ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„შემოდგომის ლეგენდა“ - საიუბილეო, მეათე კონკურსის გამარჯვებულები

„შემოდგომის ლეგენდა“ - საიუბილეო, მეათე კონკურსის გამარჯვებულები
1 თებერვალი, 2019
ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ საიუბილეო - მეათე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის მონაწილეებმა თავიანთი თხზულებები თემაზე – „დიპლომები არქივიდან“ ააგეს.

პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თეკლა ერემეიშვილი გახდა. ის ათასი ლარითა და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდა. თეკლა საუკეთესო ათეულში მეორედ მოხვდა.

„კონკურსი რომ დასრულდა, მეგობარმა მკითხა - რა ქენი, როგორ დაწერე, მომიყევი მოთხრობაო. მე კიდევ სიუჟეტი არაქრონოლოგიურად მოვუყევი და ლაპარაკი დავიწყე უფრო იმ შეგრძნებებზე,რომლებიც იდეის დაბადების და წერის პროცესში მქონდა. მოკლედ, ვერაფერიც ვერ მოვუყევი. პირველი ადგილი რომ ავიღე, მერე გამეხუმრა: იმ მოთხრობით გაიმარჯვე, მე რომ ვერ მომიყევიო? - არ გამომდის მოთხრობის მოყოლა (საკუთარის მითუმეტეს),“- გვიყვება თეკლა. სიუჟეტი 90-იანი წლების სოფელში ხდება, თეკლას მოთხრობაში კანონიერ ქურდებსა და მღვდლებს შეხვდებით. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, მოთხრობის იდეა უკვე ჰქონდა, თუმცა კონკურსმა ხელი შეუწყო იდეის მოთხრობად გადაქცევაში.

“მთავარი გმირი იხსენებს 90-იანებში თავის სოფელში მომხდარ უბედურ შემთხვევას - მოზარდის მიერ მეორე მოზარდის მკვლელობის ამბავს. მოთხრობაში ერთ-ერთი პერსონაჟი - მღვდელი წარმოადგენს ზოგადად მანკიერი სამღვდელოების კრებსით სახეს. თუ გეტყვით, რომ 90-იანებში მომხდარ ამბავში კანონიერი ქურდიც ფიგურირებს, ალბათ არ გაგიკვირდებათ. მოთხრობა ერთი შეხედვით საკრალური აქტით იწყება - მღვდელი აკურთხებს პურის ყანას, თუმცა, კურთხევის მიზნის გაგებისთანავე საკრალურობის განცდა იუმორისტულ-სარკასტულ გააზრებად იცვლება.

რაც შეეხება იდეას, სანამ კონკურსის თემას გავიგებდი, მანამდეც მიტრიალებდა თავში და, ადრე თუ გვიან, მსგავს ამბავს ისედაც აუცილებლად დავწერდი. კონკურსის მოცემულობამ კი ხელი შემიწყო ეს იდეა ამ სახით ტრანსფორმირებულიყო და საბოლოოდ ასეთი მოთხრობა მივიღე. მოთხრობაში აღწერილი სივრცის ესთეტიკის ინსპირაცია საკუთარი სოფლიდან მერგო, უშუალოდ ამბავი კი პრობლემატურ აქტუალურ თემას ეხება. (როგორც ზემოთ ვთქვი - მოზარდის მკვლელობას). კონკურსის ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია რამე ახალი არ აღმოაჩინო ყოველ ჯერზე. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში შესანიშნავ გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად ყოფნითაც დიდ სიამოვნებას იღებ. პროექტზე მე რომ არაფერი ვთქვა, ის თვითონ ლაპარაკობს თავის თავზე. 10 წლის შემდეგაც ამდენად აქტუალური და უამრავი საინტერესო ასპექტით სავსე რომ არის, ეს იმას ნიშნავს , რომ პროექტი ამართლებს. რამდენადაც სამწუხაროა ჩემთვის ის ფაქტი, რომ კონკურსში მონაწილეობას ვეღარ მივიღებ, ასევე სასიხარულოა ის, რომ მომდევნო ლეგენდაზე ჟიურის წევრებს შორის მეც ვიქნები და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ შემოდგომის რამდენიმე დასამახსოვრებელი და საინტერესო დღე 2019-შიც მელოდება,“ - ამბობს თეკლა.

„შემოდგომის ლეგენდის“ მეორე და მესამე ადგილის მფლობელები - ლილი ფულარიანი (GIPA) და ცოტნე ავსაჯანიშვილი (ილიაუნი) გახდნენ. მათ 700 და 500 ლარი და პარტნიორის საჩუქრები გადაეცათ.

ლილი ფულარიანს 1973 წელს კურსდამთავრებული უნივერსიტეტელის დიპლომი შეხვდა. როგორც ამბობს, მისი შთაგონების წყარო, მაღალ პოზიციებზე მომუშავე საკუთარ საქმეში არაკომპეტენტური ადამიანები იყვნენ.

“ჩემი მოთხრობა „მაღალი“ ეხება ადამიანს, რომელსაც არსად, მათ შორის უნვერსიტეტში, არაფერი უსწავლია. თუმცა, ამას არ შეუშლია ხელი საბჭოთა კავშირის საქართველოში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ყოფილიყო. ამ პერსონაჟის კომპეტენტურობაში მისი მკაცრი და მომთხოვნი სტატუსის გამო ეჭვი არავის ეპარება, თუმცა მოთხრობის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანი წერა-კითხვის უცოდინარია. არაერთ მაღალ პოზიციაზე მომუშავე ადამიანს შევხვედრილვარ, რომელთა უმრავლესობა სრულიად არაკომპეტენტური ყოფილა იმ საქმეში, რომელშიც მრავალრიცხოვან გუნდს ხელმძღვანელობდა. სწორედ ისინი იყვნენ ჩემი შთაგონების წყარო. მადლობა მათ, ვიღაცას რაღაცაში მაინც გამოადგნენ. „შემოდგომის ლეგენდა“ ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან იქ არაერთი ნიჭიერი, დამწყები მწერალი გავიცანი, რომლებთანაც აუცილებლად არაერთხელ გადაიკვეთება ჩემი გზები. ეს კონკურსი საუკეთესო გამოცდაა - შარშანაც მივიღე მონაწილეობა და მას მერე დავრწმუნდი, რომ შეზღუდულ დროსა და გარემოშიც შემიძლია საინტერესო ტექსტების შექმნა. წლევანდელი კონკურსის თემა რომ გამოაცხადეს, იმ წუთიდან ვფიქრობი, რომ ჩემი ნაშრომი არ ივარგებდა. ერთი მოთხრობა დავწერე, რომელიც ვეღარ განვავითარე და ნაშრომების ჩაბარებამდე 2 საათით ადრე დავიწყე მეორეზე მუშაობა. საპრიზო ადგილს არ ველოდი, რადგან არ მომწონდა ჩემი მოთხრობა,“ - ამბობს ლილი.

ლილისგან განსხვავებით, მესამე ადგილის მფლობელი ცოტნე ავსაჯანიშვილი საპრიზო ადგილს ელოდა და დარწმუნებული იყო, რომ სამეულში მოხვდებოდა.

“სულ პირველად, ორი წლის წინ ყვარელში ყოფნისას მოვიწამლე ლეგენდით და წლევანდელი ფინალი ჰგავდა იმ გოგონასთან შეხვედრას, რომელიც ბოლოს ორი წლის წინ ნახე, მაგრამ ისევ მაგრად გიყვარს და პეპლები ისევ დაფრინავენ. საპრიზო ადგილს ველოდი... რა ვქნა, პოლიტკორექტულობისთვის ტყუილს ვერ ვიტყვი. ველოდი და თან როგორ?! „ - გვეუბნება ცოტნე. რაც შეეხება მის მოთხრობას, ამბის მთავარი გმირი შემთხვევით მხედრიონში ხვდება და მისი თავგადასავლები ასე იწყება.

“მოთხრობა ერთი შეხედვით კომიკურია, თუმცაღა ვცდილობდი ირიბად მაინც გამესვა ხაზი იმისთვის, თუ რა დოზით აურია ცხოვრება  საკმაოდ პერსპექტიულ ახალგაზრდას არასტაბილურმა პოლიტიკურმა და არასწორმა მენტალურმა მდგომარეობამ ქვეყანაში. ერთი მხრივ „პარამილიტარისტი“ არ ამბობს იმას, რომ რაიმე ვინმეს ბრალია და მთელს ისტორიას ბედის ავანტიურის იერს აძლევს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ცალსახაა, რომ ყოველი ცხოვრებისეული ლაფსუსი „პარამილიტარისტთან“, პოლიტიკური ელიტის ხელით მოდის, რაც საბოლოოდ, ინგლისური ენის სპეციალისტს, მძიმე წარსულის მქონე ფერმერად აქცევს.

რაც შეეხება იდეას... როდესაც დიპლომზე 1989 დავინახე, იდეა ეგრევე გაჩნდა, იმიტომ რომ ჩემი პირადი ინტერესები და პროფესიიდან გამომდინარეც, ამ წლებზე უპირველეს ყოვლისა დამოუკიდებლობა, სამოქალაქო ომი, ეთნოკონფლიქტები და ამ მოვლენების თანმდევი სოციალურ-მენტალური ვაკუუმი მახსენდება,“- ამბობს ცოტნე.

საიუბილეო კონკურსამდე წინასაიუბილეო ლიტერატურული ექსპერიმენტი გაიმართა, რომელიც გასული წლების გამარჯვებულების და ლიტერატურული ჟიურის წევრების მონაწილეობით ჩატარდა. კონკურსის სხვადასხვა წლების პირველადგილოსნებმა ჟიურის წევრებისთვის იმპროვიზაციულ ტურში თემად „ლაზარეთი“ შეარჩიეს, ხოლო ლიტერატურულმა ჟიურიმ ახალი ნაშრომების შესაქმნელად მონაწილეებს თემად „ოფლაინი“ შესთავაზა.

წინასაუბილეო კონკურსის გამარჯვებულები დავით გორგილაძე და ლევან გიგინეიშვილი გახდნენ. მათ 1000-1000 ლარი გადაეცათ.

როგორც თსუ პროფესორი ლევან გიგინეიშვილი გვეუბნება, ლიტერატურულ კონკურსში არასდროს მიუღია მონაწილეობა. გამარჯვებით ძალიან გახარებული და ამავდროულად, გაკვირვებულია. მოთხრობის მთავარი გმირი თვითონაა და მოვლენებიც რეალურ ამბებს ეფუძნება.

“ჩემი მოთხრობა ეხება ჩემს მოგზაურობას ამერიკაში. სანამ უნივერსიტეტში დავიწყებდით სწავლას, აგვისტოში ერთ-ერთ საუკეთესო კერძო სკოლაში ვიყავით მე და ჩემი მეგობრები „ინტერნები“, მასწავლებლობის პრაქტიკას ვიღებდით. გაგვამწესეს ლაზარეთში და მოთხრობასაც „საუძლურეთი“ დავარქვი. მასში აღწერილია სხვადასხვა ისტორია და ამბები, რაც გადაგვხვდა. შევეცადე რომ ეს ყველაფერი აღმეწერა.

როცა დაგვავალეს 12 სთ-ში „საავადმყოფოს“ შესახებ მოთხრობის დაწერა, თავიდან ვიფიქრე, რომ ბიძაჩემის მონათხრობებს გავიხსენებ-თქო, ის ბავშვთა რესპუბლიკის საავადმყოფოს დირექტორი იყო. მერე ვიფიქრე, უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ მე ვიქნებოდი მთავარი გმირი. მე თვითონ უნდა გამომეძია, რაღაც ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან, რაც გადამხდა. ჩემი ეს მოთხრობა იყო, ერთგვარად, ამ ისტორიების გაანალიზება, ხელახლა გადამუშავება საკუთარ თავში. ვფიქრობდი, რომ მკითხველისთვის სასიამოვნო და საინტერესო წასაკითხი იქნებოდა. „შემოდგომის ლეგენდა“ ჩემთვის პირველი ლიტერატურული კონკურსია, რომელშიც გავიმარჯვე, ძალიან მომეწონა დაძაბულობის შეგრძნება,“ - ამბობს ლევან გიგინეიშვილი.

ყველა ნაშრომმა საიუბილეო კრებულში მოიყარა თავი. საიუბილეო ბროშურა ორნაწილიანია და ის ასევე მოიცავს წლევანდელი კონკურსის 10 საუკეთესო ნაშრომს. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.

ლიტერატურული კონკურსი 2009 წლიდან ტარდება და წელს მეათე საიუბილეო წელს აღნიშნავს.

სხვა სტატიები »