ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„93-ე აუდიტორია“ - სტუდენტური ლიტერატურული წრის ახალი სიცოცხლე უნივერსიტეტში

„93-ე აუდიტორია“ - სტუდენტური ლიტერატურული წრის  ახალი სიცოცხლე უნივერსიტეტში
1 თებერვალი, 2019
უნივერსიტეტის 93-ე აუდიტორიაში შეკრებილი ახალგაზრდები გასულ კვირას საინტერესო ამბის მოწმენი გახდნენ - 2018 წელს „აღდგენილი“, ლიტერატურული წრის - „93-ე აუდიტორიის“ პირველ შეკრებაზე პოეტ დათო მაღრაძის წიგნის „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართა. ასე დაიწყო ცხოვრების ათვლა ლიტერატურის წრემ, რომელსაც დიდი და საინტერესო ისტორია აქვს:

ათეული წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 93-ე აუდიტორიაში (ახლანდელი 206-ე, ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია) იმართებოდა სტუდენტური ლიტერატურული ღონისძიებები. ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიებზე მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე. მაშინდელ თაობას ახსოვს ახალგაზრდული გულწრფელობით, ენერგიითა და რომანტიზმით სავსე საღამოები.

უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო. უნივერსიტეტში ბევრი ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდა გამოჩნდა. მათ შორის იყვნენ ომიდან დაბრუნებულებიც, ვისაც ჯერ კიდევ ფარაჯა ეცვა და სკოლადამთავრებულებიც, ვინც თვლიდა, რომ მათი მოწოდება მწერლობა იყო. ლიტერატურულ წრეს ხელმძღვანელობდა დოცენტი ბესო ჟღენტი.

თავდაპირველად, წრე დიდი არ იყო, სხდომებს ხალხიც ცოტა ესწრებოდა, მაგრამ მალე ახალგაზრდა მწერალთა წრე ძალიან პოპულარული გახდა. მუშაობის ერთადერთი ფორმა მაშინ წრის სხდომაზე წევრთა ნაწერების კითხვა-განხილვა იყო. შემდგომ, მუშაობა ისე გაცხოველდა, რომ შესაძლებელი გახდა ალმანახის დაარსება, რისი ინიციატივაც უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნის. ასე დაიბადა „პირველი სხივი“, რომლის პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. რექტორ ნიკო კეცხოველის სპეციალური ბრძანებაც კი გამოიცა, რომლის თანახმად, 1951 წლის 24 დეკემბრიდან უნივერსიტეტელ მწერალთა გაერთიანებას ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრე“ ეწოდა. ყოველ მომდევნო წელს ალმანახ ,,პირველი სხივის“ ახალი ნომერი გამოდიოდა. 2004 წლამდე სულ 30 ნომერი დაისტამბა.

ის, რაც დღევანდელი სტუდენტებისთვის სასიამოვნო სიახლეა, დათო მაღრაძისთვის კარგად ნაცნობი და მონატრებული დრო და გამოცდილებაა. ასე გვიყვება პირველ ნაბიჯებს, რომელიც 93-ე აუდიტორიის წევრობისკენ გადადგა:

„93-ე აუდიტორიაში პირველად ჩემი თანაკურსელის ლექსების განხილვაზე შემოვედი, თუმცა მის შესახებ სკოლაში გავიგე. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ჩვენთან პრაქტიკაზე მყოფმა ცნობილმა ლიტერატორმა, კრიტიკოსმა თეიმურაზ ქორიძემ გვთხოვა მე და ჩემს მეგობარს, მოვსულიყავით ამ აუდიტორიაში, მაგრამ ჩვენ ვერ გავბედეთ. სკოლის მოწაფეები. მერე უკვე, როდესაც უნივერსიტეტში შემოვედი, ლიტერატორთა წრეში ტარიელ ხარხელაურმა და თამაზ ბაძაღუამ. შესანიშნავმა პოეტებმა შემომთავაზეს, რომ ჩემი ლექსებიც წარმედგინა. პირველი საჯარო წაკითხვა ჩემი ლექსებისა ამ აუდიტორიაში შედგა.

მაშინდელი საბჭოთა ყოფა რომ წარმოიდგინოთ - წიგნის პრეზენტაციები, ჟურნალის განხილვები თუ ა.შ. ძირითადად სადღეგრძელოებით შემოიფარგლებოდა, იყო გადამეტებული ხოტბა, ქება. 93-ე აუდიტორია გამორჩეული იყო ამ თვალსაზრისით - აქ იყო ძალიან თვალსაჩინო თავისუფალი სივრცე, სადაც აზრთა ჭიდილი, კრიტიკის ქარცეცხლი იყო, ქარტეხილები. მერე საქმის გარჩევები გადადიოდა უკვე უნივერსიტეტის ბაღში, ოღონდ არა კრიმინალური - მძაფრი ემოციებით. აქ სუნთქავდა საზოგადოება, იმ რაღაცნაირ ჩახუთულ სივრცეში ეს იყო თავისუფლების კუნძული.

ქართული პოეზიის განვითარებას ღმერთი განსაზღვრავს, მაგრამ 93-ე აუდიტორიას ნამდვილად თავისი წვლილი აქვს შეტანილი ამ საქმეში. ჯერ ერთი, ადამიანი ეჩვეოდი კრიტიკას და იმასაც ხვდებოდი, რომ ამით არ მთავრდებოდა წუთისოფელი. გულწრფელობას სწავლობდი. კლუბის წევრებს თავისუფლად შეეძლოთ ერთმანეთზე საუბარი, თამამად და მამაცურად. ოღონდ საქმის ცოდნით იყო ეს ყველაფერი განპირობებული. ძალიან ბევრს ვკითხულობდით აქ სიარულის პერიოდში, არაფერი არ უნდა გამოგვრჩენოდა, იმიტომ, რომ შეგვრცხვებოდა მერე, თუ ყველას ეცოდინებოდა შენ გარდა. ინტენსიური კითხვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

როგორი იქნება დღევანდელი 93-ე აუდიტორია, რა ხასიათს შეიძენს, ეს სტუდენტების განსასაზღვრია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თავისუფლების სივრცემ განაგრძოს აქ არსებობა, იმიტომ, რომ არის ამის ტენდენცია, გლობალიზაციას ესეც მოაქვს იმ სიკეთეებთან ერთად, რომ გაიოლდა ყველაფერი. ლექსის წერაც გაიოლდა“, - გვიამბობს დათო მაღრაძე.

საკუთარ ახალი წიგნის შესახებ კი მოკლედ აღნიშნავს: „დღემდე რაც მიწერია, რასაც ვერ შეველიე - ამ ერთტომეულშია თავმოყრილი. რაზეც გული მეთანაღრებოდა, შევეცადე თავიდან ჩავრეულიყავი; რაც არ დაექვემდებარა ჩემს შალაშინს, შეველიე და აღარ შევიტანე, რასაც ვერ შეველიე - შევიტანე“, - განმარტავს პოეტი.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძისთვის 93-ე აუდიტორია ასევე თავისუფლების კუნძულია: „93-ე აუდიტორია ყოველთვის იყო თავისუფლების სივრცე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც პროზაიკოსების, პოეტების, მწერლების, კრიტიკოსების მრავალი თაობა გაიზარდა. „დღეს, „93-ე აუდიტორია“ აღდგა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური 93-ელი დათო მაღრაძის პოეტური კრებულის პრეზენტაციით. ეს ფორმატი სტუდენტებმა შემოგვთავაზეს და ის ძალიან საინტერესოა, რადგან ეს არის დიალოგი სხვადასხვა თაობებს შორის. აქ ახალგაზრდებთან ერთად ძველგაზრდებიც არიან: გამოცდილი მწერლები, პოეტები, პროზაიკოსები და იმედი გვაქვს, რომ ის ხალასი გარემო, რომელიც არსებობდა 93-ე აუდიტორიაში, ისევ აღდგება ამ კედლებში,“ - განაცხადა მან.

აუდიტორიის აქტიურ წევრობას გეგმავს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი თორნიკე გოგრიჭიანი: „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი დამწყებ პოეტებს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ასეთ პროექტებში ვიყოთ ჩართულნი. დამწყები პოეტების რიცხვი, შეიძლება, თანამედროვე სამყაროში ბევრი არ არის, მაგრამ ვინც არიან, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი მათ. დარწმუნებული ვარ, ლიტერატურული წრით ბევრი დაინტერესდება. მე, რა თქმა უნდა ვაპირებ, 93-ე აუდიტორიაში მონაწილეობის მიღებას და მყავს მეგობრები, რომლებიც ამით დაინტერესებულები არიან. ვაპირებთ სიარულს, თან ეს იქნება ორ კვირაში ერთხელ და არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს დროის თვალსაზრისით. როგორც ვიცი, მოიწვევენ ძალიან გამოცდილ პოეტებს. ეს გამოცდილება, რა თქმა უნდა, ახალ თაობას ძალიან დაეხმარება წინ წაწევაში და წარსულის სიღრმეების გარკვევაში.“ - აღნიშნა მან.

აუდიტორიასთან ერთად, მისი წევრები „პირველი სხივის“ გამოცემის აღდგენასაც გეგმავენ.

სხვა სტატიები »