ თარგმანზე მუშაობამ. (ცნობისთვის, ქალბატონი ინესა საქართველოში ბაირონის საზოგადოებისა და ბაირონის სკოლის დამაარსებელია. მან ბაირონის არაერთი ლექსი თარგმნა ქართულად და გააცნო ქართველ მკითხველს). ინესა მერაბიშვილის თარგმანში გალაკტიონის 25 ლექსისაგან შემდგარი ორენოვანი კრებული პირველად 2005 წელს დაბეჭდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. კიდევ უფრო მოცულობითი და მნიშვნელოვანი სამუშაო 2011 წელს გალაკტიონის ახალი ინგლისურენოვანი კრებულის (50 ლექსი) გამოშვებით დასრულდა - გალაკტიონის 120 წლის იუბილე ამ გამოცემით აღინიშნა ლონდონში.
ფაქტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც ანიჭებს, რომ წიგნი ამჯერად ნოტინგემის ცნობილმა გამომცემლობამ Critical, Cultural and Communications Press-მა დაბეჭდა. მისი პრეზენტაცია კი ლონდონში, ბელგრეივ სქვეარზე მდებარე სასახლეში - კენინგ ჰაუზში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატები, პოეზიის ბრიტანელი თაყვანისმცემლები და თავად ლორდ ბაირონის შთამომავლები, რომლებმაც მთარგმნელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს. გამომცემლობის დირექტორმა, პროფესორმა ბერნარდ მაკგარგმა პრეზენტაციაზე განაცხადა: "ვიმედოვნებთ, რომ ინესა მერაბიშვილის თარგმანი უამრავ მკითხველს დააინტერესებს ამ სრულიად განსაცვიფრებელი პოეტით, რომელიც საუკუნის დაგვიანებით მოვიდა ჩვენამდე და მხოლოდ ახლა ხდება მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი".  
ამ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში თსუ პროფესორს ინესა მერაბიშვილს მართლაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის. თარგმანთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა ამერიკელი დიპლომატის, პოეზიის დიდი მოყვარულის, რობერტ ჯ. გიბსონის კომენტარი: "რომ არ მცოდნოდა, ჩემ წინაშე თარგმანია, ჩავთვლიდი, რომ ეს ინგლისურ ენაზე შექმნილი დედანია, თუმც აქ საქართველოზეა საუბარი. ეს ხომ ძალიან იშვიათი შემთხვევაა ნებისმიერ თარგმანში და  განსაკუთრებით პოეზიაში".  
დაბოლოს - ამ დღეებში გამოიცემა ინესა მერაბიშვილის ახალი მონოგრაფია სახელწოდებით - "გალაკტიონის მერი".

სხვა სტატიები »