ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახალი შემეცნებითი პროექტი პლანეტა „რიდმორი“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახალი შემეცნებითი პროექტი პლანეტა „რიდმორი“
25 აპრილი, 2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახალი შემეცნებითი პროექტი პლანეტა „რიდმორი“  დაიწყო. სტუდენტური პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად ახორციელებენ.

12 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის "პლანეტა რიდმორის"-ის პრეზენტაცია ჩატარდა. პროექტი გაიხსნა გიორგი კეკელიძის საჯარო ლექციით "სამი აუცილებელი ნივთი".
ღონისძიებაზე ონლაინ მინი კონკურსის „სამი აუცილებელი ნივთი“ გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ, რომელთაც გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ სპეციალური პრიზები გადასცეს.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

კონკურსში ჩართვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გამომცემლობის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს - 1000 ლარს მიიღებს.

კონკურსის ინიციატორები და მონაწილეები ასე ხსნიან მის იდეას და მონაწილოების სურვილს:

გიორგი კეკელიძე:
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ტრადიციის სახეს იღებს და იმედს ვიტოვებ, დიდხანს გაგრძელედება. კარგია, ისიც რომ მის ფორმატი, ნიუნსურად, მაგრამ ყოველწლიურად იცვლება. წლევანდელი საწყისი გამოწვევა, მართლაც დამაინტირგებელი იყო - ძნელია სამი სამუდამო ნივთის გამორჩევა, რომელსაც ამ ახალ პლანეტაზე წაიღებდი. არც ამ შერჩეული წიგნების წაკითხვაა ადვილი, სტუდენტური დროის გათვალისწინებით, მაგრამ მონაწილე ახალგაზრდები მოტივირებული ჩანან. მინდა მათ, გამომცემლობას, უნივერსიტეტსა და პროექტს წარმტება ვუსურვო.

ნინო კალანდია, თსუ პროექტების მენეჯერი :
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტურ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. შემეცნებითი პროექტის „პლანეტა რიდმორი“ იდეა სტუდენტებს ეკუთვნით, რომლებმაც აღნიშნული პროექტი ერთ-ერთ კონკურსში წარადგინეს.
 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტების გუნდმა იდეა მოიწონა და მის განხორციელებას შეუდგა, მოვიძიეთ პარტნიორი და იდეას კონკრეტული პროექტის სახე მივეცით. პროექტი თბილისის სახელმწუფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2014 წლიდან დაიგეგმა და მასში უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები ჩაერთნენ.
წელს კონკურსი სტუდენტების წინაშე ახალი სახელით და კონცეფციით წარდგა. კონკურსის პარტნიორია გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, რომელმაც თავისი ფანტასტიკური ელფერი შესძინა კონკურსს. კონკურსი წარმატებით დავიწყეთ პრეკამპანიით, რომელიც გულისხმობდა მინი კონკურსს ყველა დაინტერესებული სტუდენტისათვის. კონკურსანტებს უნდა დაესახელებინათ, რომელ სამ აუცილებელ ნივთ წაიღებდნენ ახლად აღმოჩენილ პლანეტაზე და მოეფიქრებინათ ამ ნივთების საინტერესო აღწერა. მინი კონკურსში 200-მდე სტიდენტი ჩაერთო და ძალიან სახალისო, საინტერესო და სათავგადასავლო წერილები მივიღეთ. გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომელსაც სპეციალური პრიზები გადავეცით. შემდგომ დაიწყო ძირითადი კონკურსი, რომელშიც ამჟამად 500 კონკურსანტია დარეგისტრირებული, ყველა სტუდენტს  აქვს საშუალება ჩაერთოს კონკურსში მეოთხე ტურის ჩათვლით და აღადგინოს გაცდენილი ტესტები მოგვიანებით. ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი მონაწილე მოვიზიდოთ და ყველას მივცეთ შანსი მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში.
წინა წლების მოთხოვნის გათვალისწინებით წელს ტესტირებისთვის ჩავნიშნეთ ორი ლოკაცია, კონკურსანტები სურვილისამებრ ტესტებს დაწერენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და მაღლივ კორპუსში. ყველა ტურში გამოვლინდება ტურის ლიდერი, რომელიც დასაჩუქრდება სერტიფიკატითა და პრიზებით. კონკურსის პარალელურად, კი ინტერნეტ სივრცეში გვექნება ონლაინ ვიქტორინა საკონკურსო წიგნებზე, რომელიც მონაწილეებს მისცემს საშუალებას  მოიპოვონ დამატებითი 2 ქულა.
ჩვენი კონკურსის სლოგანია „ახალი სამყაროები“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს ვთავაზობთ ჩაერთონ კითხვის მარათონში დამხატვრული ლიტერატურის დახმარებით აღმოაჩინონ ახალი სამყაროები.

დეა ფანცულაია, სამართლის ფაკულტეტი, მე-2 კურსი ,პროექტის მონაწილე:
ამ პროექტში უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას. შარშან სოციალური ქსელის საშუალებით შევიტყვე მის შესახებ და იქიდან გამომგინარე, რომ ლიტერატურა ძალიან მიყვარს მთელი 10 ტური ენთუაზიამით და მონდომებულად ვკითხულობდი შერჩეულ წიგნებს. ვფიქრობ, „პლანეტა რიდმორი“ ძალიან საინტერესო შემეცნებითი პროექტია იმ სტუდენტებისთვის ვისაც კითხვა უყვარს, ამავდროულად კარგია პროფესიული ლიტერატურის კითხვას ცოტახნით მაინც მოწყდე და მწერლის შექმნილი პერსონაჟების ბედზე ინერვიულო. პროექტში მომწონს ტესტირების ფორმატი, კითხვებიდან გამომდინარე წიგნის ზედაპიულად წაკითხვა საკმარისი არაა და შესაბამისად მაქსიმაურად ყურადღებით უნდა იკითხო და ჩაუღრმავდე. ხოლო პირველი წიგნი, ‘‘ყვავილები ელჯერნონითვის“ ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური წიგნია, რაც წამიკითხავს და დარწმუნებული ვარ ასეთი სასტარტო დავალების შემდგომი ტურებც არანაკლებ საინტერესო იქნება.

ნათია ხვიჩია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, მე-2 კურსი , პროექტის მონაწილე:
პლანეტა ,,რიდმორის’’ შესახებ დაწვრილებით მეგობრებისგან გავიგე, მანამდე მხოლოდ უმნიშვნელო ინფორმაციას ვფლობდი. გაგებისთანავე გამიჩნდა სურვილი ჩავრთულიყავი ამ კონკურსში. ჩემთვის წიგნების კითხვა ძალიან სასიამოვნო პროცესია, შეიძლება ითქვას განტვირთვაცაა. მოხარული ვარ ასეთ კონკურსში, რომ ვიღებ მონაწილეობას, რადგან ვფიქრობ, რომ მისი მეშვეობით შემეძლება ჩემი ცოდნა უფრო გავიღრმავო, გავეცნო იმ ავტორების ნაშრომებს, რომლებიც შეიძლებოდა საერთოდ არ წამეკითხა. მეორე საკონკურსო ტურის წიგნის სახელწოდება, როდესაც გავიგე მივხვდი, რომ პლანეტა ,,რიდმორი’’ სხვადასხვა ტურის მეშვეობით განსხვავებული ჟანრის წიგნები წაკითხვის საშუალებას მომცემს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხედავ კონკურსში მონაწილეობის ამდენ მსურველს, მართალია ამით კონკურენცია იზრდება, თუმცა ვთვლი, რომ ეს კონკურსი არ არის მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული. სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ პრიზების ჩამონათვალით, ჩემთვის აზარტული იყო ის ფაქტი, რომ თითო კვირას ახალ წიგნს გავეცნობოდი, არ იქნებოდა ეს ჩემ მიერ დაგეგმილი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან სასიხარულო იქნება, კიდევ თუ იარსებებს წიგნიერების დონის აასამაღლებლად ისეთი კონკურსები, როგორიცაა პლანეტა ,,რიდმორი’’.
სხვა სტატიები »