ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ფაკულტეტების მინი-ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული _ „თსუ პრო“

თსუ ფაკულტეტების მინი-ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული _ „თსუ პრო“
13 ნოემბერი, 2016
მინი ფეხბურთის ტურნირში, რომელშიც  ჩართულ სტუდენტთა რიცხვი ყოველ სემესტრში იზრდება, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა „თსუ პრო“ გაიმარჯვა. ფინალში გუნდმა  პენალტების სერიით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „დელ-მარი“ (1:1(4:2)) დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თასი გადასცა. პრიზები ერგო „დელ-მარის“ მოთამაშეებსაც: საუკეთესო მეკარედ გიორგი სანაძე, ხოლო ტურნირის ბომბარდირად სანდრო შეყლაშვილი დასახელდა. ტურნირში მესამე ადგილზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი ,,მაღლივის რეალი~ გავიდა. ტურნირი მინი ფეხბურთში თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა. ტარიელ გაგელიძის თქმით, მინი ფეხბურთის ტურნირი  დასრულებულია, თუმცა, თსუ სტუდენტებისთვის  სხვადასხვა ახალი სპორტული შეჯიბრებები უკვე დაიწყო.
ტარიელ გაგელიძე, თსუ სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ტურნირი მინი ფეხბურთში უკვე  დიდი ხანია, რაც  თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის მიერ იმართება. ტურნირს აქვს ყოველ სემესტრული სახე და საკმაოდ დიდი დაინტერესებითაც გამოირჩევა თსუ სტუდენტებში.  წელს  ტურნირში მონაწილეობა  მიიღო სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა 41-მა გუნდმა, რომლებშიც გადანაწილებული იყო, დაახლოებით, 350 სტუდენტი.  ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს შეხვდნენ  მოქმედი ჩემპიონი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი, „დელ-მარი“ და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი, „თსუ პრო“. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა.
მინი ფეხბურთის ტურნირში ჩართული იყო რამდენიმე კომპანია, რომელთაც პროექტის ხარისხის გაზრდაზე საკმაოდ დიდი როლი ითამაშეს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ტურისტულ კომპანია `Hოტ თრაველ~-ს  და  კომპანია `ღედ Bულლ~-ს.
 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპორტული თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში დომინანტ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა, რადგან თითქმის ყველა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი, რაც ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, უნივერსიტეტის გუნდების გამარჯვებით დასრულდა. გარდა ქვეყნის შიდა ტურნირებისა, უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი საერთაშორისო ასპარეზზეც გამოირჩია და ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებაც მოიპოვა, დაძლეულ იქნა რა საკმაოდ რთული საკვალიფიკაციო ეტაპი, ეს  იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება.
მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულებულია, ახლა მიმდინარეობს კალათბურთის ტურნირი, რომელსაც მოჰყვება ჭადრაკის ჩემპიონატი და სხვადასხვა სპორტული აქტივობა, რომელსაც თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტი შესთავაზებს უნივესიტეტის ყველა სტუდენტს.
გუნდის კაპიტანი ნიკა ვასაძე თსუ-ში გამართული სპორტული ღონისძიებების ხარისხს აფასებს და ამბობს, რომ გუნდისთვის ეს დღე  ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დარჩება.
ნიკა ვასაძე, გუნდის კაპიტანი
პირველ რიგში,  მინდა დიდი მადლობა გადავუხადო  ჩვენს რეზერვს ლევან არჩუაძეს, რომელიც გუნდის სიმბოლური კაპიტანი იყო და რომელმაც ჩვენ  გაგვაერთიანა და ერთ გუნდად შეგვკრა.   რაც შეეხება   ჩვენი გუნდის მონაწილეობას.  ეს ჩვენი მეორე ტურნირი იყო თსუ-ში, პირველ შემთხვევაში მეოთხედფინალში გამოვვარდით, თუმცა შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ და უკვე წელს , თავიდანვე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ვითვლებოდით.
როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც ყველაზე მეტი გოლი სწორედ ჩვენ გავიტანეთ და ყველაზე ცოტა მივიღეთ საკუთარ კარში.  ფინალამდე არც თუ ისე რთული გზა გავიარეთ, თუმცა აღსანიშნავია ნახევარფინალური შეხვედრა, როდესაც პირველი ტაიმის 1-3 წაგების შემდეგ, მეორე ტაიმში 7 უპასუხო გოლი გავიტანეთ და საბოლოო ჯამში 8-3 გავიმარჯვეთ.  ფინალურ დღეს კი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს და მოქმედ ჩემპიონს ვხვდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო და თითქმის მთელი თამაში ვიგებდით, მეტოქემ ბოლოს მაინც გაგვითანაბრა ანგარიში და საბოლოოდ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანების სერიაში  გუნდის ყველა მოთამაშემ შეძლო გოლის გატანა და საბოლოოდ ტურნირის გარდამავალ თასს ჩვენ დავეუფლეთ.    მოწინააღმდეგე გუნდს წარმატებებს ვუსურვებ, ისინი კვლავ ერთ-ერთი  მთავარი ფავორიტები იქნებიან შემდეგ ტურნირზე.
რა თქმა უნდა, ეს პერიოდი ყველას საუკეთესო მოგონებად დაგვრჩება. რაც მთავარია გუნდმა დავისახეთ მიზანი და ეტაპობრივად მივაღწიეთ მას.    
მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ უკანასკნელ პერიოდში თსუ-ში ძალიან გაიზარდა სპორტული აქტივობების ჩატარების ინტენსივობაც და ხარისხიც, რაზეც  ის პრიზებიც მეტყველებს, რომლებიც ჩვენ გამარჯვების შემდეგ დავიმსახურეთ . ამაში დიდი წვლილი       სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტური თვითმმართველობის  სპორტის დეპარტამენტის წევრებს მიუძღვით. ვისურვებდი, რომ   მომავალში უფრო მეტი ასეთი  ღონისძიება ჩატარდეს  და  დარწმუნებული ვარ ეტაპობრივად მისი ხარისხი გაუმჯობესდება , რაც  სტუდენტების აქტივობას  კიდევ უფრო გაზრდის  და უფრო სანახაობრივს გახდის მსგავს შეჯიბრებები.
მინი ფეხბურთის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ლუკა თავზარაშვილი დაასახელეს. ლუკა  ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც დაესწრება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების გასვლით თამაშს.
ლუკა თავზარაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მაგისტრანტობის კანდიდატი, I კურსი:  ჩვენი გუნდის მიზანი თავიდანვე ჩემპიონობა იყო, რაც საბედნიეროდ გამოგვივიდა კიდეც. საბოლოო ჯამში, ძალიან დინამიური, ხისტი და ამავდროულად სანახაობრივი ჩემპიონატი გამოვიდა. შორიდან ჩანდა, რომ ფინალამდე მისვლა არ გაგვჭირვებია, სინამდვილეშიც, ალბათ, ასე იყო. ყველა მატჩზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები და მოტივირებულები გამოვდიოდით, შესაბამისად მეტოქეებსაც დებიუტშივე ვუსწორდებოდით. აი, ფინალი კი სხვა რამაა, აქ ფავორიტის ტერმინი არ არსებობს, შანსები ყოველთვის თანაბარია. ჩვენი მოწინააღმდეგე ხისტ, ძალისმიერ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობდა, ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში კი ყოველთვის რთულია.
თსუ-ს შიდა ჩემპიონატში პირველად მივიღე მონაწილეობა, შესაბამისად ჩვენს მოწინააღმდეგეზე ერთი შეხედვით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ერთიანი, კარგად დაბალანსებული და გამოცდილი გუნდი. ფინალის დღე ემოციურად ძალიან დატვირთული იყო. გუნდის თითოეული წევრი ვიაზრებდით, რომ დასახული მიზნის მიღწევამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა და საკუთარ თავს უკან დახევის უფლებას ვერ მივცემდით. საბედნიეროდ, პირველებმა ჩვენ გავიტანეთ გოლი. ეს კი ფინალში ორმაგად მნიშვნელოვანია, თუმცა მოწინააღმდეგის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ სპორტული სიმტკიცე გამოიჩინა და მატჩის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა. პენატლების სერია კი ერთგვარი ლატარიაა. აქ გამარჯვებაში ხშირად არც კლასი  გეხმარება და  არც გამოცდილება. უამრავი მაგალითია, როცა უმაღლესი კლასის ფეხბურთელებსაც კი გადამწყვეტ მომენტში პენალტი გაუცუდებიათ.  აი, ჩვენი გუნდის და პირველ რიგში მეკარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მენტალურად მაინც ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს.
ორგანიზატორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტურნირის მსვლელობისა უამრავი სტუდენტი ესწრებოდა თამაშებს. ხოლო ფინალზე, ტელევიზიები და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაც მოვიდა. ეს ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაცაა. სასიხარულოა როცა უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს სპორტულ აქტივობებს, ეს ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია.
სამოყვარულო დონეზე ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული, სანახაობრივი და მოულოდნელობებით აღსავსე ჩემპიონატი. მოულოდნელობით აღსავსე ტურნირი ორი ფაქტის გამო აღმოჩნდა. პირველი, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოვიგე და მეორე, რომ ამისათვის კომპანია `Hოტ თრაველ~-გან ავსტრიის საგზური გადმომეცა, სამოგზაურო პაკეტი და ავსტრია _ საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთი, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ყოველთვის სასიამოვნოა ასეთი სიურპრიზი, მნიშვნელოვანია როცა კერძო სექტორი აქტიურად ერთვება სტუდენტურ ცხოვრებაში და თავის მხრივ, ისევ და ისევ, ხელს უწყობ ჯანსაღი ცხოვრების წესის ტრენდის ზრდას ახალგაზრდობაში.  და ბოლოს, იმ ყველა დადებითი ემოციისათვის რაც ამ ტურნირმა მომცა, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, ყველა მონაწილეს და თითოეულ ორგანიზატორს!

სხვა სტატიები »