ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტური პროექტი “პლანეტა რიდმორი“ დაიწყო

სტუდენტური პროექტი “პლანეტა რიდმორი“ დაიწყო
12 აპრილი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის "პლანეტა რიდმორის"-ის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი გიორგი კეკელიძის საჯარო ლექციით "სამი აუცილებელი ნივთი" გაიხსნა.

ღონისძიებაზე ონლაინ მინი კონკურსის „სამი აუცილებელი ნივთი“ სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც თსუ-მ და გამომცემლობამ „ წიგნები ბათუმში“ სპეციალური პრიზები გადასცა. მინი კონკურსი გულისხმობდა ახლად აღმოჩენილ პლანეტაზე წასაღები სამი აუცილებელი ნივთის და მისი ორიგინალური აღწერის მოფიქრებას.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს, რომელიც კონკურსის სახით იმართება. ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას არა მხოლოდ წიგნების წაიკითხვის კუთხით, არამედ გააზრების მხრივაც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის პარტნიორსა და თანაორგანიზატორს, გამომცემლობას ,,წიგნები ბათუმში’’.

"ლიტერატურული პროექტი ათი კვირის განმავლობაში გაიმართება. სტუდენტებს თითო კვირას თითო წიგნის წაკითხვა მოუწევთ, კვირის ბოლოს კი ტესტების წერა.  გამარჯვებულს პრიზის სახით ათასი ლარი გადაეცემა. დღეს კი გამოვავლინეთ მინი კონკურსის ,,სამი აუცილებელი ნივთი’’ გამარჯვებულები, რომლებსაც გამომცემლობამ ,,წიგნები ბათუმში’’ გადასცა წიგნები. დღესვე დავაანონსეთ პროექტის პირველი წიგნი - დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“,- აღნიშნა გამომცემლობა ,,წიგნები ბათუმში’’ წარმომადგენელმა მარიამ კორინთელმა. 

სტუდენტური პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. კონკურსში ჩართვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გამომცემლობის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს - 1000 ლარს მიიღებს.
სხვა სტატიები »