ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ გამარჯვებულები

ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ გამარჯვებულები
30 ნოემბერი, 2015
"შემოდგომის ლეგენდა 2015"-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია: პირველი ადგილი _ ანი გიგაშვილი; მეორე ადგილი _ მარიამ ჭუმბურიძე; მესამე ადგილი _ ბექა ბერაძე. გასული თვის მიწურულს კახეთში, ილიას ტბაზე მდებარე ქართულ შატოში „როიალ ბატონი“ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2015“ იმპროვიზაციული ტური გაიმართა.

10 ფინალისტი შიდაშესარჩევმა ჟიურიმ გამოავლინა. ფინალისტები იმპროვიზაციულ ტურში ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე, 12 საათის განმავლობაში ახალ ნაშრომებს ქმნიდნენ. ფინალისტთა შორის თბილისის სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები იყვნენ.

კონკურსის წლევანდელი თემა წარმოსახვითი ქალაქი და 10 პერსონაჟი (ბიბლიოთეკარი, პოლიციელი, მკერავი, საპატიო ყარაული, მძღოლი, მკითხავი, მზარეული, ქალაქის მერი, მეეზოვე, აზარტული მოთამაშე) იყო. ფინალისტებმა ერთ-ერთი მათგანი შემთხვევითობის პრინციპით აირჩიეს. მათ უნდა დაეწერათ თხზულება, რომლის სიუჟეტიც ქალაქში ვითარდება.

წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულს დასაწერად მკერავის პერსონაჟი შეხვდა. „კედლებზე დარჩენილი ამბავი” - ასე ჰქვია ანი გიგაშვილის სალიტერატურო ნაშრომს, რომელიც მან, კონკურსის პირობების შესაბამისად, თორმეტი საათის განმავლობაში დაწერა. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი, შესაბამისად _ 700 და 500 ლარი გადაეცათ. წელს ლიტერატურული ჟიური 6 წევრისგან შედგებოდა: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, ტორესა მოსი, მწერალი და გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელია და შარშანდელი გამარჯვებული ქეთი მეფარიძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია ჯეოსელის ერთობლივი პროექტი _ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეშვიდედ გაიმართა. მასში მონაწილეობის მიღების საშუალება საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს აქვს.

ძირითადი კონკურსის პარალელურად ყველა მსურველს უკვე მესამედ ჰქონდა შესაძლებლობა ჩართულიყო ონლაინ ლიტერატურულ მარათონში. კონკურსში 439 კონკურსანტი დარეგისტრირდა. "ჯეოსელის" სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დარეგისტრირებული კონკურსანტები ფინალისტებისთვის მიცემულ თემაზე თავადაც ქმნიდნენ ახალ ნაშრომს.

მარათონის გამარჯვებული თამთა ქამუშაძე გახლდა, რომელმაც შექმნა ნაშრომი „ცილის ჯილა“. იგი ჯეოსელმა სასტუმრო „როიალ ბატონის“ ორდღიანი საგზურით დააჯილდოვა.

კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერია ბეჭდური და ონლაინ გამოცემა "ლიბერალი", რომელიც გამარჯვებული ავტორის ნაშრომს გამოაქვეყნებს.
სხვა სტატიები »