ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

გია ყანჩელის საღამო თსუ-ში

გია ყანჩელის საღამო თსუ-ში
11 ნოემბერი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის საღამო გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ნიკოლოზ რაჭველმა, ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, გიორგი ცაგარელმა მიიღეს მონაწილეობა.

საღამოზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ კომპოზიტორს მადლობა გადაუხადა მშობლიურ უნივერსიტეტში მობრძანებისთვის და თსუ გეოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გია ყანჩელი უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა. კომპოზიტორმა გაიხსენა უნივერსიტეტში გატარებული წლები და უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.

„შეუძლებელია გია ყანჩელის მუსიკა ვინმეს არ მოსწონდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი მოწვევა უნივერსიტეტში. მადლობა ბატონ გიას იმისათვის, რომ მობრძანდა და ეს მშვენიერი საღამო სტუდენტებს გვაჩუქა. საღამო, რომელზეც ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მელოდიები შესრულდა,“-განაცხადა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ბახვა კვირიკაშვილმა.

„უნივერსიტეტის სტუდენტებმა დიდი შრომა გასწიეს და უნივერსიტეტს ერთ-ერთი საუკეთესო საღამო აჩუქეს. საღამოში მონაწილეობით ყველანი გამოვხატავთ დიდ სიყვარულს გია ყანჩელის და მისი შემოქმედებისადმი,“- აღნიშნა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკოლოზ რაჭველმა.

საღამოზე ექსკლუზიურად თსუ სტუდენტებისთვის მოეწყო გია ყანჩელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმფონიის DIX-ის ნიუ-იორკში შესრულების ვიდეოჩანაწერის ჩვენება. სახელმწიფო კონსერვატორიის სიმფონიურმა ორკესტრმა შეასრულა გია ყანჩელის კომპოზიციები. თსუ მოცეკვავეებმა წარმოადგინეს ყანჩელის მუსიკაზე დადგმული ტანგო. მომღერალ ქალთა კაპელამ შეასრულა სიმფონია „ყვითელი ფოთლები“.

სხვა სტატიები »