ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ახალი საგამოფენო სივრცე თსუ-ში

ახალი საგამოფენო სივრცე თსუ-ში
28 მაისი, 2012
ივავე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუზეუმის საგამოფენო დარბაზი გაიხსნა. გალერეაში  მუზეუმის ფონდებში დაცული სახვითი ხელოვნების ნიმუშები გამოიფინა; კერძოდ, XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის ქართველი და უცხოელი მხატვრების ტილოები. აგრეთვე გამოფენილი იყო თანამედროვე მხატვრებისა და სტუდენტების ნამუშევრები.
გამოფენა თემატურად, ჟანრობრივად, მასალისა  და ტექნიკის (ზეთი, აკვარელი, სანგინი და სხვა) თვალსაზრისითაც მრავალფეროვანია. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ვალერიან სიდამონ-ერისთავის, იოსებ სუმბაძის, გიგო გაბაშვილის, ჯიბსონ ხუნდაძის, ედმონდ კალანდაძის, ირაკლი ფარჯიანის, სევერიან მაისაშვილისა და სხვათა ტილოები. ამავე დროს, გამოიფინა გოგი და ირაკლი ოჩიაურების, ლევან ცუცქირიძის, თემო ყუბანეიშვილის და კორნელი სანაძის მიერ შესრულებული ილუსტრაციები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებზე.
„ბევრი ვიფიქრეთ თემატურად რა ექსპოზიცია გამოგვეფინა, ეპოქალური თვალსაზრისით დაგვეყო თუ თემატურად, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ სრული სახით წარმოგვედგინდა უნივერსიტეტის საგანძური. ეს კოლექცია წლების განმავლობაში გროვდებოდა  თსუ-ში სხვადასხვა სახით. აქ ძირითადად ნაჩუქარი კოლექციაა წარმოდგენილი.“ - განაცხადა თსუ მუზეუმის დირექტორმა მაია  გურაბანიძემ.
საგამოფენო დარბაზი მუზეუმის დღესთან დაკავშირებით გაიხსნა.  ექსპოზიცია დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება. ამის შემდეგ კი ეს დარბაზი უკვე ღია საგამოფენო სივრცე იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მხატვრებისთვის.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ეს იქნება სივრცე სტუდენტებისთვის, სადაც გამოიფინება არამხოლოდ ფერწერული ტილოები, ასევე სხვადასხვა საინტერესო ნივთები.
„ეს არის წინაპირობა უნივერსიტეტის სამუზეუმო სივრცის ჩამოყალიბებისა, რომელიც მომავალში გაიხსნება. მოხარული ვარ, რომ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაათვალიერონ ასეთი საინტერესო კოლექცია და ეს საგამოფენო სივრცე  გამოიყენონ თავიანთი საინტერესო მიზნებისთვის.“
მხატვარმა გია გუგუშვილმა (უმცროსი) თსუ გალერეას ზეთში შესრულებული ტილო „ქართლი“ აჩუქა.












სხვა სტატიები »