ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება

თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება
28 ოქტომბერი, 2019
დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის  თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, კალათბურთელები, მწვრთნელები,  გუნდის ექიმები, თსუ კალათბურთის გუნდის ფანკლუბის წევრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი წამყვანი გუნდი ქართულ კალათბურში და ძალიან კარგია რომ შევძელით დაბრუნება სუპერლიგაში. „დუდუ დადიანის თასი კარგი ჯილდო და მოტივატორია იმისთვის, რომ უკეთესი შედეგები დავდოთ. ზოგადად მიმაჩნია, რომ საუნივერსიტეტო კალათბურთი და სპორტი არის ქვაკუთხედი დიდი სპორტის განვითარების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩაბმული სპორტში, რადგან იგი ჯანსაღი ცხოვრების წესია. მივესალმებით ნებისმიერ გამარჯვებას, რომელიც მოტივაციას გაუჩენს სხვას, რომ გახდეს უფრო სპორტული”,- აღნიშნა თსუ რექტორმა.
კალათბურთელებს მადლობის სიგელები თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ხარჯავანიძემ გადასცა. თსუ საკალათბურთო გუნდის მომავალ გეგმებზე ისაუბრა კალათბურთელმა გიორგი კორსანტიამ: „ჩვენი გუნდი ახალი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, გვყავს ახალი სამწვრთნელო შტაბი. ჩვენი მიზანია შევთამაშდეთ, ერთმანეთს უკეთ გავუგოთ. შემდეგ, რაც შეიძლება ოპტიმალურ ფორმაში შევიდეთ და მოვახერხოთ, რომ რეგულარულ სეზონში მაღალი ადგილი დავიკავოთ და ფლეი ოფში მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ.  პირველ რიგში, ოთხეულში გავიდეთ და მაქსიმუმი იქნება  ჩემპიონობა“.
ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 45 წლის განმავლობაში თსუ საკალათბურთო გუნდების  მწვრთნელი ნუგზარ მარკოიშვილი  ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. „უნივერსიტეტს ძალიან დიდი ტრადიცია აქვს,  მისი დაარსებიდან მოყოლებული კალათბურთი ყოველთვის იყო მაღალ დონეზე.  მადლობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ უნივერსიტეტის კალათბურთი იყოს შესაბამის სიმაღლეზე”, - განაცხადა ნუგზარ მარკოიშვილმა.  
“ვულოცავ უნივერსიტეტს ამ დიდ წარმატებას და ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არამედ სხვა უნივერსიტეტებიც ჩაებან იმ ფერხულში, რასაც ქართული კალათბურთის სამსახური ჰქვია. ვფიქრობ, შორს არ არის ის დრო, როცა სუპერლიგაში მხოლოდ და მხოლოდ თსუ არ იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა. 
დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის ფინალში თსუ-ს კალათბურთელებმა ბათუმის გუნდი ანგარიშით 87:69 დაამარცხეს. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად თსუ-ს ცენტრფორვარდი გიორგი კორსანტია დასახელდა.

სხვა სტატიები »