ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მუსიკალური ცხოვრება – „თსუ გორდელა“, „თსუ არტი“

თსუ მუსიკალური ცხოვრება – „თსუ გორდელა“, „თსუ არტი“
21 ოქტომბერი, 2016
ფართო საზოგადოებისათვის უკვე კარგადაა ცნობილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ბაზაზე არსებული ორი ანსამბლი, „თსუ გორდელა“ და „თსუ არტი“. სულ ცოტა ხნის წინ ორივე მათგანი გასტროლებიდან დაბრუნდა.
გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გორდელა“ იერუსალიმში, ეინ კერემში, გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში იღებდა მონაწილეობას. ფესტივალი უკვე ათი წელია, რაც ტარდება „თსუ გორდელა“ ერთადერთი ანსამბლი გახლდათ, რომელიც წელს საქართველოდან წარსდგა. 20 ოქტომბერს, ცის ქვეშ ეინ კერემის ცენტრალურ მოედანზე, საათნახევრიანი პროგრამით წარსდგა აუდიტორიის წინაშე. როგორც „თსუ გორდელს“ სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ მამალაძე აცხადებს, მაყურებლის მოწონება იმდენდა დიდი იყო, რომ „გორდელას“ კარგა ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ სცენიდან. განსაკუთრებული მოწონება კი სპეციალურად ამ გასტროლებისთვის რეპერტუარში შეტანილმა და დამუშავებულმა ცნობილმა სიმღერამ „ალელიუია ლა ოლამ“ დაიმსახურა.
ფესტივალის ორგანიზატორი იყო ეინ კერემის კულტურის განვითარების ცენტრი, რომელმაც მიიწვია კიდეც გოგონათა ანსამბლი ისრაელში.
გოგონათა გუნდი უკვე მეცხრე წელია, რაც უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს და წარმატებით სარგებლობს. თამაზ მამალაძის თქმით, ისრაელი უკვე მეექვსე ქვეყანაა, რომელიც გოგონებმა გასტროლებით მოიარეს, მანამდე ლიტვაში, აშშ-ში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და საფრანგეთში იყვნენ.
მუსიკალური ბენდი „თსუ არტი“ სხვადასხვა უცნაურ (ძირითადად საკუთარი ძალებით შექმნილ) საკრავზე აჟღერებული საინტერესო და რიტმული კომპოზიციებით ფართო საზოგადოებამ პროექტ "ნიჭიერის" წყალობით გაიცნო. ბამბუკის თუ საყოფაცხოვრებო მილების გამოყენებით შექმნილ, ქარის ჟღერადობის მქონე ზამბარის ინსტრუმენტებზე აჟღერებული მელოდიები საზოგადოებისათვის საკმაოდ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. თუ რა ჟანრს მიაკუთვნებდნენ თავის კომპოზიციებს თავად ბენდის წევრები? ჟურნალისტების მიერ იმ დროისთვის ყველაზე ხშირად დასმად კითხვას „თსუ არტელები“ საკმაოდ მარტივად პასუხობდნენ: „არავინ იცის“. დღეისათვის თვლიან, რომ ექსპერიმენტალურ-ელექტრონულ მუსიკას ასრულებენ, მაგრამ ბოლომდე არც ერთ ჟანრს მიეკუთვნებიან. ცნობისათვის, ბენდისთვის სახელად „თსუ-არტის“ დარქმევა „გორდელას“ერთ-ერთი წევრის იდეა იყო.
რაც შეეხება თავად „თსუ არტის“ იდეებს, ერთ-ერთმა სულ ცოტა ხნის წინ შეისახა ხორცი და იგი სიმფონიური და ელექტრუნული მუსიკის ჟანრის სინთეზს გულისხმობს. „მიუზიკ კოლობორეიშენ პროჯექტის“ ფარგლებში „თსუ-არტმა“ სულ ახლახანს ერევანში გამართა კონცერტი. იდეის ავტორია „თსუ არტის“ ერთ-ერთი წევრი ლაშა ლორთქიფანიძე – კონსერვატორიის რამდენიმე სტუდენტთან ერთად. პროექტის პირველი პრეზენტაცია 2016 წლის 10 აპრილს შედგა. მასში მონაწილეობა „თსუ არტმა“ და კონსერვატორიის სტუდენტურმა ორკესტრმა მიიღეს. პროექტი ამიერკავკასიაში შვეიცარიის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ ამ პროექტით ერევანში, იქაური კამერული მუსიკის სახლში, სადაც გაიმართა კიდეც 24 ოქტომბერს „თსუ არტის“, თბილისისა და ერევნის კონსერვატორიის სტუდენტების მონაწილეობით კონცერტი. ფინანსური მხარდაჭერა ამ ღონისძიებაში ბენდს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა გაუწიეს. ტექნიკური – ტურიზმის სააგენტომ, მერიის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტმა, კონსერვატორიამ და თსუ-მ.
სპეციალურად ერევანში გამართული კონცერტისთვის „თსუ არტის“ საავტორო კომპოზიციები, ოვანეს ამბარცუმიანმა, ერევანში მოღვაწე კომპოზიტორმა გააორკესტრა. ასევე გარემიქსდა ცნობილი ქართული და სომხური მუსიკალური თემები. ერევანში გამართული წარმატებული გასტროლის შემდეგ პროექტის ავტორებს ახლა იმის დაზუსტება აინტერესებთ, თუ რამდენად შესაძლებელია „მიუზიკ კოლობორეიშენ პროჯექტში“ სომხეთთან ერთად აზერბაიჯანიც ჩაერთოს.
გასტროლები „თსუ არტს“ აქამდე მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ჰქონდა. როგორც ლაშა ლორთქიფანიძე ამბობს, ამ გასტროლებისას მსმენელისაგან წამოსული მუხტი იმდენად ძლიერი და დადებითია, რომ ბენდს ხშირად თბილისში კონცერტის ჩატარებისათვის ანაზღაურების სიდიდის მიუხედავად რეგიონში გამოსვლები უმჯობინებია. „გარდა იმისა, რომ რეგიონებში გასტროლებისას ახალ არეალს ვითვისებთ და მსმენელს ვეცნობით, იქ მიღებული ენერგია შეუდარებელია. თბილისელი მსმენელი ძირითადად თავშეკავებული და განებივრებულია. რეგიონში მუსიკალური ჯგუფის გასტროლებს კი უფრო მოვლენის სახე აქვს, კონცერტზე მოსული ადამიანიც თავის ემოციას არ მალავს“, – ამბობს ლაშა.
„თსუ არტის“ შემადგენლობაში ამ დროისთვის ხუთი ადამიანია: დიჯეი პროდიუსერი, ათუკა ედიშერაშვილი, რომელიც მუსიკის რითმულ მონახაზს და „ბექგარუნდს“ ქმნის. გიტარისტი დათუნა დგებუაძე და სამი პერკუსიონისტი: ილია ჭუმბურიძე, ირაკლი გოდერძიშვილი და ლაშა ლორთქიფანიძე, რომელიც ამავე დროს არაოფიციალურად მენეჯერის ფუნქციას ითავსებს და ტექნიკურ საკითხებს აგვარებს. მათი რეპერტუარიდან ყველაზე პოპულარული კომპოზიცია „შეშინებული აქლემია.“ რეპეტიციებს უნივერისტეტის მერვე კორპუსში გადიან.
სულ ცოტა ხნის წინ მუსიკალურამ ბენდმა ახალი ალბომი ჩაწერა, რომლის პრეზენტაციის იმედი უახლოეს მომავალში აქვს. ალბომის ჩაწერაში გაწული დახმარებისთვის „თსუ არტი“ მადლობას უხდის თსუ ხელმძღვანელობას, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.
4 ნოემბერს „თსუ-არტი“ ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ სერიოზული ფესტივალზე „ორნამენტ ფესტზე“ დაუკრავს, რომელშიც საკმაოდ ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობენ. ფესტივალი კინოსტუდიის მეხუთე პავილიონში ჩატარდება.

სხვა სტატიები »