ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტური კაპელა

თსუ სტუდენტური კაპელა
1 აპრილი, 2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ისტორიულმა შენობამ საუკუნეს გადააბიჯა. სამეცნიერო და კვლევით საქმიანობასთან ერთად, ამ შენობაში საუკუნის განმავლობაში სტუდენტური კულტურული და სპორტული გუნდების ისტორიებიც იწერებოდა. აუდიტორიების გარდა, თსუ სტუდენტებისთვის ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა თსუ-ს სხვენს. ადგილს, სადაც წლების განმავლობაში რეპეტიციას გადიოდნენ თსუ თეატრალური დასი, თსუ ვაჟთა და გოგონათა ანსამბლები და ახლა უკვე თსუ კაპელაც.
საქართველოში პროფესიული საგუნდო მუსიკის შემოქმედებითი და საშემსრულებლო ისტორია ერთ საუკუნეს აჭარბებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი გოგონათა ხალხური სიმღერის ანსამბლი 1936 წელს აქვსენტი მეგრელიძის მიერ ჩამოყალიბდა, გუნდი ხალხური საკრავების თანხლებით მღეროდა, მასში 40 გოგონა შედიოდა. მომღერალთა გუნდი 1939 წელს დაიშალა, უნივერსიტეტს კი დიდი ხნის მანძილზე არ ჰყოლია მხოლოდ გოგონებისგან დაკომპლექტებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი.
კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა 25 წლის ლაშა მიროტაძემ საკუთარი ოცნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირა და 4 წლის წინ გოგონათა გუნდი ჩამოაყალიბა. გოგონათა სტუდენტური გუნდი 2017 წელს შერეული სახით, უკვე ბიჭებთან ერთად წარდგა მსმენელის წინაშე. გუნდმა სახელი შეიცვალა და ძალიან მცირე დროში, თსუ კაპელა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კონკურსების პრიზიორი, პირველადგილოსანი და ჟიურის სიმპათია გახდა.
„კონსერვატორია დავამთავრე საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებით, როგორც ბაკალავრიატი, ისე მაგისტრატურა. რა თქმა უნდა, ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ ეს საქმე გუნდის ჩამოყალიბებით დამეგვირგვინებინა. ყველა დირიჟორს აქვს ეს იდეა და ამის სურვილი. გუნდი 2015 წელს ჩამოვაყალიბე და მის დაარსებაში უდიდესი წვლილი საქართველოს საგუნდო საზოგადოებამ შეიტანა. ეს ორგანიზაცია 2014 წელს დაარსდა, იგი ევროპა კანტატის წევრია და ევროპის ყველაზე დიდი საგუნდო ორგანიზაციაა. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო საქართველოს საგუნდო საზოგადოების დამაარსებელსა და მასწავლებელს ლია ჭონიშვილს. თავდაპირველად გოგოების გუნდით დავიწყეთ, ახლა ვართ კაპელა, შერეული გუნდი. 2016 წელს დავუკავშირდი თსუ-ს და 2017 წელს უკვე, როგორც აღვნიშნე შერეული ტიპის გუნდი მივიღეთ. დაახლოებით, 60 ადამიანი გვყავს კაპელაში და ასე ვაგრძელებთ მოღვაწეობას. მყუდროდ და განცალკევებულად ვაწარმოებთ რეპეტიციებს.
კაპელას წევრების უმეტესი ნაწილი თსუ-ს სტუდენტები არიან, თუმცა გვყავს წევრები კონსერვატორიიდანაც და სხვა უნივერსიტეტებიდან. ოღონდ ცოტა რაოდენობა, ძირითადი ბირთვი მაინც თსუ-ს სტუდენტები არიან. მიღება ჩემთან გასაუბრებით ხდება. კაპელას წევრები სხვადასხვა ფაკულტეტებიდან არიან, მათ შორის უმრავლესობა ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, ჟურნალისტიკიდან, საერთაშორისო ურთიერთობებიდან. რეპეტიციები გვაქვს სტაბილურად, კვირაში სამჯერ და ვრეპეტიციობთ ორი საათის განმავლობაში. როცა კონცერტი ან გასტროლი გვიახლოვდება, ამ შემთხვევაში შეიძლება მეოთხე რეპეტიციაც დაგვემატოს”, - ამბობს კაპელას ქორმაისტერი ლაშა მიროტაძე.
კაპელას შემადგენლობაში 60 თსუ სტუდენტია, როგორც გოგონები ისე ბიჭები. აქედან 50-52 ძირითად შემადგენლობაში, დანარჩენები კი ჯერ სწავლებისა და ხმის დამუშავების ეტაპზე არიან. გუნდის რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია, ქართული სიმღერების გარდა, ევროპული, აფრიკული სიმღერები და გოსპელები (საგალობლები).
„აკადემიურ მუსიკას ვმღერით, როგორც ქართულ აკადემიურ, ისე პროფესიულ საგუნდო მუსიკას, ასევე ევროპულ და ამერიკულ მუსიკას, მათ შორის საგალობლებს. როცა 60 ადამიანი ერთიანდება ერთ კოლექტივში, ძნელია გამოსცენ პოზიციურად ერთიანი ბგერა, ერთნაირად იაზროვნონ. ეს არის რთული, თორემ ნაწარმოების შესწავლა და სიმღერა შეიძლება” - ამბობს ლაშა.
თსუ კაპელა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში იღებს მონაწილეობას, ამასთანავე, აქტიურად არიან საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულები.
„2017 წელს თსუ რექტორმა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადმოგვცა და გახარებულები ვართ. დაგვითმეს ოთახი აღჭურვილი ყველა იმ პირობით, რომელიც საჭიროა მომღერალისთვის. კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი მხარში გვიდგას და ყველანაირად ცდილობს ჩაგვრთოს ღონისძიებებში და ჩვენც პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ჩვენს გამოსვლას. ვცდილობთ, რომ ყოველ შემდეგ გამოსვლაზე 1 ან 2 ახალი ნაწარმოები შევასრულო. ამჟამად, ვმუშაობთ იოსებ კეჭაყმაძის რამდენიმე ნაწარმოებზე. ასევე ვმუშაობთ, თამარ სალუქვაძის ნაწარმოებზე ლაზარე”, - გვიყვება ლაშა.
ლაშა მიროტაძეს პარალელურად ევგენი მიქელაძის სახელმწიფო ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებეში ბავშვთა გუნდი ჰყავს, ასწავლის ბავშვებს მუსიკალურში საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებით. ასევე კონსერვატორიაში მომღერალ-მსახიობია ბაკალავრიატის გუნდში და საოპერო სტუდიაში ამავე თანამდებობას იკავებს. მღერის საქართველოს სახელმწიფო კაპელაში და გალობს სიონის ტაძარში. იმედოვნებს რომ დროთაგანმავლობაში, საქართველოში საგუნდო მუსიკა კიდევ უფრო პოპულარული გახდება.
თსუ კაპელას გუნდის ერთ-ერთი მომღერალი თამარ რაზმაძე ჩვენთან ამბობს, რომ სწავლას და სიმღერას ერთმანეთს ძალიან მარტივად უთავსებს. რეპეტიციებს არ აცდენს და სალექციო ცხრილსაც სწორედ რეპეტიციის განრიგით ადგენს.

თამარ რაზმაძე, განათლების მეცნიერებების მიმართულება, მაგისტრატურა:
„ფეისბუქზე ვნახე, რომ არსებობდა ასეთი გუნდი თსუ-ში, მაშინ ბაკალავრიატის მე-3 კურსის სტუდენტი ვიყავი, ფეისბუქით დავუკავშირდი ლაშა მიროტაძეს და გასაუბრების შემდეგ, რეპეტიციას დავესწარი, შევასრულე ერთი სიმღერა და შემდგომ მითხრეს, რომ შემეძლო უკვე გუნდში მემღერა. ყოველთვის ვმღეროდი, თუმცა სცენაზე არასდროს მიმღერაია. დღეს გუნდის წევრებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. ცხრილს და ნებისმიერ საქმიანობას, სწორედ გუნდის რეპეტიციებს ვუწყობ და მაქსიმალურად ვახერხებ, რომ აქაც ვიარო და ლექციებსაც დავესწრო,” - ამბობს თამარი.
თაზო გარსიძე, სპორტული ჟურნალისტია, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. გუნდს ორი წლის წინ შეუერთდა,როგორც ამომბს, მისთვის ძალიან საამაყოა თსუ კაპელას გუნდის წევრობა და კურსელებისა და მეგობრების წინაშე სიმღერა.
„2 წლის წინ გავიგე, რომ არსებობდა თსუ კაპელა, რომელიც მაშინ შედგებოდა სამწუხაროდ, მხოლოდ გოგოებისგან. თუმცა იყო გაერთიანების იდეა და სურვილი. მე სხვა ანსამბლის წევრი ვიყავი და ჩემმა ხელმძღვანელმა ლაშასთან დამაკავშირა. გოგონათა გუნდი კი გარდაიქმნა თსუ კაპელად. ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული გამოსვლა ჯანსუღ კახიძის ცენტრში იყო, სადაც საოცარ გუნდებთან ერთად გამოვდიოდით და დიდი სიამოვნება მივიღე. ძალიან სასიხარულოა, როცა სხვა ჭრილში გხედავენ შენი კურსელები”, - გვეუბნება თაზო.
თსუ კაპელა ჯანსუღ კახიძის სახ. თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, 20 იანვარს გამართულ საგუნდო მუსიკის კონცერტზე, ქართული და უცხოური რეპერტუარით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

სხვა სტატიები »