ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

შემოდგომის ლეგენდა - "როგორც ჩემი ძმა ანიკი"

შემოდგომის ლეგენდა -  "როგორც ჩემი ძმა ანიკი"
26 ნოემბერი, 2010
როგორც ჩემი ძმა ანიკი

უბედურები ვართ. აქ ყველა ასეა. როცა ნავით ზღვაში გავდივართ, მე თვალებს ვიხვევ. ანიკი მარჯვენა ხელს მარჯვნივ, მარცხენას კი, მარცხნივ გადაყოფს. მუჭით წყალს იღებს და თვალებზე ისხამს. ანიკის სტკივა.
როცა ვიღვიძებთ, ჩემი ძმის თვალებს ვხედავ. ორი პატარა ლიფსიტა წამწამებს უჭამს.
მგონია, ვიძირებით.
წყალში ვხტები. ნავის თოკს კისერზე ვიბამ და ნაპირისკენ მივცურავ.
„როდის დავიხრჩობი? როდის დავიხრჩობი?“ ვეკითხები ჩემს თავს და ნიკაპს ქვიშას ვუხახუნებ.

–––
ორი დღეა, რაც მამა დაბრუნდა. დედა ქვის სანაყში თეთრ გამჭვირვალე ნამცეცებს ყრის და მანამ ურტყამს ქვას, სანამ ფქვილად არ იქცევა. აქრობს შუქს. ფქვილს მთელ ტანზე იყრის. ორი დღეა, რაც მამა დაბრუნდა და გამუდმებით ლოკავს დედას.

–––
სძინავთ. დედის ხერხემალზე თეთრ ზოლს ვხედავ. ვეპარები.
ანიკის ისევ ნავში სძინავს. ვეკითხები:
„ანიკი, ანიკი, გძინავს?“ ანიკი პირს აღებს. ვხედავ და სასწრაფოდ ვუსვამ ენაზე ენას.
„მოგწონს?“ – ვეკითხები. ანიკი ისევ აღებს პირს. „მოსწონს“ – ვფიქრობ და მერე მორჩენილ სიტკბოს თვალებზე ვუსვამ. წყლის გემო აქვთ ჩემი ძმის თვალებს.

–––
ნავში ორივე ვეტევით. შუბლზე ვუსვამ თითებს, რომ დაიძინოს.
მეორე დილით ისევ გავდივართ ზღვაში.

–––
უბედური ვარ. ნელ–ნელა ვამჩნევ, ზურგზე რაღაც მეზრდება და კისერი კი, ყოველთვის მტკივა. „როდის დავიხრჩობი?“ – ვეკითხები ჩემს თავს და ისევ თოკით გამომაქვს ნავი ნაპირისკენ.

–––
ანიკის თვალები ებერება. ზემოდან ყვითელი ბუშტები უჩნდება. მე აღარ მომწონს მისი თვალების გემო. ყოველ დღე, როცა ენას ვუსვამ, აღარც მას მოსწონს.

მამა ჯერ ხმელეთზეა. სახლში მხოლოდ დედის ფქვილისთვის შევდივარ.
დედამ არ იცის, რომ მამასთან ერთად მეც ვლოკავ მას.

–––
ანიკის ჰგონია, რომ სულ მზე ჩადის. მისი თვალებიც მზეებს ჰგვანან. როცა უნდა რამე დაინახოს, იძინებს.
დაბრმავდა.
ყველამ იცის, რომ ანიკი დაბრმავდა. ყველამ იცის, ჩემს ძმას თვალები აღარ აქვს. 
„შენ“ – მეკითხება, „შენც გგონია, რომ ვერაფერს ვხედავ?“



–––
მამა ისევ სახლშია. დედა – ხან ქვებს ურტყამს კრისტალებს, ხან სულ შიშვლდება. ნელ–ნელა მამას თვალები უწითლდება. დედას ზურგზე ნაკაწრები აქვს. „გემრიელია“ – ამბობს მამა. როცა ანიკის ვუყვები ამაზე, ისიც ამბობს, „გემრიელია“. 

–––
წყლიდან ერთსა და იმავე დროს ვბრუნდებით. დილით ანიკიმ მითხრა, რომ მახინჯი ვარ (გრძნობს). ქვიშაზე ვწვები, მერე ჩემს ნაწოლარს ვაკვირდები და ვამბობ – „ჰო“.
საღამოს ანიკი ამბობს – „შენი ბრალია“.
„ჰო“ – თავს ვუქნევ. ბრაზდება. „მიპასუხე!“ – მიყვირის. მე ისევ თავს ვუქნევ და მიხარია, რომ ბრაზდება.
„ბრმა ხარ.“ – ვეუბნები.
ღამე ნავის თოკს ფეხზე ვიბამ და ქვიშაზე ვიძინებ. რაც მამა დაბრუნდა, პირველად დავიძინე მშვიდად. ანიკისგან შორს.

–––
ვხედავ, ნავი ცარიელია. მიხარია და თან არც. უფრო არ. სახლისკენ გავრბივარ. ანიკი დედას ლოკავს. დედა ტირის. 
„შაქარია,“ – ამბობს. ხელისგულიდან ლურჯ ზოლზე იყრის. „მიდი“ – მეუბნება დედა.
„ტკბილია.“ – ვამბობ.

–––
ჩემი ძმა ისევ ზღვაში მიმყავს. მე თვალებს ვიხვევ. ბრმები ვართ. ანიკის უხარია და უფლებას მაძლევს, ავლოკო.
„ვინ ვარ?“ – მეკითხება.
„შაქარი!“ – ვპასუხობ.

–––
ანიკის ყვირილი მაღვიძებს. ვცდილობ, სახვევი მოვიხსნა, – ვერ! ჩემი ძმა ყვირის. 
თოლიებმა თვალები შეუჭამეს.
წყალში ვხტები. რახან თვალებს ვერ ვახელ, ანიკიზე ძალიან მტკივა ყველაფერი.
„ნეტა დავიხრჩო“ – ვყვირი, მაგრამ ისევ ნიკაპს ქვიშას ვუხახუნებ.
ანიკის ნავში ვუწვები. ჩემი ძმის სისხლსაც ვლოკავ.


–––
ახლა ნამდვილად უბედური ვარ. თვალებზე ზღვის წყალს ვისხამ, მერე ნიჩბებს ვყრი და წყალში გავდივარ. თოკს კისერზე ვიბამ. ნავში მარტო ვარ. 
უბედური ვარ, ანიკის გარეშე. ანიკის გარეშე! – ვიმეორებ. 

სხვა სტატიები »